თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში

თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა. ცნობილი ამერიკელი მწერალის მერი ლუს წიგნმა მსოფლიო აღიარება მალე მოიპოვა. კრიტიკოსები მწერალს ახასიათებენ, როგორც თანამედროვე დისტოპიური ლიტერატურის ღირსეულ წარმომადგენელს.

"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა, ისინი მოუთმენლად ელოდნენ რჩეულ წიგნთან შეხვედრას.

"ძალიან მაინტერესებს ლიბერთინსის წიგნები, რიგში ახალი წიგნისთვის ვდგავარ, როგორც გავიგე ფასდაკლებაც იქნება, ძალიან მაინტერესებს, მერი ლუს პირველი ორი წიგნი წავიკითხე და ძალიან მომეწონა" - ამბობს მკითხველი ლიზი მოყვანიძე.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ში განმარტავენ, "გამარჯვებული " - "ლეგენდის" დისტოპიის ბოლო, მესამე ნაწილია.

"ლეგენდა" და "გენიოსი", სერიის პირველი და მეორე წიგნები, უკვე შეიყვარეს ქართველმა თინეიჯერებმა. წიგნები ახალგაზრდა მებრძოლების, ჯუნისა და დეის შესახებ მოგვითხრობს. ბიჭი ლეგენდაა, გოგო - გენიოსი. მათი ბედი ერთმანეთს უკავშირდება. შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. ჯუნიმ და დეიმ ბევრი რამ შესწირეს რესპუბლიკასა და ერთმანეთს. ახლა კი მათი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჯუნი ძველებურ ძლევამოსილებას იბრუნებს, როგორც სამთავრობო ელიტით გარშემორტყმული მოქმედი პრინცეპსი, დეიკი მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ინიშნება. თუმცა არც ერთს არ შეუძლია იმ გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მათ ხელახლა დააკავშირებს" - ასეთია წიგნის აღწერა, რომელიც პირველი გვერდიდანვე შეაყვარებს თინეიჯერებს თავს.

"ლიბერთინსი" ეს "თავისუფალი თინეიჯერები" არიან, რომლებიც სათარგმნად დამოუკიდებლად არჩევენ თანამედროვე, უცხოურ ლიტერატურას. აღნიშნული ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში უკვე 40-ზე მეტი ბესტსელერი გამოიცა.

"ლიბერთინსმა" უკვე მრავალ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა და ეს თაობა წიგნთან უფრო დაახლოვა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს