ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერი #10(70), რომელშიც წაიკითხავთ:

ლოდსატყორცნები გონიოში / მომავალი წლიდან რომაული ბანაკის სტუმრები კატაპულტიდან გაისვრიან კიდეც

გონიოში ძველებური ქვის სატყორცნი მანქანები დგას - ტურისტსა და დამსვენებელს გონიოს მუზეუმში ახლად დამზადებული სამი მრისხანე იარაღი ხვდება. ჩვენ ვესაუბრეთ სპეციალისტებს, ვინც ამ იარაღის "ბიოგრაფიის" შესწავლასა და შემდეგ მის აღდგენაში მონაწილეობდა.

დაზუსტებით არ არის ცნობილი, საქართველოში როდიდან ჩანს საალყო იარაღის, კატაპულტის კვალი... ისტორიკოსთა ერთი ვერსიით, საალყო საბრძოლო მანქანას რომაელები იყენებდნენ ალანების შესაკავებლად. არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვითაც ამ იარაღს რომაელებამდე, ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ბერძნები იყენებდნენ. არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ კატაპულტის მსგავს საბრძოლო მანქანებს უფრო ძველადაც, ძვ.წ. IX საუკუნეშიც კი იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში.

ნიკო დადიანის წარდგენა ბულგარეთის მეფედ / რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ 1886 წელს ქართველი უფლისწული ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად წარადგინა

2007 წელს ბულგარეთში მეცნიერთა ჯგუფმა (გიორგი კალანდია, თამარ ნატროშვილი, ბუბა კუდავა, თამარ გეგია, ლიკა მამაცაშვილი) სამეცნიერო ექსპედიცია მოვაწყვეთ. სხვა საკითხებთან ერთად, ამ სტრიქონების ავტორისთვის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიაში ნაკლებად ცნობილი მოვლენის შესწავლა იყო, რომელმაც ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ ბულგარეთში გამგზავრებამდე მიიქცია. 1886 წელს საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გახმიანდა, ამის მიზეზი კი სამეგრელოს ახალგაზრდა და უკვე სახელმოხვეჭილი უფლისწული, ნიკო დავითის ძე დადიანი გახდა.

ქართული გაზეთები ერთიმეორის მიყოლებით აქვეყნებდნენ სენსაციურ ცნობას, რომელიც თავად რუსეთის იმპერატორისგან მოდიოდა: ალექსანდრე II-მ ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად ნიკო დადიანი წარადგინა.

ტაო-კლარჯეთი / აღმოჩენები ხახულის მონასტერთან

ისტორიული ტაოს სამონასტრო ცხოვრებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი მძლავრი კერა, ხახულის მონასტერი, დღეს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული (ერზრუმი, თორთუმის მხარე). მონასტრის მთავარ ტაძარში ამჟამად მეჩეთი მოქმედებს. თუმცა ხახულის მონასტრის არქიტექტურისა და ისტორიული მნიშვნელობის მიმართ ინტერესი დიდია და ყოველ წელს აქ უამრავი ტურისტული ჯგუფი ჩამოდის როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდანაც.

ხახულის მონასტერთან მასიური ქვებით ნაშენები დიდი ნაგებობა 2016 წლის 14 აგვისტოს აღმოვაჩინეთ. საექსპედიციო ჯგუფის პირველადი ვარაუდით, ნაგებობა ხახულის მონასტრის სატრაპეზო ან სკრიპტორიუმი უნდა იყოს, რომლის არსებობა დღემდე ცნობილი არ ყოფილა. იმავე დღეს, ჯგუფმა ხახულის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ზომის უცნობი ციხეც დააფიქსირა, რომლის შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 6 მეტრამდეა...

ქართულ-ბალტიური კავშირებ. რომან სუტა საქართველოში / რატომ გაერთიანდა ლატვიელი მხატვარი ორგანიზაციაში "თეთრი გიორგი"

ამ ცოტა ხნის წინ, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმში ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ვერცხლის საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა. 5-ევროიანი მონეტა მიეძღვნა გასული საუკუნის 20-იან წლებში რიგაში არსებულ ფაიფურისა და ქაშანურის მომხატველ სახელოსნოს "ბალტარსს". მონეტის ერთ მხარეს აღბეჭდილია სახელოსნოს საფირმო ნიშანი, ხოლო მეორე მხარეს - ნახატი "ცეკვა", რომლის ავტორია გამოჩენილი ლატვიელი მხატვარი, დიზაინერი და პედაგოგი რომან სუტა (1896-1944).

საყურადღებოა, რომ მხატვარმა, რომელსაც წლეულს დაბადებიდან 120 წლისთავი შეუსრულდა, ცხოვრების უკანასკნელი წლები საქართველოში გაატარა.

ოლიმპიური თამაშები / რიო-2016 და საქართველო

1952 წელს ქართველმა სპორტსმენებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიადაში და ჰელსინკიდან ორი ოქროც ჩამოიტანეს. ისტორიული იყო ჩვენი ქვეყნისთვის 1992 წლის ბარსელონის თამაშებიც, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გავედით ოლიმპიადაზე, თუმცა პოსტსაბჭოელებთან ერთად, გაერთიანებული გუნდის სახელით ვიასპარეზეთ. 2004 წელს კი პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი - ზურაბ ზვიადაურმა და გიორგი ასანიძემ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოიპოვეს ოქროს მედლები.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზეც ორი ოქრო მოვიგეთ, რასაც ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მივამატეთ. სხვა თამაშებში სამი ჩემპიონიც გვყოლია, უფრო მეტი მესამეადგილოსანიც, თუმცა 2016 წლის ოლიმპიადა ქართველთათვის მაინც ისტორიული მნიშვნელობისა გამოდგა - სწორედ იქ დაამყარა 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ათწლეულში დაუმხობელი მსოფლიოს რეკორდი.

დღეს რიოს თამაშები უკვე ისტორიაა, რომელზეც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვესაუბრება. იგი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრაზილიაში იყო და ჩვენს სპორტსმენებთან ერთად განიცდიდა წარმატების სიხარულსა თუ მარცხის სიმწარეს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რას მოგვითხრობს უძველესი კოდექსი

კერმა - დავიწყებული სამეფო

უცნობი ცივილიზაციის კვალი კვიპროსზე

როგორ იკვებებოდნენ პომპეიში

პალმირას თაღი ლონდონსა და ნიუ-იორკში

ქართველი მუსლიმი ბიჭუნას გზა ბათუმიდან ოსმალეთის მინისტრობამდე / თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

ნიკორწმინდა - 1000 / 10 საუკუნის ტაძარი ახალ მრევლს ელოდება

საუკუნოვან ქართულ სკოლას მოსწავლეები აკლდება / სიცოცხლის რისკის ფასად შენარჩუნებული სკოლის მიმართ ვლადიკავკაზელი ქართველებიც და ოსებიც ინტერესს კარგავენ...

ზულუს სამეფოს აღზევება და დაცემა. წერილი II. დასასრული

"ეს კედლები განუმტკიცეს" / ორთავიანი არწივი რუსეთის სამეფო გერბზე პალეოლოგების საგვარეულო გერბიდან გადაიღეს

ახალი რუსეთის დაბადება ნავთობიდან / "კრემლის ლაშქარი" - თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

ფოტოალბომი გაიცანი საქართველო / აფხაზეთი გაღმით - "მომაგებე მშობლიური მიწა"

გასაბჭოება "ყოყმანით" / 1944 წლის 9 სექტემბრის პრორუსული გადატრიალება ბულგარეთში

ქართული ექსპონატები მსოფლიო მნიშვნელობის ვირტუალურ სივრცეშია

მსოფლიოში ცნობილი ნაგებობები / გლოსტერის კათედრალი

ილუსტრირებული ისტორია / ილია ჭავჭავაძე

ცხოვრება. "ეს ხომ ის არის - ნიკოლშოუს ბიჭების მამაო..." / "ქრისტიან-თეატრალის" გულწრფელი ისტორია

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში. გაგრძელება

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს