ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი #11(71), რომელშიც წაიკითხავთ:

როგორ აქციეს ბერძნებმა აბაშიძეთა სავანე "აბაშთა კუთვნილებად" / მიჩქმალული ქართული კვალი იერუსალიმში (წმინდა აბრაამის მონასტერი)

წმინდა აბრაამ მამამთავრის მონასტრის სამსართულიანი შენობა ქრისტეს საფლავის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. ბერძნულ ტრადიციას თუ ვენდობით, აბრაამის მონასტერი მათ ხელში თითქოს ეთიოპიელთაგან გადავიდა 1660 თუ 1668 წელს, როცა დაგროვილი დავალიანების მიზეზით ამ უკანასკნელებმა იგი იძულებით დათმეს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიან ეთიოპიელთა არც ზეპირსიტყვიერ გადმოცემებში და არც წერილობით წყაროებში არსად არ არის ნახსენები აბრაამის მონასტერი, როგორც მათი ყოფილი სავანე. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთ საკმარისი მასალა არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ამ მონასტრის დაარსების სათავეებთან ქართველები იდგნენ. და რაც უფრო საგულისხმოა, თვით ბერძნულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებით მტკიცდება, რომ XVII საუკუნეში ეს სავანე ქართველთა უცილობელ საკუთრებას წარმოადგენდა... რაკიღა წმინდა აბრაამ მამამთავრის მონასტერი, როგორც გავარკვიეთ, აბაშიძეთა წარჩინებული გვარის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ქართული სავანე იყო, ადგილობრივ მას შეიძლება ასეც მოიხსენიებდნენ - აბაშიძეთა მონასტრად, რაც შემდგომში ბერძნულ ზეპირ გადმოცემაში შეცდომით აბაშების (იგივე აბისინიელთა ანუ ეთიოპიელთა) კუთვნილ მონასტრად ტრანსფორმირდა. «აბაშნი», ასე ეძახდნენ ეთიოპიელებს ძველ საქართველოში. «ჰაბაშ», ასე უწოდებენ არაბები მათ დღესაც.

«ტაძრის ხალხი» - ჯონსტაუნის ტრაგედია / XX საუკუნის 70-იან წლებში მასობრივმა თვითმკვლელობამ მსოფლიო შეძრა

აშშ-ში უამრავი სექტა არსებობდა და არსებობს, თუმცა «ტაძრის ხალხის» ისტორია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სექტანტურ გაერთიანებას ხშირად უდგას სათავეში ფანატიკოსი პიროვნება, რომელიც ზემოქმედებს მასებზე, იყენებს მათ საკუთარი იდეების პროპაგანდისთვის და აკვიატებული იდეებიც აქვს. სწორედ ასეთი ადამიანი გახლდათ ჯიმ ჯონსიც. «ტაძრის ხალხის» ლიდერი ქარიზმატული გახლდათ. იზიარებდა სოციალისტურ იდეებს და ხშირად აცხადებდა, რომ ამერიკული კაპიტალიზმი მსოფლიოში არაჯანსაღ ბალანსს ქმნიდა. ქადაგებდა სოციალიზმის უპირატესობას კაპიტალიზმზე და მისი სახარება კომუნიზმი ხდებოდა. ...ჯონსის თქმით, დადგა დრო, მას და სექტის წევრებს მოეხდინათ «რევოლუციური აქტი» - თვითმკვლელობა. ჯიმის თეორია იყო ასეთი: მას და მის მიმდევრებს შეუძლიათ შევიდნენ ისტორიაში იმით, რომ საბოლოოდ თქვეს უარი კაპიტალიზმზე და არჩიეს სიკვდილი სოციალიზმისთვის. ჯიმის ჩაგონებით, ჯონსტაუნის მცხოვრებლებმა საწამლავით თვითმკვლელობა აირჩიეს. 1978 წლის 18 ნოემბერს 912 ადამიანი დაიღუპა. ჯონსტაუნის ტრაგედია ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური თვითმკვლელობა. მომხდარი აშშ-ის ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიად მიიჩნევა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან ერთად. «ტაძრის ხალხის» სექტამ ამერიკის ისტორიაში შემზარავი კვალი დატოვა.

სტალინის ორეული - ფელიქს დადაევი

ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს «ტყუპისცალი» ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დადაევი სიკვდილის შიშით ჩუმად იყო. მხოლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მიუკაკუნა და მმართველი რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, ავტობიოგრაფიული წიგნი «ნაირგვარი სამყარო» დაწერა. ავტორი წლების შემდეგ ამხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტალინის ოთხი ორეულიდან. დადაევი თავდაუზოგავად შრომობდა, ხშირად ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობითაც, - სწავლობდა ბელადის სიარულის, მეტყველების, ქცევის მანერებს. დაიწყო ბელადის საფირმო ნიშნის - წითელი არმიის ქუდისა და მედლებით დამძიმებული სამხედრო ფორმის ტარება. დადაევი იხსენებს შემთხვევას, როცა მას პირველად მოუწია სტალინის განსახიერებამ ბელადის უახლოეს გარემოცვასთან...

ჰაფეზ ალ-ასადი თბილისში

სირია დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია. ამ ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო, როცა ოპოზიციური ძალები ასადის საგვარეულოს მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ასადების გვარი სირიას გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მართავს. 1970 წელს ჰაფეზ ალ-ასადმა მოახერხა მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია, ქვეყანაში სტაბილური ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და შემდეგ ასპარეზი შვილს - ბაშარს დაუთმო. საინტერესოა, რომ 1977 წელს მოეწყო ჰაფეზ ალ-ასადის ვიზიტი საბჭოა კავშირში, რომლის ფარგლებშიც სირიის პრეზიდენტი საქართველოს დედაქალაქში იმყოფებოდა.

«ცხრა ღირსეული» / რაინდობის სიმბოლო შუა საუკუნეების ევროპაში

«ცხრა ღირსეული» არის ცხრა ისტორიული, ბიბლიური და ლეგენდარული პერსონაჟის კრებული, რომელთაც რაინდობის იდეალურ მაგალითებად მიიჩნევდნენ შუა საუკუნეებში. ყველა მათგანს მოიხსენიებდნენ როგორც პრინცებს, მთავრებს, იმის მიუხედავად, სინამდვილეში რა ტიტულებს ატარებდნენ. ფრანგები მათ მოიხსენიებდნენ როგორც «ცხრა ვაჟკაცს». ისინი იყვნენ სიმბოლოები არა მხოლოდ ჯარისკაცული სიმამაცისა და კარგი მხედართმთავრობისა, არამედ რაინდული მორალისაც. «ცხრა ღირსეულში» სამი «კარგი» წარმართია: ჰექტორი, ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი; სამი «კარგი» ებრაელი: ისუ (იესო) ნავეს ძე, დავითი და იუდა მაკაბელი და სამი «კარგი» ქრისტიანი: მეფე ართური, კარლოს დიდი და გოდფრუა დე ბუიონი...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

პოლონეთში ნაცისტების დროის კაფსულა იპოვეს

მარიხუანას 2500 წლის წინაც მოიხმარდნენ?

ტერაკოტის არმია ძველმა ბერძნებმა შექმნეს?

უძველესი რომაული ღმერთები პეტრადან

ქართველები ბალტიისპირეთში მეორე მსოფლიო ომის დროს

სამეგრელოს დედოფლის ესპანური მარაო / ეკატერინე ჭავჭავაძის მარაოსა და ესპანელი ელჩის უიღბლო სიყვარულის ამბავი

პოლონეთის კონტრადმირალი იეჟი თუმანიშვილი

ვინა თქვა თუშთა დალევა!.. / ომალოს სიძველეთსაცავებში, თუშური ამბების თანხლებით (რეპორტაჟი I)

აფხაზეთის ომის ექო / «მივხვდი, უსულო იყო ჩემი ეზო...»

ძველი შუამდინარეთი / სკოლა შუმერში

ოლიგარქის «გადაგდება» - როგორ მიჭირხნეს ბერეზოვსკი / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

ფოტოალბომი გაიცანი საქართველო / აღმოაჩინე თბილისი

სადაზვერვო თამაშები, დიდი მწერალი - აგენტი უნებლიეთ?! / ვილის ლაცისის ტრაგედია

ქართული ძეგლები. ნინოწმინდა / მცხეთის ჯვრის ბრწყინვალე წინამორბედი კახეთში

ილუსტრირებული ისტორია / ბრძოლის საუკუნე

ცხოვრება / გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმების საგანძური

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს