ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” თებერვლის ნომერი #2(74), რომელშიც წაიკითხავთ:

დიცის ტაძრის ასომთავრული წარწერები

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში არსებულ სიძველეებსა და ძველ ქართულ წარწერებზე ქართველ მეცნიერებს ხელი აღარ მიუწვდებათ, რადგან ქართული კულტურის ბევრი უნიკალური ძეგლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. სოფელი დიცი ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარეობს. მრავლისმეტყველია ამ სოფელში ასომთავრული წარწერების აღმოჩენა, რაც პატარა ლიახვის ხეობის ამ არეალში უძველესი დროიდან ქართველთა ცხოვრების უწყვეტობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

წარწერები აღმოჩნდა ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, მის ინტერიერსა და სხვა ადგილებში, მათ შორის არის სამი ძმის: ბეშქენის, გოდერძისა და ჯარიდის სამშენებლო წარწერა, რომელიც IX საუკუნეს განეკუთვნება. ტაძრის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ღვინისფერი ტუფი, რომელიც სავარაუდოდ ერედვიდან იყო ჩამოტანილი. ასეთივე მასალით არის აგებული ამ პერიოდის ძეგლები პატარა ლიახვის ხეობაში. ტბელთა აღზევების, კონკრეტულად კი ივანე ტბელის ქართლის გამგებლობის პერიოდში, დიცში ტბელთა ნებართვის გარეშე ტაძარი ვერ აიგებოდა, სხვა შემთხვევაში, მათი გვარი წარწერებში უსათუოდ იქნებოდა. შესაბამისად, საქმე უნდა გვქონდეს ტბელთა აღზევებამდელ პერიოდთან. ქტიტორი ძმები - გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი ჩვენთვის უცნობი რომელიმე ფეოდალური სახლის წარმომადგენლები (შესაძლოა ხევისუფლებიც) იყვნენ, რომლებმაც IX საუკუნის II ნახევარში, ივანე ტბელის დაწინაურებამდე დიცის ეკლესია ააგეს, შემდეგში მათმა ფეოდალურმა სახლმა პირველობა ტბელებს დაუთმო.

იმოგზაურა თუ არა მეფე ერეკლემ ევროპაში?

როგორც “ისტორიანის” მკითხველისთვის ცნობილია, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ექვსი თვეა მიმდინარეობს მეფე ერეკლე II-ის შესახებ ირლანდიიდან ჩამოტანილი, ქართველი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 200-მდე საგაზეთო სტატიისა და კორესპონდენციის თარგმნა. წყაროები ბევრ დღემდე უცნობ საკითხს ჰფენს ნათელს, ბევრი რამ სადავოა ან დაუჯერებელი და ღიმილის მომგვრელი. თუმცა ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს ცნობები წარმოაჩენენ ევროპელთა წარმოდგენასა და მათ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ერეკლე II-ის ბიოგრაფიიდან, ბრიტანულ-ირლანდიური პრესის ცნობების შესწავლის შემდეგ, გამოჩნდა ცნობები ქართველი მეფის ევროპაში მოგზაურობის შესახებ. პირველი ცნობა 1766 წელს გამოქვეყნდა. გაზეთ Lloyd’s Evening Post-ის პირველი იანვრის ნომერში წერია: «პრინცი ჰერაკლიუსი, ქართველთა მეთაური, ამ მომენტისთვის ოტომანთა იმპერიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეა. ხალხი ამბობს, რომ მან ევროპის უმეტეს ნაწილში უკვე იმოგზაურა ფარულად და კარგად გაიცნო რამდენიმე გამორჩეული გერმანელი ოფიცერი».

გაზეთ St. James’s Chronicle or the British Evening Post-ის მაისის ნომერში ნათქვამია: «საქართველოს პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომელიც როგორც ცნობილია, იყო ლეიტენანტი პრუსიის მეფის ძალებში, რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა საკუთარი ქვეყნის ოტომანთა უღლისაგან გათავისუფლება...»

გამორიცხული არ არის, ინგლისურ პრესას ჭორ-მართალი და ნამდვილი ამბავი ერთმანეთში არეოდა. ცნობილია, რომ სომეხმა განმანათლებელმა იოსებ ემინმა ინგლისში 1751-1759 წლებში იმოგზაურა და ვულვიჩის სამხედრო აკადემიაშიც სწავლობდა, შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მოხალისედ წავიდა ბრიტანეთისა და პრუსიის არმიებში. 1760-იანი წლებიდან ემინი ერეკლე მეფეს დაუკავშირდა და სომხეთის თურქთა ბატონობისგან გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ქართულ-სომხური სახელმწიფოს სათავეშიც სწორედ ერეკლე მეფე ეგულებოდა. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, ინგლისურ პრესას ეს ორი ისტორიული პიროვნება ისე დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის, რომ საბოლოო ჯამში მათი ბიოგრაფიების აღრევა მომხდარიყო. XVIII საუკუნის ჟურნალისტიკისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სიშორესა და ინფორმაციების მოპოვების სირთულეს.

რეიმსის ნოტრდამი

საფრანგეთის ქალაქ რეიმსის რომანულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოტიკური ტაძარია. ამ ტაძარში, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, აკურთხებდნენ ყველა ფრანგ მონარქსა თუ იმპერატორს.

1210 წლის ძლიერმა ხანძარმა ტაძარი თითქმის გაანადგურა. 1211 წლის 6 მაისს საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის ახალ ტაძარს, რომელზეც რამდენიმე ხუროთმოძღვარი მუშაობდა, სამუშაოები 1311 წლისთვის დასრულდა.

რეიმსის ტაძარი ფრანგული გოტიკის «ლანცეტისებურ სტილს» მიეკუთვნება და ყველაზე დიდია ამ სტილის უფრო ადრეულ - პარიზის ღვთისმშობლის, ამიენისა თუ შარტრის ტაძრებს შორის. ამასთან ერთად, რეიმსი მიჩნეულია ყველაზე ჰარმონიულ ტაძრად საფრანგეთის გოტიკურ ტაძრებს შორის. დასავლეთი ფასადის 80 მეტრი სიმაღლის წყვილი კოშკი დღემდე ითვლება საფრანგეთის ერთ-ერთ მაღალ ნაგებობად. ტაძარს სხვადასხვა ფორმისა და ზომის 2303 ქანდაკება ამკობს, რაც ევროპაში ერთ ტაძარში ქვის ნაკეთობების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

«მეიფლაუერის შეთანხმება» - ამერიკული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი

შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს წარმოადგენს XVII საუკუნეში, 1620 წელს მიღებული ერთი დოკუმენტი. ისტორიაში იგი ცნობილია მეიფლაუერის შეთანხმების სახელწოდებით. 1620 წლის 11 ნოემბერს, იალქნიანმა სავაჭრო ხომალდმა «მეიფლაუერმა», 66-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, კეიპ-კოდის ყურეში ჩაუშვა ღუზა. გემის მგზავრები ამერიკის ისტორიაში მამა-პილიგრიმებად არიან ცნობილი, ხოლო მათი მოგზაურობა ამერიკის კონტინენტისკენ და მასაჩუსეტსში დასახლება მომავალი აშშ-ის დაბადების სიმბოლოა. გემბანზე მყოფი ინგლისელი პროტესტანტების ჯგუფი, 102 პურიტანი, ინგლისის ეკლესიასა და მთავრობას სამშობლოდან გამოერიდა. ხმელეთზე გადასულმა პურიტანელებმა პლიმუთის კოლონიას ჩაუყარეს საფუძველი. ჯერ კიდევ გემბანზე ყოფნისას, პილიგრიმებმა შექმნეს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომელიც ახალი საზოგადოებისა და კოლონიის ცხოვრებას დაარეგულირებდა. გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ მეიფლაუერის შეთანხმების დაწერით აშშ-ის სახელმწიფოებრიობის აკვანი დაირწა. მეტიც, ეს დოკუმენტი მსოფლიოში პირველ კონსტიტუციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

დინოზავრი დიპი სამოგზაუროდ მიდის

პირველი ევროპელები საკვებს უმად შეექცეოდნენ

დაბადების სცენა... ნეოლითის ეპოქიდან

საქართველო - ისტორიული წარსული და თანამედროვეობა

ილია ჭავჭავაძის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან

განძი რომაული «ტიტანიკიდან»

როგორ უწოდეს აინშტაინს ინდიელებმა «დიადი ფარდობითობა»

ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში / წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ტაძარი (სურბ-ნშან)

ესტებან ვოლკოვი, ლევ ტროცკის შვილიშვილი: პაპაჩემზე თავდასხმის ერთადერთი მოწმე ვარ

ილუსტრირებული ისტორია / დასავლეთი საქართველო XV-XIX საუკუნეებში

«შავი კატა» - მოუხელთებელთა ბანდა / საბჭოთა დამნაშავეობის ისტორიიდან. ნაწილი II. დასასრული

ცხოვრება. მერაბ ელიოზიშვილი: როდის ეშველება საქართველოს?!

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს