"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს

 "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", ლიტერატურული პროექტი, რომელიც 30 წიგნს აერთიანებს, 12 ივნისს ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს. პროექტი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პრეზენტაციას გაუძღვა პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. "ხელოვნების სასახლის" დირექტორმა - გიორგი კალანდიამ საღამოს ფარგლებში პროექტი სამუზეუმო საქმის განვითარება-ხელშეწყობისთვის ხელოვნების სასახლის სპეციალური ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისტორიკოსები, ილუსტრატორები, მხატვრები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

ჯაბა სამუშია: "ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში, რომ შექმნილიყო ილუსტრირებული პროექტი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. პროექტზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სარედაქციო კოლეგია, 15 ავტორი და 8 მხატვარი მუშაობდა. გუნდი აქტიურად ცდილობდა გადმოეცა საქართველოს ისტორია 30 ტომში - უძველესი დროიდან, თანამედროვე ისტორიამდე".

გიორგი კალანდია: "ხელოვნების სასახლემ ბატონი ჯაბა სამუშია და ეს საოცარი, საეტაპო გამოცემა, რომელსაც "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ქვია დააჯილდოვა უმაღლესი სამუზეუმო ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით", რომელიც მუზეუმის მიერ 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიცემა. 30-ტომეულში საკმაოდ დიდი მასშტაბითაა გამოქვეყნებული საქართველოს მუზეუმებში დაცული უნიკალური საგანძური, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას".

წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოიცა. ნაშრომში დაცული დოკუმენტური მასალები ეკუთვნის: საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს