ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” იანვრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” იანვრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” იანვრის ნომერი #1(73), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართული შესამოსელი პირვანდელი ბრწყინვალებით

სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექცია მდიდარია ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი და კეთილშობილი თვლებით დამშვენებული ხელოვნების ნატიფი ნიმუშებით... მეფე-დედოფლების სამოსის რესტავრაცია დასრულდა და დაიწყო ისტორიული ქსოვილის ფრაგმენტების შესწავლა-მოძიება, ფრესკებისა და მინიატურების მიხედვით ტექსტილის ნიმუშების აღდგენა.

თამარ მეფის კაბა ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, რომელზეც დამაგრებულია 3621 მარგალიტი, 154 მოოქრული და 158 ვერცხლის ბალთა. კოსტიუმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვარძიის ფრესკის მიხედვით შეიქმნა. საბჭოთა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ორიგინალთან მისაახლოებლად ძვირფასი ლითონებითა და კეთილშობილი ქვებით სამოსის გაწყობას და ის ბუტაფორიებით აღადგინეს. 2016 წელს კი, ექვსთვიანი რესტავრაციის შემდეგ, გახუნებული ქსოვილის საფუძვლის გამაგრებასთან ერთად, ბუტაფორიები ლითონებითა და კეთილშობილი ქვებით ჩანაცვლდა. თამარ მეფის სამოსი განსაკუთრებით მდიდრულია და მას ძვირფასი ქსოვილის, ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით მორთული საყელო - მანიაკი ამშვენებდა. ის ეგვიპტესა და არაბეთში გაჩნდა, შემდეგ კი ბიზანტიაში გავრცელდა სპარსეთიდან. თამარ მეფის კაბის საყელო ძალიან ჰგავს ეგვიპტელ ფარაონთა მანიაკს.

ატენის სიონში გამოსახული დედოფლის ვინაობა კი უცნობია. იგი მდიდრულ სამოსში, გვირგვინით, მანიაკითა და დიადემით გაწყობილი ლურჯი ბისონითა და თორაკით არის წარმოდგენილი. თორაკი იმ დროისთვის წარმოადგენდა ოქროს ძაფითა და ძვირფასი თვლებით შემკულ გერბის ფარის ფორმის ქსოვილს, რომელიც ტანსაცმელზე მაგრდებოდა და მას ძირითადად დედოფლები ატარებდნენ. შუა საუკუნეების ხანის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშთა შორის არც ერთი ისეთი ძეგლი არ გვხდება, რომელშიც თორაკით ფეოდალი ან მისი მეუღლე იქნებოდა გამოსახული. თორაკი მხოლოდ სამეფო შესამოსლის ელემენტს და, როგორც ჩანს, სოციალურად უმაღლეს საფეხურზე მდგომ პირთა ატრიბუტიკას წარმოადგენდა...

თუშური წელწდობა - ანუ ახალი წელი თუშური ლუდის თანხლებით / რეპორტაჟი III. დასასრული

ციხემრავალია თუშეთი, მაგრამ მაინც გამოვყოფდით ოთხ სოფელს - დართლოს, დიკლოს, ჰეღოსა და ომალოს (კესელოს), რომლებიც მთლიანად ციხე-სოფლებია. ძირითადად, თუშეთის სოფლებში შემორჩენილი კოშკები XVI-XVII საუკუნეებისაა. ომალოს დამცველ კესელოს კოშკმრავალ, კლდოვან გორას ცამეტი კოშკი ედგა დარაჯად. აქედან კონტროლდებოდა გომეწრისა და პირიქითა თემისა და ომალო-ხისოს ხეობები...

უამრავი ხატ-სალოცავია თუშეთში. აქაურებიც პატივს მიაგებენ წინაპართა მიერ დანატოვარ სახატო დღეობა-დღესასწაულებს. სათანადო რიტუალებსა და წეს-ჩვეულებების მეთაური, ლუდის მომხარშველი, საგანგებოდ გამოყოფილი პირი, შულტაა. შულტობა გვარსა და სოფელში მორიგეობით უწევთ. ეს იმდენად საპასუხისმგებლო მოვალეობაა, რომ ამ დღისთვის უცხოეთიდანაც კი ჩამოსულა იქ სამუშაოდ წასული თუში, ეს საპატიო მოვალეობა მოუხდია და უკან გაბრუნებულა.

როგორც დანარჩენ საქართველოში, ახალ წელს აქაც იმედითა და ხვალინდელი დღის რწმენით ხვდებოდნენ თუშები. ბევრი საინტერესო საახალწლო წესიც სრულდებოდა ოჯახში. წელწდობას წლის დასაწყისს უწოდებენ. სოფლებში იხარშება ლუდი და იხდება არაყი. ლუდის მოდუღება-მოხარშვა გვარში გამოყოფილ პირს, ნათეს ევალება. ამ საქმეში ყველა ოჯახი მონაწილეობს, მოაქვთ თითო კაბიწი (საწყაოა) ფორი (ძირითადი სალუდე მასალა) და შეშა.

ოჯახებში აცხობენ კოტორს, რომელიც ყველა სადღესასწაულო სუფრის თანამდევია. კოტორი თუშური ხაჭაპურია, ჩვეულებრივზე თხელი და მეტი ერბოთი. ასევე აცხობენ სხვადასხვა ფორმისა და ზომის რიტუალურ პურებს, ბედისკვერებს.

სპარტაკის აჯანყება - რომაული კატაკლიზმი

სპარტაკის აჯანყების თითქოსდა კარგად ცნობილ ამბავში არაერთი ფაქტია დაუზუსტებელი. ეს გახლავთ ჭკუის სასწავლებელი ისტორია ადამიანთა ძლიერებისა და სისუსტის, დაუჯერებელი სიმამაცისა და წარმოუდგენელი შეცდომების შესახებ... მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით (ძვ.წ. 73-71) ანტიკური ეპოქის ყველაზე გრანდიოზული გამოსვლა იყო. მან რომის რესპუბლიკა ყოფნა-არყოფნის სასწორზე დააყენა.

გიგანტური მასშტაბის მიუხედავად, სპარტაკის აჯანყება მაინც არ გამხდარა რომაელ ისტორიკოსთა ფართო მსჯელობის საგანი. ამიტომ მის შესახებ მწირი და ფრაგმენტული ცნობები გვაქვს. რომაელი ისტორიკოსი ლუციუს ფლორუსი წერდა: “ვინ იქნებოდა გულგრილი იმის ყურებისას, რომ მსოფლიო მბრძანებელი ხალხი საკუთარ მონებს ეომებოდა და არ შეეძლო მათი განადგურება ერთი ძლიერი დარტყმით... არ ვიცი, რა დავარქვათ სპარტაკის ხელმძღვანელობით წარმართულ ომს, რადგან მონები ჯარისკაცებად იყვნენ, ხოლო გლადიატორები - უფროსებად”. ისტორიკოსი დასძენდა, რომ მონებმა «აბუჩად აგდებით ჩვენი უბედურებები გაზარდეს». ამგვარი დამოკიდებულების გამო, აჯანყებისა და სპარტაკის ცხოვრების ბევრი დეტალი დღეს უცნობია.

დაიცავი ქართული საგანძური

ახლა, როცა მცხეთის ძეგლებს - ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველსა და სამთავროს იუნესკომ გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა, «ქართული ძეგლების» ტრადიციული რუბრიკა მცხეთის ჯვარს წარმოგიდგენთ.

ქართული არქიტექტურის გვირგვინად წოდებული მცხეთის ჯვრის ტაძარი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ძველი მცხეთიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით. იგი აგებულია სწორედ იმ ადგილას, სადაც მირიან მეფემ ქრისტიანობის მიღების აღსანიშნავად ხის ჯვარი აღმართა. ტაძარი თარიღდება 584-604 წლებით. ქართული ხუროთმოძღვრებისთვის ეს ე.წ. კლასიკური პერიოდია. მცხეთის ჯვარი უნიკალურია არქიტექტურული თვალსაზრისით და აქ მიგნებული კონსტრუქციული დახვეწილობის გამო, ქართული ხუროთმოძღვრებაში მისი შესაბამისი მთელი არქიტექტურული ტიპი გაჩნდა. ატენის სიონი ქართლში, მარტვილის ტაძარი სამეგრელოში და ძველი შუამთის მონასტრის დიდი ტაძარი კახეთში, დიდი სიზუსტით იმეორებენ მცხეთის ჯვრის გეგმარებას...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ჩიჩენ-იცას «ფენოვანი» პირამიდა

მოაზროვნე ბრინჯაოს ხანიდან

განსაკუთრებული სტატუსი მცხეთის ძეგლებისთვის - ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველსა და სამთავროს იუნესკომ გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა

შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნა პოლონეთში - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის

ქართული საახალწლო წეს-ჩვეულებები - (ძველი თბილისი და საქართველოს ცალკეული კუთხეები)

7000 წლის ეგვიპტურმა ქალაქმა მეცნიერები გააოცა

ილუსტრირებული ისტორია. ქართული ხუროთმოძღვრება

«მსოფლიოს დირექტორები» / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

კრიმინალური საკითხავი. «შავი კატა» - მოუხელთებელთა ბანდა / საბჭოთა დამნაშავეობის ისტორიიდან

ცხოვრება. მეცნიერის სადარდელი / გურამ ლორთქიფანიძე: ისტორიკოსობა არ არის დღეს ისეთი პოპულარული სპეციალობა, როგორიც ადრე იყო

ხსოვნა. პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის მოსაგონარი

რეპორტაჟი რაჭიდან. სკოლა მთაში - ექვსი მოსწავლე და რვა მასწავლებელი სოფელ ველევში ამაგრებენ რაჭას

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს