„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“

„ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერა“

"გახდი ბესტსელერის ავტორი" - „პალიტრა L“-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური უკვე დაიწყო. პირველი ტურის შედეგად 272 კონკურსანტიდან 15 საუკეთესო გამოვლინდა - 10 მკითხველის, ხოლო 5 ჟიურის რჩეული. მათი ნაწარმოებების გაგრძელების წაკითხვა და შეფასება საზოგადოებასა და ჟიურის უკვე 16 ივნისიდან შეუძლია, საბოლოოდ კი ივლისის დასაწყისში 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთა ნაწარმოებების გამოცემასა და პოპულარიზაციაზე გამომცემლობა იზრუნებს.

მკითხველი ინტერესით ეცნობა თითოეული კონკურსანტის ლიტერატურულ თუ ბიოგრაფიულ ნიუანსებს. ამჟამად ჟიურის რჩეულს ნოდარ მამაცაშვილს გაგაცნობთ.

ნოდარ მამაცაშვილი: 64 წლის ვარ. ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ პოსტსტალინურ ეპოქაში გაიარა, ანუ მე, როგორც ჩემი თაობის ბევრ წარმომადგენელს, მომიხდა საბჭოური ღირებულებების გადაცვლა ჯერ ეროვნულ და მერე ლიბერალურ ღირებულებებზე. არის ჩემს ცოხვრებაში ერთი მომენტი, რომელზე საუბარიც არ მსიამოვნებს ხოლმე. ბავშვობაში, 10 წლის რომ ვიყავი, ოჯახის წევრებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოვხვდი. ბედისწერამ ისე ინება, რომ უარი მეთქვა 4 გრძნობათაგან პირველზე, ანუ მხედველობაზე. 100 პროცენტით უსინათლო ვარ. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩემითვის, მაგრამ ახლა მე ცხოვრებას ვიღებ ისეთს, როგორიც მომეცა და ვცდილობ, რომ ამ პირობებში და ამ საშუალებებით მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება. ცხოვრება ხომ თვითრეალიზებაა.

- ლიტერატურის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გქონდათ?

- როგორც ყველა ლიტერატორს, მეც სკოლის პერიოდიდანვე, პრობლემები მქონდა მათემატიკის, ფიზიკის და ტექნიკურ საგნების მიმართ. ხშირად არჩევანს ეს განაპირობებს. ერთხანს ლექსებს ვწერდი როგორც ყველა ქართველი, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ლექსების წერა არ იყო ჩემი საქმე. ლიტერატურის მცოდნე გავხდი, მე თვითონ პროზის წერაზე არ მიფიქრია. დაახლოებით 40 წლის ასაკში შემთხვევით მოვკიდე ხელი პროზას.

- დღეს როგორ მიმდინარეობს თქვენი ყოველდღიურობა?

- მე მყავს ძალიან სიმპათიური და კარგი მეუღლე, რომელსაც 10 წლის წინ მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, დღემდე მწოლიარეა, მე მიხდება მისი მოვლა. პარალელურად ვწერ. უცხო ადამიანისთვის შესაძლოა წარმოუდგენელ რამეს ვამბობ, მაგრამ ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი ყოფაა ეს. სულ არ ვწუწუნებ, მოწუწუნე არც ადამიანს უყვარს და არც ღმერთს. 2011 წელს ჩემი ერთი მოთხრობა ნახა და კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა, რომელიც იმ წელს რევაზ ინანიშვილის ლიტერატურული კონკურსის თავმჯდომარე იყო. გამარჯვების ილუზიები არ მქონია, თუმცა, მესამე პრემია დავიმსახურე და დიდი სტიმული მომეცა. ბახი ამბობს: „მე კომპოზიტორი არ ვარ, მე ვარ იმპროვიზატორი, ვიღებ თემებს და ვაკეთებ იმპროვიზაციას.“ ჩემი მწერლობაც იყო იმპროვიზაცია, ავიღებდი თემას და ვიტყოდი, ეს უნდა დავწერო ისე, როგორც ო. ჰენრი დაწერდა, ეს კი უნდა დავწერო ისე, როგორც დაწერდა ილია ჭავჭავაძე, ანუ მე-19 საუკუნის სტილით. ასე რომ, ყველა ჩემს ნაწარმოებს ჰქონდა ერთი კონკრეტული ამოცანა. ამბობენ, რომ ჩემი არცერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა ადამიანმა დაწერაო - მიზეზი რაც არის, უკვე იცით. როცა მეკითხებიან, თქვენ მწერალი ხართ? - არა, კაცო, მე მწერალი არ ვარ! ზაალ სამადაშვილის გამოთქმისა არ იყოს, „მე ვარ საწყალი მომწერლო კაცი“. „საწყალი“ ამ შემთხვევაში სოციალური სტატუსი არ არის, არამედ კაცი, რომელსაც უნდა, რომ წეროს, უხარია, ეს აძლევს მას შინაგანი რეალიზების საშუალებას. მე ვწერ იმიტომ, რომ მსიამოვნებს. ეს არის ჩემი ნათელი სხივი. მომეცა საშუალება და კეთილი ადამიანების თანადგომით 4 წიგნი გამოვეცი.

- პალიტრა L-ის ეს კონკურსი თქვენთვის რიგით მეორე კონკურსია?

- არა. მანამდეც მიმიღია სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, ოღონდ წარუმატებლად. ამ კონკურსში უცნაურად აღმოვჩნდი. მეგობარმა მითხრა, ასეთი და ასეთი კონკურსი ტარდებაო. ბესტსელერი არასდროს დამიწერია. მქონდა მოთხრობა. ამ მოთხრობას ფინალი მოვაცალე და გავგზავნე. მეორე ტურშიც გადავედი. ამის შემდეგ ერთი ამდენი კიდევ დავწერე, სანამ გადამალულ ფინალს გამოვაჩენდი. შევიტანე დამატებითი სიტუაციები, გავამდიდრე ჰონორის და ეროტიკის დეტალები, რათა უფრო კითხვადი გამხდარიყო. ასეც ვუწოდე ჩემთვის - „ნაწარმოები ჰორორის, მისტიკისა და ეროტიკის საკმაზით“. ბესტსელერის დაწერა რთულია. მე შევეცადე სხვადასხვა ეპოქის სურნელი შემეტანა ჩემს ნაწარმოებში, რომელიც 1840 წლით, შეიხ მირ ფეშე აღა მუშტა ჰიდის ცხოვრებით იწყება და სხვადასხვა ეპოქას მოიცავს. ყველა ეპიგრაფი, რომელიც ამ ნაწარმოების 31 თავს ერთვის, ჩემი მოფიქრებულია.

- ახლოვდება ფინალი, რა მოლოდინი გაქვთ?

- რა ვიცი... როცა ვწერდი, ვამბობდი: ჩემი პროგრამის მაქსიმუმია გადავიდე მეორე ტურში. ეს შევასრულე, ახლა რაც მოხდება, მოხდეს.... მარტო მწვერვალები ხომ არ არსებობს, უღელტეხილებიც არის. მე სავსებით კმაყოფილი ვარ ჩემი უღელტეხილობის ფუნქციით.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს