ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომერი #8(80), რომელშიც წაიკითხავთ:

კავკასიური ტრაგედია. აფხაზთა მუჰაჯირობა

აფხაზი ხალხის ისტორიაში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში ტრაგიკული ფურცელი გადაიშალა. 1864, 1867 და 1877 წლებში მრავალი ათასი აფხაზი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ოსმალეთში გადახვეწილიყო. ეს მოვლენები ისტორიაში მუჰაჯირობის სახელით არის ცნობილი.

მუჰაჯირობა საერთოკავკასიური პროცესი იყო, რომელიც არა მარტო აფხაზებს, არამედ ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შეეხო. კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში თან სდევდა კავკასიის ამა თუ იმ რეგიონში რუსეთის მმართველობის დამყარებას. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან - სამხედრო მოქმედებათა წყებასთან, რომელსაც მეფის რუსეთი კავკასიაში XVIII-XIX საუკუნეებში წარმართავდა. ცარიზმის კოლონიზატორულმა პოლიტიკამ კავკასიელთა გადასახლებას გადამწყვეტი ბიძგი მისცა...

ბონისტიკა. “თფილისი” საუკუნის წინანდელ ქართულ ფულის ნიშნებზე

თბილისი ქართულ ბონისტიკურ ძეგლებზე პირველად აღბეჭდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონის (ანუ დროებითი ფულადი ნიშნის) ყველაზე მსხვილი ნომინალი - 5.000 მანეთის ღირებულებით, 1921 წლის დასაწყისში გამოვიდა მიმოქცევაში. ამ კუპიურის ესკიზი შეადგინა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ. მისი გამოშვება გარეგნულად უცვლელი სახით გრძელდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგაც. 1922 წელს საქართველოს სსრ-ის მთავრობამ მიმოქცევაში გამოუშვა 10.000 მანეთის ღირებულების ბონის კუპიურა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 5.000-მანეთიანს, მხოლოდ მთავრობის სასახლის ფლაგშტოკზე აღმართული ეროვნული დროშა ჩაანაცვლეს წითელი დროშით, რომლის შუაგულშიც გამოსახული იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი. საქართველოს სსრ-ის მთავრობის მიერ 1922 წლის 31 მაისს გამოშვებულ ვალდებულებებზე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი დასახელებული იყო როგორც: «ტფილისი». თბილისის მუშათა კოოპერატივის სახელით 1924 წელს გამოშვებულ ქაღალდის ფულად სუროგატებზე კი, რომელთა ღირებულება იყო 5 და 10 მილიონი მანეთი, გამოისახა დედაქალაქის სიუჟეტი და მისი დასახელება, როგორც: «თფილისი».

დიდი მამების შვილები. აკაკი წერეთლის ვაჟის თავგადასავალი

ალექსი წერეთელმა პარიზში მთელი ქონება «მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს» უანდერძა. მარტო საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა მილიონ-ნახევრად იყო შეფასებული... ალექსი წერეთელი - აკაკი წერეთლისა და ნატალია პიოტროვნა ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი 1864 წელს დაიბადა სოფელ სხვიტორში. ის რუსეთში აღიზარდა და ცხოვრება ოპერას დაუკავშირა. ქართველებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ აკაკი წერეთლის შვილმა ქართული თითქმის არ იცოდა, თუმცა, ქართული კულტურითა და მამის შემოქმედებითაც დაინტერესებული იყო. ალექსი წერეთელი შესანიშნავად ერკვეოდა რუსულ და ევროპულ ხელოვნებაში, ითვლებოდა თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ უნიჭიერეს შემფასებლად, თვითონვე დგამდა ოპერებს და ანტრეპრენიორულ საქმიანობასაც მისდევდა. ერთხელ ალექსის უცდია სხვების დახმარებით მამისთვის წერილის ქართულ ენაზე მიწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: «შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით».

მსოფლიოში ცნობილი ტაძრები. ბორობუდური - «კუნძულეთის» საოცრება

IX საუკუნის მონუმენტური ბუდისტური კომპლექსი ბორობუდური ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს. მშენებლობა დაახლოებით 75 წელიწადს გრძელდებოდა და 825 წელს დასრულდა. ნაგებობის კვადრატული კვარცხლბეკის გვერდის სიგრძე 118 მეტრია, მასზე დაშენებულია ექვსი მართკუთხა და სამი წრიული ვრცელი ტერასა. XV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოები დაკნინდა, ადგილობრივები ისლამზე მოექცნენ და ბორობუდური, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ვულკანური ფერფლითა და ჯუნგლებით დაიფარა, მიატოვეს.

ანსამბლი 1814 წელს ხელახლა აღმოაჩინა იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის გაგზავნილი 200 კაცი ადგილობრივთა მინიშნებით ორ თვეს ჩეხდა ტყეს, მონუმენტამდე რომ მიეღწია... 1835 წლისთვის ბორობუდური მთლიანად გაასუფთავეს და გამოაჩინეს. მას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. ბორობუდურში ბუდას 504 ქანდაკებიდან 300-ზე მეტი დაზიანებულია (ძირითადად თავები აკლია), 43 კი დაკარგულია (მონუმენტის აღმოჩენის დღიდან, თავები ძირითადად კოლექციებისთვის მოიპარეს, უმეტესად დასავლურმა მუზეუმებმა). წელიწადში ერთხელ, სავსემთვარეობისას, მაისში ან ივნისში, ინდონეზიელი ბუდისტები აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელიც ინდონეზიაში ოფიციალური დასვენების დღეა. ცერემონიები იწყება მეზობელ ბუდისტურ ტაძრებში და ბორობუდურში სრულდება.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

თელავი - მწიგნობართა უძველესი ქალაქი

როგორ გამოიყურებოდა ლათინური ამერიკის კლეოპატრა / მეცნიერებმა პერუში ცნობილი მუმიის, ლედი კაოს სახე აღადგინეს

შეჯახება «ფარაონების წყევლასთან»

საიდუმლო გვირაბი მთვარის პირამიდის ქვეშ

ვატიკანის დელეგატის უცნობი წერილი ბოლშევიკებს - ადრიანუს სმეტსი 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებას გორის კათოლიკური ეკლესიის დაბრუნებას სთხოვდა

ეთნოლოგია. ზოგიერთი ხალხური თქმის გაგებისთვის

ებრაელები საქართველოში. საქართველოს «ლოცვა»-სინაგოგები

არისტოკრატები. ვინ იყვნენ სმირნოვები

რელიგიის ისტორიიდან. ქრისტიანობასთან ბრძოლის დასაწყისი იაპონიაში

კულისებს მიღმა. გრიგორი კოტოვსკის მკვლელობა - უდიდესი სადაზვერვო ბლეფის, ოპერაცია «ტრესტის» შესანიღბავად ჩეკისტებმა წითელი არმიის სახელოვანი მეთაურიც გაწირეს (ნაწილი II. დასასრული)

ლიტვაში ქართველი მეცნიერი დააჯილდოეს

მეკობრეობა ევროპაში. «მესურსათე ძმები» - ჩრდილოეთის ზღვების მეკობრეებმა ევროპის მრავალი ქალაქი აიკლეს

სარედაქციო ფოსტა. ხმელთაშუა ზღვისპირეთის დედოფალი

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს