"ასეთი საზიზღარი მამიდა ერთი არსებობდა და იმედი მაქვს, მეტი აღარ იქნება"

"ასეთი საზიზღარი მამიდა ერთი არსებობდა და იმედი მაქვს, მეტი აღარ იქნება"

...ცოტა მსუქანი, წელში მოხრილი და გადაბმულწარბებიანი ქალი ეზოში ზის და ბავშვებს ხმაურიან თამაშს უკრძალავს, ცელქებს სათამაშოებს ართმევს, ბიჭებს ბურთს უჭრის, გოგონებს თოჯინები დაუმალა. ამბობენ, ნამცხვარსა და შოკოლადს ღამ-ღამობით მარტო ჭამს, რომ ძმიშვილმა თვალი არ მოჰკრასო... ეს საშინელი არსება 12 წლის გოგონას მამიდაა, ყველაზე საზიზღარი მამიდა ამქვეყნად, რომელიც ძმიშვილს მულტფილმების ნაცვლად პოლიტიკურ შოუს აყურებინებს, შემწვარი კარტოფილის ნაცვლად ცეცხლივით მწარე ყაურმას აჭმევს, ბნელ სარდაფში კეტავს ჭკუის სასწავლებლად, აშიმშილებს და სკოლის დირექტორს ატყუებს, ბავშვი ავადაა და სკოლაში ამიტომ ვერ დადისო... ამ მამიდას ერთადერთი ნატვრა აქვს - ობოლი ძმისშვილი რამენაირად თავიდან მოიშოროს და მის სახლ-კარს დაეპატრონოს.

ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია, არა? თუმცა თუ გეტყვით, რა სისასტიკე აქვს ამ ქალს ოდესღაც საკუთარი ძმების მიმართ გამოჩენილი, აღარ გაგიკვირდებათ, რატომ ექცევა ასე არაადამიანურად ძმიშვილს. ბავშვობაში ძმებს ისეთ იონებს უწყობდა, ბევრს ფანტაზიაც ერ ეყოფოდა ამის წარმოსადგენად. თუმცა გამოჩნდა ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი აღწერა და ისიც მოახერხა, ეს შემზარავი ამბავი სხარტი და იუმორნარევი ტონით მოეთხრო, თანაც ისე ოსტატურად, რომ მილიონობით ადამიანი მოეხიბლა. დიახ, ყველაზე საშინელი ისტორიაც კი, სადაც სიკეთე ყოველთვის ჯობნის ბოროტებას და საბოლოოდ მშვიდობიანად სრულდება, მერე საინტერესო ამბად იქცევა ხოლმე. მითუმეტეს, როცა ამ ამბავში დიდი მეგობრობა, ურთიერთთანაგრძნობა და დიდსულოვნებაც მონაწილეობს, თანაც თუ მთხრობელი არ დაიზარებს და ნაამბობს ჩანახატებსაც დაურთავს. სწორედ ეს ჩანახატები აცოცხლებს და უფრო ნათლად წარმოგიდგენთ ამბავს, რომელიც ერთ ძველ და მდიდრულ სახლში მოხდა.

ეს კი მამიდას ოინებია, რომლებსაც ბავშვობაში საბრალო ძმას უწყობდა

...ეს ისტორია სინამდვილეში მწერალ დევიდ უოლიამსის საბავშვო ბესთსელერია, რომელმაც საბავშვო წიგნებში გაყიდვების რეკორდი მოხსნა. სასიამოვნო საკითხავი, თუმცა დამაფიქრებელი ისტორიაა, რომელიც ბავშვს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რამხელა უპირატესობა აქვს განათლებულ, დიდსულოვან, კარგად აღზრდილ ადამიანს გულქვა, ანგარებიან და გულბოროტ ადამიანთან შედარებით. ეს სინამდვილეში კეთილი ადამიანების ამბავია, რომლებსაც ბოროტი არსების გვერდით მოუხდათ ცხოვრება.

ეს თანაგრძნობის, თავგანწირვის, მიზნისკენ სწრაფვის ისტორიაა, რომელიც პატარა მკითხველს ბევრ მნიშვნელოვან დასკვნას გააკეთებინებს.

"საძაგელი მამიდა" უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და 8-12 წლის ასაკის მკითხველს ელის. თუ ამ ასაკის ბავშვისთვის ისეთ წიგნს ეძებთ, რომლის წაკითხვა არ დაეზარება, "საძაგელი მამიდა" ნამდვილად სწორი არჩევანია. ილუსტრაციებით გაცოცხლებული და იუმორით მოთხრობილი ამბავი ახალბედა მკითხველის "ჩასათრევად" ნამდვილად გამოდგება. ჩვენი შვილების დაინტერესება ხომ იოლი საქმე არ გახლავთ. იქნებ ეს ბრიტანელმა მწერალმა დევიდ უოლიამსმა შეძლოს, რომელსაც უკვე 4 მილიონზე მეტი წიგნი აქვს გაყიდული...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს