"უწიგნოდ ბავშვი მოაზროვნე ვერ იზრდება"

"უწიგნოდ ბავშვი მოაზროვნე ვერ იზრდება"

ამას წინათ "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიაში პატარა გოგონამ მისი ასაკისთვის შესაფერისი ორი წიგნი იმდენად სწრაფად შეარჩია, რომ ყველა იქ მყოფი გვასიამოვნა, - უპირველესად იმით, რომ კითხვა უყვარს, მერე კი იმიტომ, რომ ძალიან ადვილად მიაგნო მისი ასაკისთვის განკუთვნილ სერიას თაროზე და წასაკითხად გაარბენინა.

დღეს, საბედნიეროდ, ჩვენი წიგნის ბაზარი მრავალფეროვანი გამოცემებით აივსო და მშობლებიც ცდილობენ, შვილებს წიგნები შეაყვარონ, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა, - რა უნდა წავაკითხოთ, როგორ უნდა

შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი, როცა ირგვლივ მრავალი გასართობია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ წიგნის კითხვა ჩვენი პატარებისთვის დილემად კი არ იქცეს, არამედ ბედნიერებად და იმ სამყაროდ, სადაც მათ ყოფნა მუდამ მოუნდებათ?!

განსაკუთრებით რთულია ბავშვის კონცენტრირება წიგნზე ზაფხულში, თუმცა ზაფხული ხომ სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოსწავლეებს ყველაზე მეტი დრო აქვთ კლასგარეშე ლიტერატურის წასაკითხად. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ბავშვმა თავისი ასაკის შესაფერისი წიგნი წაიკითხოს, რათა კითხვა სიამოვნებად ექცეს და არა სირთულედ. შევეცადეთ, გაგვერკვია, რის წაკითხვას ურჩევენ მასწავლებლები მოსწავლეებს. ამისათვის წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლის პედაგოგს, ნინო ინაიშვილს მივმართეთ:

- მართლაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ბავშვის განვითარება, თუ წიგნის კითხვა არ იცის, - უწიგნოდ მოაზროვნე ვერ იზრდება. არ ვგულისხმობ გენიოსებს, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად უნდა იცხოვრონ. Aამიტომაც ვიბრძვი, რომ მათ წიგნის კითხვა შეიყვარონ. ეს პროცესი ქართული ხალხური ზღაპრებით დაწყებითი კლასიდან იწყება, რომელიც კითხვის პირველი ნაბიჯებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს აუცილებლად სასიამოვნო წიგნი უნდა მივცეთ და მასთან ერთად, სტიმულიც. ვუთხრათ, რომ რაიმე სიურპრიზით დაჯილდოვდება, როცა წაიკითხავს. ისეთი წიგნები უნდა შევურჩიოთ, რაც ბავშვის ასაკს, სოციალურ და ემოციურ განვითარებას შეესაბამება. ამისთვის ჩემი სია მაქვს.

ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო სერიაა "მოსწავლის არჩევანი" ზაფხულში წასაკითხად, რადგან ის დაყოფილია კლასების მიხედვით და მარტივია სწორედ იმ ლიტერატურის შერჩევა, რომელიც კონკრეტული ასაკის მოსწავლეს დააინტერესებს. მაგალითად, ამ სერიაში პირველკლასელებისთვის განკუთვნილია ბავშვებისთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის "გუდა-გუდას"" ამბავი, ქცეული წიგნად. რომელშიც ულამაზეს ილუსტრაციებს შეხვდებით, ეს კი ბავშვის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

ამ სერიაში ასევე შეხვდებით ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს, სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცს", რომელთაც თითქმის ყველა თაობა კითხულობს და რომლებიც არასოდეს ძველდება. Aამ სერიაში განუმეორებელია თანამედროვე მეზღაპრის, გურამ პეტრიაშვილის ჯადოსნური ზღაპრებიც. რაც შეეხება ნოდარ დუმბაძეს, მართალია, მას კითხულობენ პატარებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი კითხვა ბავშვმა VII კლასიდან უნდა დაიწყოს, რათა არა მხოლოდ იუმორს, არამედ იმ საოცარ ფსიქოლოგიასაც ჩასწვდეს, რაც ამ მწერალს ახასიათებს.

- უფროსკლასელებს როგორღა აჩერებთ წიგნებთან?

- როცა ბავშვს კითხვა უკვე უყვარს, ის წიგნს არ ტოვებს, მაგრამ თუ ასე არ არის, სხვადასხვა ასაკზე გათვლილი გამოცემის სერია ძალიან ეხმარება. Aმაგალითად, უფროსკლასელებში ძალიან პოპულარულია "ლიბერთინსის" სერია, რომელში შემავალ წიგნებსაც თავად თინეიჯერები არჩევენ. ამ პროექტმა მოზარდებს კითხვა შეაყვარა და ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას მკითხველის დიდ რიგს აყენებს წიგნის მაღაზიებთან. ამ წიგნებში ბავშვები საკუთარ თავსა და კითხვებზე პასუხებს პოულობენ. რაც მთავარია, წაკითხვის შემდეგ ამ ბესტსელერების მიხედვით გადაღებულ ფილმებსაც ნახულობენ. მე, მაგალითად, ამ ასაკში ბავშვებს ვურჩევდი: რეი ბრედ­ბერის "ბოროტი მოდის", მერი ლუს "ლეგენდას", რაქელ პალაციოს "საოცრებას", ქეთრინ ესკინის "ჯაფარას" და სხვა. ამ ასაკში ძალიან ბევრ ბავშვს მოსწონს ო,ჰენრიც, მისი წიგნების შესახებ ბავშვების ძალიან კარგი ჩანაწერები მაქვს შენახული.

ასე რომ, ცხელი ზაფხული მოვიდა, არდადეგებიც უკვე დაიწყო და "მივეფიცხოთ" ყველანი წიგნებს!

ეთერ ერაძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს