ბიბლუსში უილიამ ფოლკნერის საღამო და ლეგენდარული „სასახლის“ წარდგენა გაიმართება

ბიბლუსში უილიამ ფოლკნერის საღამო და ლეგენდარული „სასახლის“ წარდგენა გაიმართება

ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ამერიკული პროზის დიდოსტატის, უილიამ ფოლკნერის "სასახლე" პალიტრა L-ის ინიციატიცით ქართულ ენაზე გამოიცა.

"სასახლე" სნოუპსების ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომლის პირველ და მეორე წიგნს, "სოფელი" და "ქალაქი" მკითხველი უკვე წლებია იცნობს. "სასახლის" თარგმნას კი დიდი ხანია ელოდება. წიგნი 1959 წელს, "ქალაქის" გამოცემიდან 2 წლის შემდეგ დაიწერა.

თარგმანის პრეზენტაცია 19 ივნისს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის #7) გაიმართება. სამი მომხსენებელი ფოლკნერის სამწიგნეულს გააცოცხლებს. ლევან ბერძენიშვილი, თემურ კობახიძე და ზაალ ჩხეიძე დამსწრე საზოგადოებას ავტორსა და ტრილოგიის თითოეულ ნაწილზე ესაუბრებიან.

ლემ სლიო, რომანის მთავარი გმირი სასახლეში სახლდება. "სასახლეში" გარდაუვალი და საშიში მოვლენები ვითარდება, რომლებიც შეძრავს მთელ იოკნაპატოფის მხარეს. რომანი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის არისტროკრატთა ტრაგედიას ეძღვნება, რომელნიც ორჭოფობენ - შეინარჩუნონ ღირსება, ძალაუფლების წარსული შეხედულებები და დარჩნენ სიღარიბეში, თუ გაწყვიტონ წარსულთან კავშირი და გაერთიანდნენ საქმოსანთა შორის, რაც მოკლე დროში დიდი, (მაგრამ არასუფთა) ფულის შოვნის პერპექტივას იძლევა

გთავაზობთ "სასახლის" მთარგმნელის, პაატა ჩხეიძის ინტერვიუს.

პაატა ჩხეიძე: ყოველთვის მინდოდა ფოლკნერს შევჭიდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ერთგვარად გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის. დიდი მწერლების შემოქმედების სათარგმნელად - ფოლკნერი კი უდაოდ მათ რიცხვს მიეკუთვნება - ერთადერთ გასაღებს უნდა მიაგნო.

თუ ეს მოახერხე, კარს გააღებ და მისი სახლის, ანუ რომანების ყველა ოთახს მოივლი. თუ ამ გასაღებს ვერ მიაგნებ, ჩაკეტილ კარს ვერ გააღებ - გაწვალდები; ხან ერთი ფანჯრიდან შეეცდები შესვლას, ხან - მეორედან და ასე შეიძლება კისერიც მოიტეხო. ამ რომანის გასაღები საკმაოდ ძნელად მისაგნებ ადგილას აღმოჩნდა დამალული, - მაგრამ, ჩემი აზრით, მოვახერხე ამ გასაღების პოვნა და მკითხველი განსჯის, - რამდენად კარგად დავათვალიერე ფოლკნერის შემოქმედებითი სახლი სახელწოდებით - "სასახლე".

უილიამ ფოლკნერი ყოვეთვის ცდილობს ადამიანი უფრო კარგი და უფრო სუფთა გახადოს. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არის მისი ზოგიერთი გმირი ასე გადაგვარებული - სხვათა შორის ამ რომანშიც ჰყავს ასეთი გმირი - მან მიუგო: "მე საკმარისად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რათა მისი ნაკლულოვნების გამოსწორება მინდოდეს და ჩემი ნიჭი და მოწოდება ერთადერთ გზას მიჩვენებს - ნამუსში ჩაგდება, გაკრიტიკება, მასში არსებულ ცუდსა და კარგს შორის განსხვავების ჩვენება; შევახსენო ადამიანებს, რომლებიც სიმდაბლეზე თვალს ხუჭავენ, რომ მათი წინაპრები შესანიშნავ, დიდებულ საქმეებს ჩადიოდნენ. თუ ჩემს ქვეყანაზე მხოლოდ კარგს დავწერ, ეს ნიშნავს რომ ცუდი ოდნავაც არ გამოსწორდება. ადამიანებს ცუდზე უნდა ვუამბო, რათა საკმარისად გაბრაზდნენ, ან შერცხვეთ და ეს ცუდი გამოასწორონ."

- დიდხანს მუშაობდით თარგმანზე?

- დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, დღეში 12-14 საათი ვმუშაობდი. დაახლოებით 35 წიგნი მაქვს ნათაგრმნი და აღმოვაჩინე, რომ მათ შორის "სასახლე" ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლობელია ჩემთვის ამჟამად.

სერიის ფარგლებში ფოლკნერის კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გამოცემა იგეგმება, რომლის შესახებაც ინფორმაციას მკითხველი უახლოეს მომავალში მიიღებს.

გაიგეთ მეტი წიგნის პრეზენტაციის შესახებ

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს