ქართველი და გერმანელი მწერლების პანელ-დისკუსია "გაბრაზებული თეთრი კაცი" გაიმართება

ქართველი და გერმანელი მწერლების პანელ-დისკუსია "გაბრაზებული თეთრი კაცი" გაიმართება

2 ივნისს 18:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში გაიმართება

პანელ-დისკუსია "გაბრაზებული თეთრი კაცი" Angry White Man, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და გერმანელი მწერლები: ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, თამარ თანდაშვილი, კატია პეტროვსკაია, კლემენს მაიერი, კატია ლანგე-მიულერი, ოლგა გრიაზნოვა. დისკუსიის მოდერატორია ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის ლიტერატურის და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წელს, თბილისში, ამჟამად ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის თეატრებში. კრიტიკოსები მას ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ დრამატურგად და რეჟისორად მიიჩნევენ. ნინო ხარატიშვილი 10 წელზე მეტია აქვეყნებს პიესებსა და რომანებს გერმანულად. ავტორია რომანებისა "ჟუჟა" (2010 წ), "ჩემი ნაზი ტყუპისცალი" (2014 წ). 2014 წელს გამოვიდა მისი ახალი რომანი "მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის ქვეყნებში. ნინო ხარატიშვილი არაერთი ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია, მათ შორისაა გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრემია, ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია, ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზი და ბევრი სხვა. ნინოს პიესები წარმატებულად იდგმება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, რუსეთისა და საქართველოს თეატრების სცენებზე.

პანელ-დისკუსიის შემდეგ 19:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში დაგეგმილია შეხვედრა თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ავტორთან, ოლგა გრიაზნოვასთან. ოლგა გრიაზნოვა რუსულ‐ებრაული წარმოშობის გერმანელი მწერალია. მისმა პირველმა რომანმა "რუსი არის ის, ვისაც არყები უყვარს", რომელიც 2012 წელს გამოვიდა, გერმანული ლიტერატურული კრიტიკოსების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2014 წელს გამოიცა მისი მეორე რომანი - "ერთი ქორწინების სამართლებრივი გაურკვევლობა", ხოლო 2017 წლის დასაწყისში მესამე რომანი - "ღმერთი არც ისე მოკრძალებულია".

29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომლის ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა, მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება და 2018 წლის ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ამ პროექტით გაიმართა ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, კატია პეტროვსკაიასთან.

პროექტი "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამას არ მოიცავს. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი "დაწყვილდებიან" და ქვეყნის გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთად იმოგზაურებენ. მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამის გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო,

"საქართველო-გერმანიის წლის" PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს

ტელ.: 593 59 28 72, ელ. ფოსტა: mzekhamakharadze@gmail.com

R

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს