ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივლისის ნომერი #7(79), რომელშიც წაიკითხავთ:

ცხოვრება და ღვაწლი მეფე არჩილ II-ისა

ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის სახელოვან მონარქთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მეფე-პოეტი არჩილ II, რომელსაც წლეულს დაბადებიდან 380 წელი შეუსრულდა. მართალია, არჩილი ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე უფლისწული იყო, მაგრამ მიზეზთა გამო იგი მეფობდა არა ქართლში, არამედ - იმერეთსა და კახეთში, თანაც - დროგამოშვებით. ამ გვირგვინოსნის წყალობით, თელავი კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი გახდა, მოსკოვში დაარსდა ქართველთა პირველი კოლონია და შეიქმნა ქართული სტამბა. არჩილ II-ის მოღვაწეობამ საფუძველი მოუმზადა მისი ძმისწულის - ვახტანგ VI-ის ეპოქას.

ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდის (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე - 1861-1921) სამისიონერო მოღვაწეობას, სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა შიდა ქართლის მთიანეთის, თუშ-ფშავ-ხევსურეთ-მთიულეთის, საინგილოს, წალკა-ახალციხის მოსახლეობისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ეროვნულ-სარწმუნოებრივი გათვითცნობიერების საქმისთვის. მან დაარწმუნა მთიელები განათლების აუცილებლობაში. თითქმის ყველგან დააარსა სკოლა, ”აღადგინა ტაძარნი და მონასტერნი აოხრებულნი”... განსაკუთრებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლეონიდის როლი ინგილოთა მამა-პაპის რჯულზე მოქცევის საქმეში. მისი უშუალო ძალისხმევით აიგო ქურმუხის წმინდა გიორგისა და თასმალოს ეკლესიები, დაარსდა ქალთა და ვაჟთა სკოლები.

900-იანი წლების დასაწყისის ავტოკეფალიური მოძრაობის სულის ჩამდგმელი, წმინდა კირიონთან ერთად, ეპისკოპოსი ლეონიდი იყო... ქართველმა მღვდელმთავრებმა პეტერბურგში სრული სისავსით დაუმტკიცეს მოწინააღმდეგეთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურობა. ჯერ კიდევ 1905-906 წლებში, ქართველი ეპისკოპოსების თავდადებულმა ბრძოლამ ქართულ ეკლესიას დიდი მორალურ-ზნეობრივი გამარჯვება და ავტორიტეტი მოუპოვა... ავტოკეფალიისთვის ბრძოლა და მისი მოპოვება უწმინდესი ლეონიდის მოღვაწეობის გვირგვინია.

მითები დიდი მოურავის შესახებ

გიორგი სააკაძის თემა ვერ ასცდა მითისმთხზველობას, რომლებიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ბეჭდური სახითაც, მეცნიერების პრეტენზიითაც ვრცელდება. ეს კი თავის მხრივ ხალხის მასაში მეტ ნდობას აღძრავს შესაბამისი “ფაქტებისადმი”. ერთ-ერთი ამათგანი გახლავთ ვითომდაც გიორგი სააკაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვა: «ყოველივე ჩემი განზრახული უნდა აღსრულდეს. ქართლში დავბრუნდებით და მალეც!.. დიდი ხანია გავიგე: მხოლოდ ქართველთა სამეფოების გაერთიანებით, მეფის ერთხელისუფლებიანობის(!) განმტკიცებით შეიძლება აღორძინდეს საქართველო. გეფიცები, ჩემო მეფევ, დავით აღმაშენებელს!..» ასეთი სიტყვები მას არც წარმოუთქვამს. მართალია, იგი იმყოფებოდა იმერეთში მეფე გიორგი IV-სთან, შეხვდებოდა უფლისწულ ალექსანდრესაც, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

თითქოს გიორგი სააკაძის ფარს ამშვენებდა ამგვარი წარწერა: «ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული». ესეც წმინდა წყლის გამონაგონია და მისი წყარო გახლავთ რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანი «დიდი მოურავი».

ვრცელდება ჩვენი დიდი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის გამონათქვამიც. მაგრამ მისგან წარმოთქმულ სიტყვასაც არავინ ადასტურებს...

ვარძიის ფრესკები დაზიანებული არ არის

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში თამარ მეფისდროინდელი ფრესკების დიდი ნაწილი გაწმენდილი და აღდგენილია. კედლის მხატვრობის გადარჩენას, რომელიც ნოემბერში ხანძრისგან გაიჭვარტლა, სამუშაოების რამდენიმე ეტაპი დასჭირდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდა, რომ მონასტრის ფრესკები დაზიანებული არ არის. ახლა რესტავრატორები ძეგლს ჭვარტლის ნაწილაკებისგან ათავისუფლებენ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ნიუ-იორკის “დროის კოშკის” საიდუმლო

ოცდაათწლიანი ომი მილიონებიანი მსხვერპლით / რას გვიამბობენ ლიუცენის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების იარები

ძალაუფლების მსგავსი ნიშნები უნგრეთსა და სამეგრელოში / რა აკავშირებს ავსტრიაში დაცულ და წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო გვირგვინებს?

ფილმი ქართული დამწერლობის შესახებ

კალაურის დედათა მონასტრის წინამძღვრის ნეშტის ანთროპოლოგიური გამოკვლევა

«ისტორიანის» სპეციალური ნომერი პოლონეთს მიეძღვნება

უახლესი ისტორია. «თეთრი ზანგები» და «ფერადსისხლიანი» ამერიკა

«საქართველოს ილუსტრირებული ისტორია» - სრული სახით

სარედაქციო ფოსტა. როგორ გამოვიყენოთ ჟურნალი «ისტორიანი» რესურსად ისტორიის გაკვეთილზე

ცბიერების ხელოვნება. «როცა ტალეირანი შეთქმულებას არ აწყობს, მაშინ ვაჭრობს». ნაწილი II. დასასრული

უახლესი ისტორია. როგორ ჩაუგდეს ხელთ ოლიგარქებს რუსეთის ურიცხვი სიმდიდრე

კულისებს მიღმა. გრიგორი კოტოვსკი - «წითელი ფეოდალის» მკვლელობა. ნაწილი I

ქართული ძეგლები. გელათი

ცხოვრება. დავით დვალიშვილის მსახიობობა სიყვარულით

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს