გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს საპატრიარქოს პატიმრებისთვის წიგნები გადასცა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს საპატრიარქოს პატიმრებისთვის წიგნები გადასცა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს საპატრიარქოს პატიმრებისთვის წიგნები გადასცა. ძირითადად მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის სასულიერო ხასიათის წიგნებიც, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს გადასცეს.

დეკანოზის განცხადებით, წიგნები სხვადასხვა საპატიმროების ბიბლიოთეკებს დაურიგდებათ. დეკანოზმა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პატიმრები წერილებში ხშირად როგორც მხატვრულ, ასევე რელიგიური ლიტერატურის კითხვის სურვილს გამოთქვამენ.

"როდესაც ადამიანი საპყრობილეში აღმოჩნდება, მას ლოცვისა და კითხვის გარდა სხვა საქმე არ აქვს. ასე, რომ კარგი იქნება ეს ტრადიციად დამკვიდრდეს და "პალიტრა L"-ს სხვა გამომცემლობებმაც მიბაძონ და მოგვაწოდონ წიგნები პატიმრებისთვის, რადგან არავინ იცის მომავალში ვინ აღმოჩნდება საპატიმროში და ვის დასჭირდება მსგავსი წიგნები. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი აღარ კითხულობს წიგნებს. როდესაც საპატიმროშია მას მეტი დრო აქვს წიგნების კითხვისთვის", - განაცხადა მამა გიორგიმ.

"პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ წიგნების კითხვა პატიმრებს იქაურ ყოფას შეუმსუბუქებს.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთ კეთილ საქმეში ვიღებთ მონაწილეობას. რელიგიური ლიტერატურა პატიმრებს დასჭირდებათ, რადგან ეს მათთვის ერთგვარი სულიერი საზრდოა. ამასთან, გადაცემულ წიგნებს შორის მეტი წილი მხატვრული ლიტერატურაა: როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მწერლების ნაწარმოებები. ვფიქრობთ, წიგნების კითხვა მათ იქაურ ყოფას ძალიან შეუმსუბუქებს", - განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს