მწერალი, რომლის ნაწარმოებები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი

მწერალი, რომლის ნაწარმოებები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი

ლეგენდარული ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებები ქართველი მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ფოლკნერი მიიჩნევა ახალი ამერიკული პროზის ოსტატად, რომელიც 20-იან წლებში ჯერ ევროპაში გახდა ცნობილი, ხოლო 30-იანებში - მთელს მსოფლიოში. წერდა როგორც რომანებს, ასევე მოთხრობებს, ლექსებს, ესსეებსა და სცენარებს. ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტულობით.

გამომცემლობა "პალიტრა L"- ის სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიო" ფარგლებში იწყებს ფოლკნერის ნაწარმოებების გამოცემას, რომელიც 6 წიგნად გამოვა. სერიის პირველი ნაწარმოები არის "დროშები მტვერში". წიგნის წერა ფოლკნერმა 1927 წელს დაამთავრა, მისი პირველი ვერსია სრულიად სხვა სახელით  „Sartoris” 1929 წელს გამოიცა, ხოლო საბოლოო ვერსია სახელწოდებით „დროშები მტვერში“ უკვე გაცილებით გვიან 1973 წელს, ავტორის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ.

“დროშები მტვერში” უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რიგით მესამე რომანია.  რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ ”იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. სარტორისების მდიდარი ოჯახი მისისიპიდან, ცხოვრობს მათი გარდაცვლილი მეთაურის კოლონელ ჯონ სარტორის ჩრდილის ქვეშ, რომელიც  სამოქალაქო ომის ეროვნული გმირი  იყო. ნაწარმოები იწყება ახალგაზრდა ბაიარდ სარტორისის დაბრუნებით ჯეფერსონში პირველი მსოფლიო ომიდან, რომელსაც ომში ტყუპი ძმა ჯონი დაეღუპა. ბაიარდს ერთდროულად აწუხებს საკუთარი გადარჩენის ამბავი და ამავდროულად ბრაზობს ძმაზე, რადგან ჰგონია, რომ  ის მთელს ჯეფერსონს მასზე მეტად უყვარს. ეს განცდები კი იმდენად მძაფრია, რომ მას უამრავი საოცარი ქმედებისკენ უბიძგებს.

ფოლკნერმა ნობელის პრემია მიიღო - ლიტერატურის დარგში - "ამერიკულ რომანებში მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის". ჯილდო მას 1950 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცეს, იმ წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტრან რასელთან ერთად. ფოლკნერს ეჯავრებოდა ის ცნობადობა, რაც მას პრემიის მიღებამ მოუტანა. ჯილდოსადმი მისი არაკეთილგანწყობილება იმდენად დიდი იყო, რომ მისმა 17 წლის ქალიშვილმა მამის წარმატების შესახებ სკოლის დირექტორისგან შეიტყო.

აღსანიშნავია, რომ ნობელის ფონდიდან მიღებული თანხის ერთი ნაწილი ფოლკნერმა ახალგაზრდა მწერლების მხარდამჭერი ფონდის ჩამოყალიბებაში დახარჯა, მეორე ნაწილით კი ახლომდებარე რასტის კოლეჯის აფროამერიკელ მასწავლებლებს განათლების მიღებაში დაეხმარა.

ფოლკნერის ნაწარმოებებისადმი ინტერესი დღემდე არ ცხრება. ის ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი ამერიკელი მწერალია. საქართველოში პირველად პალიტრა L-ის ინიციატიცით ითარგმნა და გამოიცემა ფოკლნერის რომანი "სასახლე". უილიამ ფოლკნელმა ეს რომანი 1959 წელს გამოსცა. ფლემ სლიო, რომანის მთავარი გმირი სასახლეში სახლდება. "სასახლეში" გარდაუვალი და საშიში მოვლენები ვითარდება, რომლებიც შეძრავს მთელ იოკნაპატოფის მხარეს. რომანი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის არისტროკრატთა ტრაგედიას ეძღვნება, რომელნიც ორჭოფობენ - შეინარჩუნონ ღირსება, ძალაუფლების წარსული შეხედულებები და დარჩნენ სიღარიბეში, თუ გაწყვიტონ წარსულთან კავშირი და გაერთიანდნენ საქმოსანთა შორის, რაც მოკლე დროში დიდი, (მაგრამ არასუფთა) ფულის შოვნის პერპექტივას იძლევა.

წიგნის მთარგმნელი პაატა ჩხეიძე:

ყოველთვის მინდოდა ფოლკნერს შევჭიდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ერთგვარად გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის. დიდი მწერლების შემოქმედების სათარგმნელად - ფოლკნერი კი უდაოდ მათ რიცხვს მიეკუთვნება - ერთადერთ გასაღებს უნდა მიაგნო. თუ ეს მოახერხე, კარს გააღებ და მისი სახლის, ანუ რომანების ყველა ოთახს მოივლი. თუ ამ გასაღებს ვერ მიაგნებ, ჩაკეტილ კარს ვერ გააღებ - გაწვალდები; ხან ერთი ფანჯრიდან შეეცდები შესვლას, ხან - მეორედან და ასე შეიძლება კისერიც მოიტეხო. ამ რომანის გასაღები საკმაოდ ძნელად მისაგნებ ადგილას აღმოჩნდა დამალული, - მაგრამ, ჩემი აზრით, მოვახერხე ამ გასაღების პოვნა და მკითხველი განსჯის, - რამდენად კარგად დავათვალიერე ფოლკნერის შემოქმედებითი სახლი სახელწოდებით - "სასახლე".

უილიამ ფოლკნერი ყოვეთვის ცდილობს ადამიანი უფრო კარგი და უფრო სუფთა გახადოს. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არის მისი ზოგიერთი გმირი ასე გადაგვარებული - სხვათაშორის ამ რომანშიც ჰყავს ასეთი გმირი - მან მიუგო: "მე საკმარისად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რათა მისი ნაკლულოვნების გამოსწორება მინდოდეს და ჩემი ნიჭი და მოწოდება ერთადერთ გზას მიჩვენებს - ნამუსში ჩაგდება, გაკრიტიკება, მასში არსებულ ცუდსა და კარგს შორის განსხვავების ჩვენება; შევახსენო ადამიანებს, რომლებიც სიმდაბლეზე თვალს ხუჭავენ, რომ მათი წინაპრები შესანიშნავ, დიდებულ საქმეებს ჩადიოდნენ. თუ ჩემს ქვეყანაზე მხოლოდ კარგს დავწერ, ეს ნიშნავს რომ ცუდი ოდნავაც არ გამოსწორდება. ადამიანებს ცუდზე უნდა ვუამბო, რათა საკმარისად გაბრაზდნენ, ან შერცხვეთ და ეს ცუდი გამოასწორონ."

- დიდხანს მუშაობდით ამ თარგმანზე?

- დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, დღეში 12-14 საათი ვმუშაობდი. დაახლოებით 35 წიგნი მაქვს ნათაგრმნი და აღმოვაჩინე, რომ მათ შორის "სასახლე" ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელია ჩემთვის ამჟამად.

სერიის ფარგლებში ფოლკნერის კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გამოცემა იგეგმება, რომლის შესახებაც ინფორმაციას მკითხველი უახლოეს მომავალში მიიღებს.

თინათინ შავლაძე

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს