განაახლე წიგნების თარო, შეინარჩუნე გარემო

განაახლე წიგნების თარო, შეინარჩუნე გარემო

"პალიტა L"- ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი "მაკულიტერატურა" საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო ბიბლიოთეკას უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ძველი, უსარგებლო და არაღირებული წიგნები ახალ, მსოფლიო კლასიკად ქცეულ თუ თანამედროვე ლიტერატურაში გადაცვალოს. ამ მართლაც მასშტაბური შემოთავაზებით უკვე ისარგებლა რამდენიმე საჯარო ბიბლიოთეკამ და ე.წ. ჩამოწერილი წიგნების ნაცვლად, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ლიტერატურის უზარმაზარი ჩამონათვალიდან სასურველი წიგნებიც მიიღო.

როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი აღნიშნავს, პროექტი "მაკულიტერატურა" საჯარო ბიბლიოთეკების გადახალისების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

- ხშირად მიფიქრია, რომ დრო, რომელიც მუდმივი გამოცდაა ნებისმიერი ღირებულებისა თუ სფეროსი, ვერ ცვლის ისეთ ცნებას, რასაც "ბიბლიოთეკა" ჰქვია. ამ მხრივ მხოლოდ იცვლება მოთხოვნა და დამოკიდებულება წიგნის მიმართ. ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში საჯარო ბიბლიოთეკების ქსელმა, გლობალური გამოწვევებისა და შიდა პრობლემების გამო, თითქმის დაკარგა ინფორმაციის მიმწოდებლის როლი. ბიბლიოთეკებმა თითქოს ვერ შეძლეს ადაპტირება განვითარებასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან. მათ წინაშე მუდმივად რჩებოდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა თანხის ნაკლებობა, ხელსაყრელი პირობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე გამოცემები, კვალიფიციური ადამიანური რესურსები, ვიზიტორები. თუმცა, მიუხედავად ამ სისუსტეებისა, ენთუზიასტებისა და ბიბლიოთეკის მოყვარულთა წყალობით, განვითარებას მაინც ვახერხებდით. ამ რთულ გზაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განსაკუთრებით გვეხმარებოდა. ვფიქრობ, "მაკულიტერატურის" ახალი პროგრამა საჯარო ბიბლიოთეკის გადახალისების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

- რატომ ფიქრობთ, რომ "მაკულიტერატურა" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საჯარო ბიბლიოთეკების განვითარების ეტაპზე?

- მოგეხსენებათ, ზოგიერთ ბიბლიოთეკაში ფონდიდან გარიცხული და ჩამოწერილი წიგნები წლების განმავლობაში ინახება. გვაქვს ფონდი, სადაც დაზიანებულ თუ უსარგებლო წიგნებს გადავცემთ. თუ ბიბლიოთეკებს მოძველებული, ჩამოსაწერი წიგნების ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობა ექნებათ, ეს რეალურად მოგვცემს შანსს ძველი და უსარგებლო წიგნები თანამედროვე ლიტერატურით ჩავანაცვლოთ და ბიბლიოთეკა მაქსიმალურად გავამდიდროთ. ეს მართლაც სახალხო პროექტია - განახლებული ბიბლიოთეკა ახალგაზრდებისთვისაც ყოველთვის ბევრად მიმზიდველად გამოიყურება, რაც განსაკუთრებით რეგიონებში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ, მსგავს პროექტებში ბიბლიოთეკები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ.

პროექტის უნიკალურ მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თინა ლომჯარიაც:

- პროექტი "მაკულიტერატურა" მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით საჯარო ბიბლიოთეკებისთვის, სადაც დიდი რაოდენობით უსარგებლო და ფიზიკურადაც დაზიანებული, ჩამოწერილი წიგნები ინახება. ეს აძლევს შანსს ბიბლიოთეკებს, რესურსი მაქსიმალურად განაახლონ და მკითხველსაც ახალი, თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. ამ პროექტის საშუალებით, პირველ რიგში, თავად ბიბლიოთეკა თავისუფლდება იმ ბალასტისაგან, რაც წლების განმავლობაში დაზიანებული და არაღირებული წიგნების სახით დააგროვა. არაერთი ასეთი ბიბლიოთეკაა საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ჩამოწერილი წიგნებისგან გათავისუფლება სჭირდება. მეტიც, ფონდებს, სადაც მსგავსი დაზიანებული ან უსარგებლო წიგნები დღემდე ინახება, ფართი უკვე აღარ ყოფნით - იდეოლოგიურად ძველი ლიტერატურა, რომელიც დღეს არავის აინტერესებს, ჩამოწერის შემდეგ სწორედ ფონდებში იგზავნება. შესაბამისად, მედია-ჰოლდინგის ეს წამოწყება ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.

ფონდების განახლება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ძველი, შინაარსობრივად მოძველებული და დაზიანებული ლიტერატურა გაირიცხოს და ახალი და თანამედროვე ლიტერატურით შეივსოს. ბუნებრივია, ჩვენ ყველა წიგნის თითო ეგზეპლარს მაინც ვინახავთ, თუმცა მასიურად იდეოლოგიურად მოძველებული წიგნების ბიბლიოთეკაში განთავსება ნამდვილად არ არის სწორი და მკითხველისთვისაც არაფერს წარმოადგენს. ამ მხრივ გარკვეული პროცედურებია გათვალისწინებული. ჩამოწერილი წიგნები ბუღალტერიამ უნდა აღრიცხოს, აქტები შეიქმნას, კომისიამ დეტალებიც განიხილოს და ბალანსიც შეიქმნას. როგორც ვიცი, რამდენიმე საჯარო ბიბლიოთეკამ ეს პროცედურა უკვე გაიარა და საკმაოდ კმაყოფილებიც არიან საკუთარი გადაწყვეტილებითა და განახლებული ლიტერატურით. რაც მთავარია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია მკითხველებისთვისაც - ლიტერატურის მოყვარულებს უნდა ჰქონდეთ წვდომა როგორც კლასიკად ქცეულ ლიტერატურასთან, ასევე თანამედროვე წიგნებთან.

პროექტის ფარგლებში გორისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკებმა უკვე 40 ტონაზე მეტი დაზიანებული წიგნი ჩააბარეს "მაკულიტერატურას" და შესაბამისად, ბიბლიოთეკის თაროები ახალი წიგნებით შეავსეს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს