ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მარტის ნომერი #3(75), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართლის მეფის სამართალი

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული ყოველთვის იქცევდა ქართული სამართლისა და ქვეყნის ისტორიის მკვლევართა ყურადღებას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ სტატიას ამ ძეგლის ნუსხების ორი უცნობი ხელნაწერის შესახებ.

ცნობილია, რომ სამართლის წიგნთა კრებული, ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შეიქმნა საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში. ამ დროს მას ქართლის გამგებლის ანუ ჯანიშინის თანამდებობა ეკავა. პირველი კრებული შვიდ საკანონმდებლო ძეგლს შეიცავს და მოსამართლეთა მიმართ ამგვარი სიტყვით იწყება: "ამას გკადრებთ და მოგახსენებთ, მეფეთა და მსაჯულთა და ყოველს სამართალში მჯდომს კაცს. ეს იცოდეთ დამარხვით გულში გქონდესთ რომ ღმერთი ყოვლისა დამბადებელი, თქვენგან სამართალს ითხოვს და რისხვა ღვთისა უსამართლობით მოივლინების ქვეყანაზედ"...

ცხადია, ვახტანგ VI-ის სამართალი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მეფემ მართლმსაჯულებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და ამით ზღვარი დაუდო მოხელეთა თვითნებობას. ვახტანგისეული სამართლის დანერგვამ კი საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ სვლა მოიტანა.

აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში

თავად აფხაზების მემკვიდრეობა შემორჩენილია როგორც საქართველოში, ასევე შორეულ კანადაში. ეს საგვარეულო სათავეს აფხაზეთიდან იღებს და გახლავთ აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძეთა კახეთში დამკვიდრებული შტო. ქართულ საისტორიო წყაროებში აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენლები XVII საუკუნის შუა ხანებიდან მოიხსენებიან. აფხაზთა გვარმა საქართველოს არაერთი ღირსეული პიროვნება მისცა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. ვის სახელსაც არაერთი საქვეყნო საქმე უკავშირდება. მისი ვაჟი ნიკოლოზი კი ნიუ-იორკში დაქორწინდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.

"აფხაზების ბაღი", რომელსაც "სიყვარულის ბაღსაც" უწოდებენ, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში მდებარეობს. პეგი და ნიკოლოზ აფხაზებმა ბაღის გაშენებას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. დღეს ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კანადაში, მას უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი სტუმრობს. აფხაზთა საგვარეულო სასახლე კი, სოფელ კარდენახში, წლების განმავლობაში ინგრეოდა და იძარცვებოდა...

მუხრანის სათავადო ციხე

სოფელი მუხრანი მდებარეობს შიდა ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით. იგი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და წარმოადგენდა მუხრანის სათავადოს ცენტრს. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე მას შიოსუბანი ეწოდებოდა. საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი სამუხრანბატონოს დაარსება დაკავშირებულია 1512 წელს, ქართლის მეფე დავითისა (დავით X მეფობდა 1505-1525 წლებში) და მისი ძმის, ბაგრატის მორიგებასთან, რომლის მიხედვითაც, კახეთის მეფე ავგიორგისთან ბრძოლის სანაცვლოდ, მუხრანის ტერიტორია ბაგრატს საუფლისწულოდ გადაეცა და შიდა ქართლის სადროშოს სარდლობაც დაეკისრა.

მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ. სამუხრანო, ძირითადად, მუხრანის ველს მოიცავდა და მის შემადგენლობაში 60-მდე სოფელი შედიოდა. მუხრანბატონთა წარმომადგენელი იყვნენ ქართლის მეფეები ვახტანგ V (შაჰნავაზი), ვახტანგ VI და სხვ. სამუხრანბატონო XIX საუკუნის 40-იან წლებამდე არსებობდა, სანამ რუსულმა ხელისუფლებამ არ გააუქმა.

დღეს სოფელ მუხრანში დგას მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენციის ნაშთები. მის შემადგენლობაში შედის ციხე-გალავანი, სასახლის ნანგრევი და სამი მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილი ეკლესია. ციტადელის ჭიშკრის თავზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით, ეს ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს და თავისი წვლილი ლევან მუხრანბატონსაც შეუტანია. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია იმ დროს მეფის სახლთუხუცესის თანამდებობის მქონე კონსტანტინე მუხრანბატონს. 1895 წელს უკანასკნელი მფლობელის, ივანე მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ, რეზიდენცია კონსტანტინე მუხრანბატონის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც მოგვიანებით გაყიდა იგი.

კომპლექსის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი ნაგებობაა ციხე-გალავანი, 3,5 ჰექტარამდე ფართობით. ეს კომპლექსური შენობა ორი ნაწილისგან შედგება. მცირე გალავანი ციტადელის როლს ასრულებდა. მასზე მიდგმულია დიდი გალავანი ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ციტადელის კოშკებს შორის ზომით ყველაზე მასშტაბურია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი. ეზოს მხრიდან შესასვლელის თავზე, კედელში ჩასმული ყოფილა მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

რომაული სიმაგრეები საქართველოში და აფსაროსის ციხის რეკონსტრუქცია / ლეგიონერები შრომის ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს

საქართველოში ანტიკური ხანის რომაული ძეგლებიდან გონიოს ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი დიდი ხანია იწვევს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ინტერესს. მსგავსი ისტორიული ძეგლები მთელ რომაულ სამყაროში გვხვდება, ბოლო ათწლეულში დაასრულეს ზოგიერთი რომაული ციხის რეკონსტრუქცია - ან ნაგებობები აღადგინეს, ან გრაფიკული გამოსახულებები შექმნეს. ამჯერად გთავაზობთ აფსაროსის (გონიოს) ციხის მიახლოებით რეკონსტრუქციას.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან

ჰაკა მეფისთვის ეგვიპტის უდაბნოში

ორი გერმანელი ჯარისკაცი და ჯორი აირწინაღით

რას უშვრებოდნენ რომაელები ნარჩენებს

ერთჯერადი ჭურჭელი... შუა საუკუნეებიდან

ილუსტრირებული ისტორია. ალექსანდრე I დიდი

ანთროპოლოგიური ძიებანი. ცაიშელები

შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

ქართული სალოცავები თქმულებებში. ეთნოლოგიური ნარკვევი

პოლემიკა. მეცნიერება და ჟურნალისტიკა

ბაგრატიონთა საგვარეულოს მატიანე

ტერაქტი ტერაქტის წინააღმდეგ / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

ხსოვნა. რაულ ჩაგუნავას მოსაგონარი

ჯაშუშური თამაშები. სამმხრივი ომი უკრაინისთვის

ცხოვრება. დავით მუსხელიშვილი: "სკოლა რომ დავამთავრე, ვიცოდი, ისტორიკოსობა მინდოდა"

როგორ განსახლდა ადამიანი ამერიკაში?

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს