რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თავიანთ თანატოლებს

რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თავიანთ თანატოლებს

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს, სტატისტიკა სულ სხვა ტენდენციას გვიჩვენებს - რაც დრო გადის, მოზარდებში წიგნის მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და ეს პარალელური პროცესი, ფაქტობრივად, ყველაზე პრესტიჟულ და მოდურ ”გასართობადაც” მკვიდრდება. წიგნის კითხვა რომ მოზარდებში პოპულარულობას იბრუნებს, ამაზე ბოლო პერიოდში წიგნის მაღაზიებთან ათასობით თინეიჯერის რიგი და მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდაც მოწმობს. ბუნებრივია, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ყველანი ვიმუხტებით დასვენების, გართობისა და განტვირთვის საგანგებო მოლოდინით, თინეიჯერები აქტიურად ეძებენ ე.წ. საზაფხულო ლიტერატურასაც, ამ მხრივ მოზარდებისთვის შეუცვლელი თანამგზავრი გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ”ლიბერთინსი” და ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურაა. მოგეხსენებათ, ”ლიბერთინსი“ თინეიჯერული ლიტერატურული პროექტია, რომელშიც მოზარდები არიან ჩართულნი და თავადვე არჩევენ იმ უცხოურ ლიტერატურას, რომლის წაკითხვაც ქართულ ენაზე სურთ. ”კვირის პალიტრა” ”ლიბერთინსის” რამდენიმე აქტიურ მონაწილეს ესაუბრა, რომლებიც თანატოლებს წაკითხული ლიტერატურისგან მიღებულ შთაბეჭდილებასა და რეკომენდაციებს უზიარებენ:

გიორგი კიკაბიძე: ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც ყველა მოზარდი თავისუფალია. პირადად მე, მთელი წლის განმავლობაში ვადგენ საკითხავ სიას, წელს საკითხავი სიის პირველი სამეული ასე გამოიყურება: საბა ტაჰირის „ნაპერწკალი ფერფლში“, ეს წიგნი ავტორის სადებიუტო ნაშრომია. ავტორს წიგნმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში მსოფლიო აღიარება მოუტანა. ვისაც უყვარს ფენტეზი, სამეფო ინტრიგები და მძაფრი სიუჟეტი - ეს წიგნი მათთვის აუცილებელი საკითხავია. მეორე წიგნია ერნესტ კლაინის „პირველი მოთამაშე, მოემზადე“. კლაინმა ამ წიგნით კაცობრიობას ახლო მომავალი უწინასაწარმეტყველა, სადაც ადამიანები ვირტუალურ რეალობაში გადასახლდნენ. მწერალმა მოახერხა ის, რასაც ბევრი გამოცდილი მწერალი ვერ ახერხებს, გვიჩვენა მომავალი წარსულის ელემენტებით. მესამე კი, ლუის ლოურის „გამღები“ გახლავთ. ეს ნაწარმოები მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული და ამერიკის სასწავლო პროგრამაშიც კია შეტანილი. ლოურის სამყარო სრულიად დაცლილია ადამიანური ემოციებისაგან, მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ჯონასს შეუძლია იხსნას ადამიანები, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოგონებები უნდა იტვირთოს, როგორც კარგი ასევე ცუდი.

ლუკა ხვარეშია: თითქმის ყოველთვის რაღაცას ვკითხულობ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა სეზონი იქნება, თუმცა, ბუნებრივია, ზაფხული მაინც განსხვავებულია. დროის ამ მონაკვეთში თინეიჯერებს მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. ამ ზაფხულს ბევრი წიგნის წაკითხვას ვგეგმავ, მათ შორისაა მერისა მეიერის "კრესი", რიკ იანსის უსასრულო ზღვა“ და ელიფ შაფაქის "ღირსება". "კრესი" ლიბერთინსის ერთ-ერთი სერიის „მთვარის ქრონიკის“ წიგნია, რომელიც ძალიან საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს დისტოპიურ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროზე. „უსასრულო ზღვა“ ასევე ლიბერთინსის სერიის წიგნია. ნაწარმოებმა პირველივე გვერდებიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ახლა მოუთმენლად ველი შემდეგი ნაწილების გამოცემას. რაც შეეხება ელიფ შაფაქის "ღირსებას", ზოგადად ეს მწერალი თურქულ რეალობას ყველაზე კარგად აღწერს და მის სიცოცხლეშივე უკვე ბევრი წიგნი იქცა კალსიკად. ”ღირსება” ერთი ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს აღმოსავლეთის მიყრუებული სოფლიდან ლონდონამდე ჩააღწიოს.

მარია ენუქიძე: როგორც იქნა მოაღწია ჩემმა საყვარელმა ზაფხულმა და მშვიდად შემიძლია ვიკითხო ამდენი ხნის ნანატრი წიგნები. თანატოლებს "ქარწაღებულნი" -ს წაკითხვას ვურჩევ, მარგარეტ მიტჩელის, კლასიკოსად აღიარებული მწერლის, იდეალური წერის სტილი პირველივე გვერდებიდან გვითრევს სკარლეტ ო'ჰარას მღელვარე ცხოვრების მორევში. კეს მორგანის "ასეული" კი სწორედ ის წიგნია, რომელიც სუნთქვას შეგვიკრავს, დაგვაფიქრებს უამრავ პრობლემაზე, დაგვანახებს, როგორ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს სამყარო. ამ ყველაფერს კი თინეიჯერების თვალით ვხედავთ, რაც წიგნს მეტ ეფექტურობასა და დაძაბულობას ჰმატებს. რეი ბრედბერის "ბოროტი მოდის" - ეს წიგნი თავისი მისტიკური ელფერით კითხვის პროცესს საშიშს, ჩამთრევსა და დაუვიწყარს ხდის, საჰელოუინო განწყობა კი ზაფხულის ცხელ დღეებს შემოდგომის გრილ ელფერს სძენს.

რუსა შელია

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს