„საუკუნის საუკეთესო 100 წიგნის სიას თუ შევქმნით, ეს წიგნი აუცილებლად იქნება მათ შორის“

„საუკუნის საუკეთესო 100 წიგნის სიას თუ შევქმნით, ეს წიგნი აუცილებლად იქნება მათ შორის“

„ყველამ კარგად ვიცით, რა ბიჭიც იყო ბატონი რეიმონდი - დიდი სათვალე, თეთრი თმა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი ღიმილი“- ამბობს 17 წლის ლუკა ქირია. თუ თქვენ უკვე მიხვდით, საიდან გეცნობათ ბატონი რეიმონდის სათვალე, თეთრი თმა და ღიმილი სავარაუდოდ, თქვენც თინეიჯერი ხართ, თქვენც გიყვართ ფენტეზის ჟანრი და ამ ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი - რეი ბრედერი. იგი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად არის აღიარებული ფენტეზის ჟანრში. ხოლო თუ ნიუ-იორკ თაიმსის ცნობებს დავუჯერებთ, სწორედ მისი დამსახურებაა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ ჟანრად ჩამოყალიბება.

მართლაც, ბრედბერმა უამრავი მისტიური წიგნით დაგვამახსოვრა თავი, რომელთაგან უმეტესობას კრიტიკოსებმა მაგიური რეალიზმის ნიმუში უწოდეს. ამ სიაში შედის 1962 წელს გამოცემული რომანიც - „ბოროტი მოდის“, რომელიც ფენტეზის ჟანრის კლასიკადაა აღიარებული და რომლის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

ოქტომბრის ცივ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი!

სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს, კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს...

ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის, ბატონი რეიმონდის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, რომ ყველაფერი წყვდიადმა არ შთანთქას.

ასეთია წიგნის სიუჟეტი, რომელიც „პალიტრა L”- მა ლიბერთინსელების რჩევით თარგმნა და გამოსცა liberteens-ის პროექტის ფარგლებში. უკვე წლებია ლიბერთინსელი ბავშვების არჩევანს ენდობიან და ეცნობიან ქართველი თინეიჯერები. შეგახსენებთ, რომ ლიბერთინსი იმ მოზარდების ჯგუფია, რომლებიც ორიგინალში კითხულობენ თავიანთი თანატოლების საყვარელ წიგნებს და მათ გამოცემას ურჩევენ „პალიტრა L”-ს.

თუ 17 წლის ლიბერთინსელს მარიამ ენუქიძეს დავუჯერებთ: „წიგნში სწორედ ისეთი ამბავია მოთხრობილი, როგორსაც გვიან ღამით, კოცონის გარშემო შემომსხდარნი შესაშინებლად ჰყვებიან ხოლმე. თქვენ მოგიწევთ, მთავარ პერსონაჟებთან ერთად იმოგზაუროთ მისტიციზმის სამყაროში და შეიცნოთ სიკეთისა და ბოროტების არსი. რეი ბრედბერის უჩვეულო წერის სტილი წიგნის პირველივე გვერდებიდან გაგხვევთ იდუმალ, საშიშ გარემოში და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს“.

წიგნის „ბოროტის მოდის“ მთავარი თემა ადამიანთა ძალა და ის შიშებია, რაც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. შესაბამისად, ეს არის ფენტეზის ჟანრის წიგნი, რომელიც გაჯერებულია რეალიზმის დეტალებით. ჯერ კიდევ 1999 წელს The New York Times-მა ეს წიგნი ამგვარად შეაფასა: „ საუკუნის საუკეთესო 100 წიგნის სიას თუ შევქმნით, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად მოხვდება მათ შორის“.

ასე რომ, ყველამ, ვისაც უყვარს ბნელი და იდუმალი ისტორიები და ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რა წაიკითხოს ამ ზაფხულს, შეუძლია დაუფიქრებლად შეაჩეროს არჩევანი ბრედბერის ამ შედევრზე და როგორც ლიობერთინსელები გირჩევენ: „იპოვეთ უზარმაზარი სათვალე და მანამდე არ მოიშოროთ ბრედბერის ღიმილი, სანამ წიგნის ბოლოს არ მიადგებით“.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს