ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომერი #12(72), რომელშიც წაიკითხავთ:

ერეკლე მეფის "საიდუმლო მასალები" / გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წინ პატარა კახი დასავლეთ ევროპისკენ გზის გაკვალვას ცდილობდა

ერეკლე II-ისა და მისი სამშობლოს შესახებ საყურადღებო ცნობები გამოვლინდა 2014-2016 წლებში ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანულ პრესასა და სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული, მცირე ნაწილი კი ირლანდიაში. ბრიტანული პერიოდიკა ქართლ-კახეთის მეფით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაინტერესდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. სწორედ ამ პერიოდში, 1749-1750 წლებში, პატარა კახმა ზედიზედ დაამარცხა ორი ძლევამოსილი სარდალი, ნადირ-შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად-ხანი და ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანი. ერეკლე მეფის გარშემო, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში საინფორმაციო ბუმიც კი ატყდა.

ეს ცნობები ახლებურად წარმოაჩენენ ერეკლე II-ის ურთიერთობებს ევროპის სახელმწიფოებთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ნაკლებად ხაზგასმული და ხშირად მიჩქმალული ფაქტები მეტყველებს, რომ ერეკლე გამორჩეულად ევროპული ორიენტაციის ლიდერი იყო. საქართველოს ისტორიაში ძნელია ვიპოვოთ მეორე ისეთივე მონარქი, ვისაც იმდენი კორესპონდენცია და ელჩი გაეგზავნოს ევროპაში, რამდენიც პატარა კახს. ეს განსაკუთრებით ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წინა პერიოდს. იმედგაცრუებული პატარა კახი ორჭოფობდა და ჩრდილოეთისთვის ზურგის შექცევას ცდილობდა, გამოსავალს კი დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა, თუმცა ამ დიპლომატიურ სვლებს რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებას უმალავდა. ქართველი მონარქი კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, ჩრდილოეთით მდებარე იმპერია გაღიზიანდებოდა.

ცხადია, ამ დროს არც რუსეთის ჯაშუშობა და დიპლომატია დაჯდებოდა გულხელდაკრეფილი... შესაძლოა ამიტომაც იგვიანებდა ერეკლეს წერილები ევროპაში, ზედიზედ იღუპებოდნენ საქართველოდან წარგზავნილი ელჩები...

წმინდა მიწაზე «შობილი» ქართული ქრისტიანული კალენდარი / რატომ ვერ შეიქმნებოდა ქართული ასომთავრული წინაქრისტიანულ პერიოდში

«ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანა ბუნებრივად აჩენდა საჭიროებას, რომ ყოველივე ძველს, წინაქრისტიანულს თვისობრივი განახლება განეცადა ქრისტიანული სწავლების მოთხოვნათა შესაბამისად. ამიერიდან ყველაფერი ქრისტიანული ეკლესიის მოთხოვნებსა და საჭიროებას უნდა დაქვემდებარებოდა. ამ მოთხოვნებში დიდი ადგილი ეჭირა კალენდარს.

ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და ცოდვილი სამყაროს აღსასრულის იდეა ადრექრისტიანული პერიოდის მორწმუნეთა რიგებში განსაკუთრებული სიმძაფრითა და ოპტიმიზმით აღიქმებოდა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ეს საერთო განწყობილება კანონზომიერად აისახა ქრისტიანული წელთაღრიცხვის იმ დროს ჩამოყალიბებულ სისტემებშიც.

ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა წარმოდგენილია 5604-წლიანი «დასაბამითგანისა» და 532-წლიანი ციკლებისგან შემდგარი «ქორონიკონის» ერთობლიობის სახით... ჩვენი წელთაღრიცხვით 396 ის წელიწადია, როცა კალენდრის შემქმნელები მეორედ მოსვლას ელოდნენ. ამ წლის დადგომას ქვეყნიერების დასასრული, ცხადია, არ მოჰყოლია... რაკიღა გაქარწყლდა ქართული წელთაღრიცხვის შემომღებთა ეს მოლოდინი, ერთხანს მივიწყებული «შეცთომილი წელთაღრიცხვა» საქართველოში მხოლოდ მომდევნო, მე-13 მოქცევის პერიოდში (780-1312 წწ.) გაიხსენეს და წმინდა ქრონოლოგიური დანიშნულებით აამოქმედეს...

ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან / ლაზიკის დიდი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის 21 წელიწადს გრძელდებოდა

ცხენისწყალთან, ანუ მდინარე ჰიპისთან ბრძოლა ლაზიკის ომის (541-562 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო. ბრძოლა იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ის საველე იყო და არა საალყო, ლაზიკის ომში კი ძირითადად სწორედ საალყო მოქმედებები მიმდინარეობდა ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ქალაქების გარშემო. საველე ბრძოლას განსხვავებული სპეციფიკა აქვს და ცხენისწყალთან ბრძოლაშიც, გვიანანტიკურ ხანაში გავრცელებული სხვადასხვა ტაქტიკური ხერხი გამოვლინდა. სპარსელთა ჯარის თითქმის 15-ათასიანი ნაწილის განადგურებას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ომის მსვლელობისა და ლაზეთის მომავალი ბედისთვის.

მაცხოვრის საფლავის ორსაუკუნოვანი მდუმარების დასასრული

იესო ქრისტე, ჯვარცმის შემდეგ, კლდეში გამოჭრილ ახალ აკლდამაში დაკრძალეს, რომელიც მაცხოვარს იოსებ არიმათიელმა დაუთმო (მათე 27:60). იმავე აკლდამაში მოხდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაც. IV საუკუნიდან ეს აკლდამა მოექცა მაცხოვრის საფლავის სამლოცველოში, აღდგომის ტაძარში. აქვეა კლდეში გამოჭრილი მაცხოვრის საცხედრე «თარო» და იმ ქვის ნაწილი, რომელიც თავის დროზე გამოქვაბულის შესასვლელს კეტავდა...

წლეულს კი აღდგომის ტაძარში წარმოდგენილი კონფესიები შეთანხმდნენ წმინდა საფლავის სამლოცველოს რესტავრაციაზე, რომლის დროს გადაწყდა წმინდა საფლავის გახსნაც. რესტავრატორებმა 26 ოქტომბერს ლუსკუმის თავსაფარი მარმარილოს ქვა მოხსნეს, რომლის ქვეშაც გამოჩნდა საკმაოდ შემოძარცული, ოდესღაც მასიური ქვის ფილის მოზრდილი ფრაგმენტი, ჯვაროსნების დროს ზედ ამოკვეთილი ჯვრებით. მის ქვეშ კი გამოჩნდა ის პირველადი კირქვის ფენა, რომელზეც თვით ჯვარცმული მაცხოვარი ესვენა სამი დღის განმავლობაში. რესტავრატორებმა გამოავლინეს სამარხი აკლდამის გვერდითი კედლების ფრაგმენტიც. ამ აღმოჩენამ გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი მაცხოვრის საფლავის იდენტიფიცირების საკითხზე. გახსნილ საფლავში ნანახმა «მასალამ» კიდევ ერთხელ დაარწმუნა სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები, რომ საეკლესიო ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში არ ცდებოდა და რომ ჯვარცმული იესო ქრისტეს საფლავი სწორედ აქ, აღდგომის ტაძრის შუაგულში, კუვუკლიის კედლებს შორის იყო და არის მოქცეული.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ფრანგები მეფე შარლ X-ის «დაბრუნებას» მოითხოვენ

გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლისაა?!

«ბინძური დრაკონი» ჩინეთში / ფრთოსანი დინოზავრი გაქვავებული აღმოჩნდა

ქვის ხანის ხელოვნება ბასკეთიდან

ცხავატის ცეცხლიჯვრის საიდუმლო / რას მოგვითხრობენ სალოცავის მიდამოებში აღმოჩენილი ძველებური მონეტები

ვარძიის «ცრემლები» / ძეგლის დაზიანების შემთხვევაში კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება უნდა არსებობდეს

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები / თუშის გზა (რეპორტაჟი II)

ქართველები საზღვარგარეთ / სიმონ ზაზაძე: «მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ, ამის მეტი არაფერი ვიცი»

ძველი მითები ახალ რუსეთში / როგორ შუქდება საქართველოს ისტორიის ეპიზოდები თანამედროვე რუსულ საისტორიო სახელმძღვანელოში

ინტერვიუ. «მხატვარს ზერელედ უყურებენ...» / «კარიკატურისტების კონკურსი, გაჩაღებული ომის დროს, ერაყშიც კი იმართებოდა»

ბოლივარის კონტინენტი / სამხრეთ ამერიკაში კოლონიური იმპერია ესპანელთა მხრიდან ესპანელებისვე ჩაგვრამ დაანგრია

ახალი ანდროპოვი / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

სადაზვერვო თამაშები, დიდი მწერალი - აგენტი უნებლიეთ?! / ვილის ლაცისის ტრაგედია (ნაწილი II)

მსოფლიოში ცნობილი ტაძრები. სანტა მარია დელ ფიორე / ფლორენციის ყვავილი

ილუსტრირებული ისტორია / სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ცხოვრება / გია ბურჯანაძე: «რაც მიყვარდა, იგივე მიყვარს»

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში. გაგრძელება

ოსმალეთის ქართველები. ოსმალეთის ფლოტის ქართველი ოთხგზის სარდალი / თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს