მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს

მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს

მისი სახელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ლეგენდებითა და ჭორებით მოცული. წერდნენ, რომ ამ მწერლის ცხოვრებაში 3 რამ იყო მთავარი -ლიტერატურა, მოგზაურობა და ქალები. სიცოცხლის განმავლობაში 27 ჯერ გამოცვალა საცხოვრებელი და, 16 ჯერ ფსევდონიმი - ეს ჟორჟ სიმენონია, მწერალი, რომელიც ყველაზე პოპულარულ მწერალთა პირველ სამეულში შედის, რომელთა ნაწარმოებებიც ფრანგულიდან მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ითარგმნება.

თვითონ სიმენონი კი თავის თავზე ამბობდა: "ნამდვილ მწერალს გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ აღიარებენ და აფასებენ, მე კი ვარ მწერალი რომელსაც დღევანდელობაში (ახლანდელ დროში) კითხულობენ, თუმცა ეს მე სულაც არ მადარდებს, მარადისობისთვის არსებობენ ბალზაკის, ჰიუგოს, გოგოლისა და სხვათა სახელები"... ალბათ, არ იყო მწერალი გულწრფელი, როდესაც ამბობდა რომ მხოლოდ ახლანდელ დროში აღიარებაც მისაღები იყო მისთვის და არ ნაღვლობდა რა მოხდებოდა მერე. მომავალმა გვიჩვენა, რომ ჟორჟ სიმენონი ახლაც ისეთივე მოთხოვნადი და კითხვადი მწერალია, როგორიც სიცოცხლეში.

დავიწყოთ თავიდან... ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაზღვევო კომპანიის მოკრძალებული თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი და ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას ლიეჟის გაზეთის პოლიციური ქრონიკისთვის წერას მიჰყო ხელი. მამის მძიმედ დასნეულების გამო სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამხედრო სამსახური გაიარა.

1924 წელს თავისი პირველი თხზულება - "მემანქანე ქალის რომანი" გამოსცა.

დღეს სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მწერლად არის აღიარებული. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე.

სახელგანთქმული "კომისარი მეგრე" მის შემოქმედებაში 1929 წელს გამოჩნდა. "მეგრეს ციკლიდან" პირველი ნაწარმოები სიმენონმა სულ რაღაც ექვს დღეში დაწერა, ეს სახე მკითხველს იმდენად მოეწონა, რომ ქალაქ დელფზეილში, სადაც მან თავისი გმირი მოიფიქრა, კომისარ მეგრეს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ სიმენონის სიცოცხლეში მოხდა. მისი გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მწერალს დაბადების მოწმობა გადაეცა, რომელშიც ჩაწერილი იყო: "ჟიულ მეგრე, დაბადების ადგილი - დელფზეილი, მამა – ჟორჟ სიმენონი, დედა უცნობია..."

კომისარ მეგრეს ციკლიდან ბევრი რომანია ეკრანიზებული.

ავტორი ამ სახელგანთქმულ გმირს 40 წელზე მეტხანს არ დაშორებია: ამ სერიის პირველი რომანი 1931 წელს გამოიცა, ბოლო - "მეგრე და მესიე შარლი" კი - 1972 წელს.

მიუხედავად მერგეს ასეთი პოპულარობისა, სიმენონი უფრო მეტად, თავის ფსიქოლოგიურ თხზულებებს აფასებდა, რომლებსაც "ძნელ" რომანებს უწოდებდა. ასეთებად კი მიაჩნდა: "მატარებელი", "ჭუჭყი თოვლზე" (ან "თოვლი ჭუჭყიანი იყო"), "მატარებელი ვენეციიდან", "პრეზიდენტი" (უკანასკნელს მკითხველი ჩვენი "რჩეულის" ხუთტომეულში იხილავს).

მწერალი 1989 წელს შვეიცარიაში (ლოზანაში) 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად წიგნების სერია "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში, ცნობილი მწერლის ცნობილ დეტექტივებს გაეცნობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს