ქართველი და გერმანელი მწერლების პანელ-დისკუსია "ევროპა, როგორც იდეა" გაიმართება

ქართველი და გერმანელი მწერლების პანელ-დისკუსია "ევროპა, როგორც იდეა" გაიმართება

31 მაისს 18:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში

პანელ-დისკუსია "ევროპა, როგორც იდეა" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და გერმანელი მწერლები: ნინო ხარატიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, ირმა ტაველიძე, ლაშა ბუღაძე, ულა ლენცე, ფოლკერ შმიდტი.

პანელ-დისკუსიის შემდეგ 19:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში დაგეგმილია შეხვედრა გერმანელ მწერალთან კლემენს მაიერთან.

კლემენს მაიერი დაიბადა ჰალეში 1977 წელს. დღეს ავტორი ლაიფციგში ცხოვრობს. მწერალმა სადებიუტო რომანი "როცა ვოცნებობდით" 2006 წელს გამოსცა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები "ყველა ნათება" და "ძალაუფლების ჩანაწერები" (2011). 2016 წელს გამოვიდა მისი ბოლო რომანი "ქვაში". კლემენს მაიერს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრემია. რომანი "ქვაში" გერმანული წიგნის პრემიის მოკლე სიაში შევიდა და ბრემენის პრემიით დაჯილდოვდა. 2015 წელს კლემენს მაიერს და თომას შტუბერს გერმანიის სცენარისტების პრემია გადაეცათ ფილმის სცენარისთვის - "დერეფანში". მაიერის პირველი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, ანდრეას დრესენის "როცა ვოცნებობდით" 2015 წელს ბერლინალეზე იყო წარდგენილი. ავტორის მოთხრობების ბოლო კრებული "მდუმარე თანამგზავრები" გამომცემლობა "ფიშერმა" გამოსცა.

29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.

ეს პროექტი ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იმართება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები. თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან.

პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და ქვეყნის გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთად იმოგზაურებენ. ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამის გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში.

ამგვარად, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისთვის ეს პროექტი, რომლის ავტორი და კურატორი ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, თავისი შინაარსით მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს, როგორც ქვეყნის წარსადგენად.

31 მაისი, ოთხშაბათი

18:00 საათი, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16

პანელ-დისკუსია: "ევროპა, როგორც იდეა".

მონაწილეები: ირმა ტაველიძე, ულა ლენცე, ფოლკერ შმიდტ, ნესტან-ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ნინო ხარატიშვილი

მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი;

ენა: გერმანული/ქართული.

19:30 საათი, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16

შეხვედრა კლემენს მაიერთან (გერმანია)

მოდერატორი: ირინა ბერიძე.

ენა: გერმანული/ქართული

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო,

"საქართველო-გერმანიის წლის" PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს

ტელ.: 593 59 28 72, ელ. ფოსტა: mzekhamakharadze@gmail.com

R

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს