სახალხო ლიტერატურული კონკურსი გრძელდება - ბესტსელერის ავტორის გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება

სახალხო ლიტერატურული კონკურსი გრძელდება - ბესტსელერის ავტორის გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ყველაზე მასშტაბური სახალხო ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 20 მარტს დაიწყო.

"გახდი ბესტსელერის ავტორი" - ამგვარმა მოწოდებამ, როგორც ჩანს, დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში და კონკურსში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება კი შეეძლო ყველას, ვისაც წერა უყვარს და ფიქრობს, რომ ეს საქმე კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, რამდენად გამოცდილია ამ სფეროში. ნაწარმოებების მიღება 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო ჯამში კი გამოვლინდა 272 მონაწილე, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. პირველი ტურის ფარგლებში კონკურსანტებმა საკუთარი ნაწარმოებების მხოლოდ დასაწყისი გამოგზავნეს, რომელსაც ეცნობოდა როგორც ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ასევე სპეციალურად შერჩეული ჟიურიც. ის მონაწილეები კი რომელთა ნაწარმოებების მოკლე მონაკვეთებმაც ყველაზე მეტად დააინტერესა, როგორც მკითხველი, ასევე ჟიური და როგორც ჩანს, ნაწარმოების გაგრძელების წაკითხვის სურვილიც გააჩინა მათში, მეორე ტურშიც გადავიდნენ და ახლა უკვე ბესტსელერის ავტორობას სულ 1 ნაბიჯი აშორებთ.

პირველი ტური 31 მაისს დასრულდა. შედეგად გამოვლინდა 15 მონაწილე, რომელთაგანაც 10 მკითხველის რჩეულია, ხოლო 5 კი ჟიურის. 16 ივნისიდან კი მეორე ტური ოფიციალურად დაიწყო. მკითხველს რჩეული ნაწარმოებების გაგრძელების წაკითხვა უკვე შეუძლიათ "პალიტრა L"-ის ვებ-გვერდზე. შეიცვალა ხმის მიცემის წესიც. საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემა მკითხველს მხოლოდ ფეისბუქის ანგარიშის გამოყენებით შეუძლია. ერთ ადამიანს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეეძლება, რაც კონკურსს კიდევ უფრო დაძაბულსა და საინტერესოს ხდის. მკითხველი ყურადღებით გაეცნობა ნაწარმოებებს და არჩევანს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს, რადგან მას მხოლოდ 1 უნიკალური ხმის უფლება აქვს.

მეორე ტური კი 30 ივნისს დასრულდება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მომავალი ბესტსელერის 5 ავტორი. აქედან 3 მკითხველის, ხოლო 2 ჟიურის რჩეული იქნება. პრიზი კი ნებისმიერი მწერლისათვის საოცნებო შეთავაზებაა: გამომცემლობა "პალიტრა L"-ი გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებებს გამოსცემს და მათ ბესტსელერებად ქცევაზეც თავად იზრუნებს. ივლისის დასაწყისში გრანდიოზული დაჯილდოება გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება იმ მონაწილეთა ვინაობა, რომელთა ნაწარმოებებსაც სულ მალე წიგნის მაღაზიათა დახლებზე ვიხილავთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს