ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომერი #4(76), რომელშიც წაიკითხავთ:

უცნობი გრავიურები ქეთევან წამებულის შესახებ

XVII საუკუნის ერთ-ერთ ქართულ საღვთისმეტყველო კრებულში ქეთევან წამებულის უნიკალური სახება შემორჩა. აქ დედოფალი შროშანზე ხელებაპყრობილი ზის და სისხლიანი ცრემლებით ტირის. წამების იარაღი გახურებული მარწუხი კი მხარმარჯვნივ ჰაერში გამოკიდებული ჩანს. სახელგანთქმულ დედოფალს გამოსახავდნენ ევროპაშიც. მაგალითისთვის, პორტუგალიაში, ლისაბონში, და გრასას ტაძრის ერთ-ერთ ფლიგელში შემორჩენილია ქეთევანის წამებისადმი მიძღვნილი 11 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო.

ქეთევანისადმი განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა საქართველოს ფარგლებს მალე გასცდა. გერმანელმა ანდრეას გრიფიუსმა მის სახელს მიუძღვნა პიესა “ეკატერინე ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”. პიესის ქართულ გამოცემაში შეტანილია იოჰანეს უზინგის 1655 წელს დაბეჭდილი გრავიურა, სადაც გადმოცემულია სცენა «ქეთევან დედოფლის» დადგმიდან. ქვედა საქსონიის ქალაქ ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, ქეთევან წამებულისადმი მიძღვნილი სპექტაკლის კიდევ შვიდი გრავიურა აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ პიესა და გრავიურები დედოფლის წამებიდან სულ ოცდაათიოდე წლის შემდეგ არის შექმნილი...

პეტრე იბერის სახელის საიდუმლო

გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ვირჯილიო კორბომ ბირ ელ-ქუტად წოდებულ ადგილას უცნობი ქართული მონასტრის ნანგრევები იპოვა. აქ გამოვლენილი ოთხი უძველესი წარწერიდან სამი ქართული აღმოჩნდა, ერთ-ერთს კი სპეციალისტთა წრეში გამორჩეული ყურადღება ხვდა წილად. საყოველთაო აზრით, მასში თვითონ პეტრე იბერია მოხსენიებული. წარწერაში ნახსენებ პირთა სახელები მეცნიერებმა კვლევის საწყის ეტაპზე პეტრე იბერისა და მისი მამის საერო სახელებს დაუკავშირეს (მოგვიანებით ასეთი იდენტიფიკაციისადმი ზოგიერთმა მკვლევარმა უნდობლობა გამოხატა).

სახელი «მარუან» ქართულ სახელთა ნუსხაში არ გვხვდება. ის ასევე არ ჩანს სპარსულში, ბერძნულსა თუ ლათინურშიც; არ გვხვდება არც არამეულ-სირიულსა თუ ებრაულში. სამაგიეროდ, როგორც მამაკაცის სახელი, ის ძველი დროიდან დღემდე გავრცელებულია არაბულში «მარუან» ან «მარვან» ფორმით. ამ არაბული სახელის ძირი «მარუ/მარვ» ნიშნავს მაგარ ქვას (კვარცს), კლდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძნულად «პეტროს/პეტრე» ნიშნავს ქვას ან კლდეს, ბირ ელ-ქუტის წარწერის «მარუან»-ის შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს მეფისწულ ნაბარნუგის საეკლესიო სახელის («პეტრე») ძველ არაბულ შესატყვისთან...

ქართული წარჩინებული საგვარეულოები. ვაჩნაძენი

საქართველოს ისტორიამ შემოგვინახა იმ მამულიშვილთა სახელები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და მისთვის სიცოცხლესაც არ იშურებდნენ. მათგან მატიანეში უფრო მეტად შემოგვრჩა თავდადებული მეფე-მთავრებისა და წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლების ვინაობა.

ქართველ წარჩინებულთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ვაჩნაძეთა საგვარეულოს. ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის მეფობის პერიოდში მათ საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურეს.

ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის მერვე ადგილას დასახელებულია ვაჩნაძეთა საგვარეულო, რომელიც, ავტორის განმარტებით, იყო ქართულ საგვარეულოთა შორის ერთ-ერთი “უწარჩინებულესი და შემძლებელი”.

შამბორის ციხე-დარბაზი

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული შედევრი, შამბორის ციხე-დარბაზი მეფე ფრანცისკ I-ის მდინარე ლუარას დაბლობში ააგეს - ხელმწიფეს სურდა, უფრო ახლოს ყოფილიყო საყვარელ ქალთან, გრაფინიასთან, რომელიც მახლობლად ცხოვრობდა... ციხე-დარბაზი რენესანსის ეპოქის მშვენებაა, რომლის პროექტშიც დადასტურებულია გენიალური ლეონარდო და ვინჩის მონაწილეობა. ანსამბლის ფასადის სიგრძეა 156, ხოლო სიგანე - 117 მეტრი. შამბორში 426 ოთახი, 77 კიბე, 282 ბუხარი და 800 სკულპტურულად შემკული კაპიტელია. გარე გალავნის საერთო სიგრძე 33 კილომეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა არ ყოფილა განკუთვნილი საომარი მოქმედებებისთვის, მისი ცენტრალური ნაწილი, ე.წ. დონჟონი, ისევეა აგებული, როგორც შუა საუკუნეების გამაგრებულ ციხესიმაგრეებში. უჩვეულოა სამრეკლოსა და სამეფო პალატების განლაგება - მეფის სამყოფელი იერუსალიმისკენ იყო მიმართული. ამით მეფეს სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში მას ემორჩილებოდა სულიერი ცხოვრებაც. ამბობდნენ, რომ მეფესა და მის მეგობარ არქიტექტორს ლუარას კალაპოტის შეცვლაც კი სურდათ, თუმცა გადაიფიქრეს...

1519 წელს დაწყებული მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო აღორძინების ეპოქაში. აქ 1700-1800 მუშა იყო დასაქმებული. დაიხარჯა დაახლოებით 220 ათასი ტონა ქვა. მშენებლობა მძიმე პირობებში, ჭაობიან ადგილას მიმდინარეობდა და ციებით მრავალი მუშა დაიღუპა. კალატოზებს მუხისგან დამზადებული საძირკვლის ხიმინჯები 12 მეტრის სიღრმეზე ჩაჰყავდათ მიწაში. სენ-დიეს პორტიდან ფორნებით ეზიდებოდნენ სამშენებლო მასალებს და თეთრი ქვიშაქვის ბლოკებს. ქვის მთლელები, რომლებიც სხვა მუშებისგან განსხვავებით, გამომუშავებაზე იყვნენ, ნამუშევრის აღსარიცხავად დამუშავებულ ქვებზე თავის ნიშნებს ტოვებდნენ, რომელთა ნახვა დღესაც შეიძლება. მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა მეფის გარდაცვალების წელს (1547), რომელმაც შამბორში მცირე დროის გატარება მოასწრო.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

“მცხობელის” აფეთქება

რელიგიათა შეჯახება კორსიკაზე

ბიზანტიური იერიქონი - ბიბლიური დროის შემდეგ

რამზეს დიდის გიგანტური ქანდაკება

აფხაზეთის ბოლშევიკური მიტაცების ანატომია / ინტერვენცია არარსებული აჯანყების მოწვევით

ილუსტრირებული ისტორია. 30-ტომიანი თანამედროვე სერია - საქართველოს ახალი მატიანე

ეთნოლოგიური ნარკვევი. დიდმარხვის პირველი დღე ხალხურ ტრადიციაში /

თუშური “ოფოფაობა” და ინგილოური “ხინკალხანი”

ატომური დაბომბვების პილოტები / პოლ ტიბეტსი: ფრაზა - “ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინეთ!” - კინოს გადამღებებმა მომაწერეს

ჯაშუშური თამაშები. სამმხრივი ომი უკრაინისთვის (გაგრძელება))

ცხოვრება. ელენე ამირეჯიბის არაკულინარიული რეცეპტები (სამწუხაროდ, ქალბატონი ელენე ამირეჯიბი ა.წ. 22 მარტს გარდაიცვალა, როცა ნომერი უკვე დაბეჭდილი იყო)

ამერიკა კაშხალის შემდეგ

სულხან-საბას კვალდაკვალ. სებორგა

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს