ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი #6(78), რომელშიც წაიკითხავთ:

დასავლეთ საქართველოს აყრის გეგმა ქუთაისის გუბერნატორისგან

ქუთაისის გუბერნატორი ალექსეი ალექსეევიჩ სმაგინი (1901-1905) ცდილობდა, ახალდაპყრობილი ქართული მიწებიდან რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მცხოვრები აეყარა და ოსმალეთში გადაერეკა, ხოლო მათი სახლ-კარი რუსეთიდან გადმოსახლებულებისთვის დაეთმო. მეტიც, მან რუსეთის იმპერატორს საიდუმლო რაპორტი გაუგზავნა, რითაც ითხოვდა არა მარტო ბათუმის ოლქის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მასობრივ გასახლებასა და მათ ადგილას რუსების დამკვიდრებას.

ამ განზრახვის შესახებ შემთხვევით შეიტყო ექვთიმე თაყაიშვილის უფროსმა ძმამ, სამხედრო სამსახურში მყოფმა ნიკოლოზ თაყაიშვილმა. მან ამის შესახებ საიდუმლოდ აცნობა იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლს, თავად დავით ნიჟარაძეს (1853-1922), რომელიც ერთობ მამაცი და გაბედული კაცი გახლდათ. მან აღარ დააყოვნა, იმპერატორთან აუდიენციისთვის პეტერბურგში გაემგზავრა და თან წაიყვანა ძმა, გურიის დრუჟინის მეთაური ერმალო ნიჟარაძე და ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ადრე რუსეთში მცხოვრები სამსონ თოფურია სამსონ თოფურია. დელეგაცია თავდაპირველად რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრ სტოლიპინს შეხვდა....

გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონება ქუთაისზე

ქართულ ისტორიულ ქალაქთა შორის ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი და უდავოდ გამორჩეულია. საუკუნის წინანდელი ქუთაისი საინტერესოდ არის აღწერილი მისი უშუალო თვითმხილველის, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწის, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, გენერალ შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძის (1894-1976) მოგონებაში. მისი ტექსტი პირველად ქვეყნდება. ის არ არის შეტანილი შალვა მაღლაკელიძის მოგონებათა წიგნში, რომელიც ორჯერ (1994 და 2012 წლებში) დაიბეჭდა.

ტექსტი, რომელსაც სათაურად წამძღვარებული აქვს "მცირე მოგონებანი", მის ავტორს დაუწერია 1967 წლის 28 ივნისს, თბილისში. ტექსტის დასაწყისში არის მინაწერი: "სახალხო განათლების მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს".

ჩვენთვის უცნობია, გადაუგზავნა თუ არა მხცოვანმა გენერალმა აღნიშნულ საბჭოს ეს მოგონება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტექსტის ხელნაწერი დაცულია თბილისში მცხოვრები მისი შვილის - თამარ მაღლაკელიძის ოჯახში.

ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების გამოსახულება ხობის ტაძარში

ძველი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს ხობის ტაძარს, რომელიც ისტორიული ფიგურის, ცოტნე დადიანის მამის - შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ. ყურადღებას გავამახვილებთ ქტიტორთა ჩაცმულობაზე. ვფიქრობთ, ხობის ფრესკებზე გამოსახულ პირთა სამოსი კარგად ასახავს შესაბამის ეპოქებს. სამეგრელოს ერისთავთ-ერისთავ შერგილ დადიანს ხობის ფრესკაში თითქმის ისევე აცვია, როგორც ვარძიის ფრესკაზე გამოსახულ რატი სურამელს. გიორგი დადიანის ფრესკაზე კი ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა ცხადი განსხვავება დაინახო მის ჩაცმულობასა და სამხრეთ კედელზე გამოსახულ დადიანების სამოსს შორის. ცხადია, რომ გიორგის თანადროულ ეპოქაში ჩაცმულობის სტილი სრულიად შეცვლილია... ხობის ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახული პირები კოხტასთავის შეთქმულების გმირის, ცოტნე დადიანის ოჯახია და ეს მხატვრობა XIII საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი გოტიკური ტაძარი - სევილიის კათედრალი

სევილიის გოტიკური საკათედრო ტაძარი, "ანდალუსიის სიამაყე", მსოფლიოში ყველაზე დიდია გოტიკურ ტაძრებს შორის. უდიდესის მან წოდება ბიზანტიურ აია-სოფიას წაართვა. გრანდიოზული ტაძარი, რომელიც ას წელიწადს შენდებოდა, ქალაქის სიმდიდრის სადემონსტრაციოდაც აიგო, რადგან რეკონკისტის შემდეგ სევილია უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. მშენებლობა 1402 წელს დაიწყო. ხარჯების დასაფარავად მთელი ანდალუსიის სასულიერო პირებმა შემოსავლის ნახევარი გაიღეს.

საკათედრო ტაძარშია ქრისტეფორე კოლუმბის აკლდამა. ის სიმბოლურად მიიჩნევა, არის მოსაზრება, რომ კოლუმბი სხვაგან არის დაკრძალული. თუმცა ზუსტად არის ცნობილი, რომ აქ დაკრძალულია მისი ვაჟი ერნანდო. ერნანდო კოლუმბის ნეშტი მთავარ ნავში განისვენებს, პორტალსა და ქოროს შორის. ერნანდომ სახელი იმით გაითქვა, რომ საკათედრო ტაძართან გრანდიოზული ბიბლიოთეკა დააარსა. "კოლუმბის" ბიბლიოთეკაში დღეს 3 მილიონზე მეტი ტომი ინახება, მათ შორის, ქრისტეფორე კოლუმბის ხელნაწერები.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ყველაზე დიდი "შვილებისმოყვარე" დინოზავრი

ტურისტების ნაკადი ტრადიციას დაემუქრება?! / კუნძულ ოკინოსიმაზე ქალების გადასვლა აკრძალულია

კოლუმბის გემის ღუზას კოსმოსში შედგენილი რუკით მიაგნეს

მიწათმოქმედების გაჩენა კომეტის ჩამოვარდნის შედეგად?!

"უცნობი" ზურაბ ავალოვი / რუსული პროპაგანდის ნიმუში

სუხიშვილების ტრიუმფი ლა სკალაში - 50 წელიწადი ქართული ცეკვის ისტორიული გამარჯვებიდან

ქართველები საზღვარგარეთ. მარიამ კერესელიძე: "მე სულ საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობ" (ნაწილი I I. დასასრული)

ჟიულ ვერნის დროის კაფსულა ნაპოვნია

ტალეირანი - ცბიერების ხელოვნება / "როცა ტალეირანი შეთქმულებას არ აწყობს, მაშინ ვაჭრობს" (ნაწილი I)

სარედაქციო ფოსტა. "როდის დაგვანებებენ თავს?!" / აზნაურ კოსტა შამუგიას რეპრესირებული ოჯახის ისტორია

კადრი ისტორიიდან. მსოფლიოს პროლეტარები საქართველოში შეერთდნენ

სამმხრივი ომი უკრაინისთვის (ნაწილი IV. დასასრული)

ოსმალეთის ქართველი დიდვეზირები პეტრე I-თან ომის პერიოდში (თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია)

ცხოვრება. ქართულ-აფხაზური სისხლიანი ბალადა / ორად გახლეჩილი გულების ტრაგიკული ისტორია

5000 წლის წინანდელი ბროლის იარაღი

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს