"დათო ტურაშვილთან მუშაობამ შემოქმედებითი თავისუფლება მომიტანა"

"დათო ტურაშვილთან მუშაობამ შემოქმედებითი თავისუფლება მომიტანა"

დათო ტურაშვილი: "სინამდვილეში, ერთი მწერალი მეორეს ვერაფერს ურჩევს და რამდენჯერაც შევხვდით ერთმანეთს, მე უფრო ხშირად ვუსმენდი ელის დოდჯსონს, ვიდრე პირიქით... დოდჯსონის რომანის კითხვისას მარტივად აღმოაჩენ იმ სამყაროს, რომელსაც ვერ მოსწყდები, სანამ ბოლოში არ გახვალ­ და მერე, კითხვას რომ დაასრულებ, დიდხანს ისევ ამ წიგნში რჩები"

"პალიტრა L"-ის სახალხო ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები ოქტომბერში ნამუშევრების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან, მანამდე კი სამწერლო კარი­ერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში­ ცნობილი მწერლები ეხმარებიან - თითოეულს საკუთარი მენტორი ჰყავს. ისინი­ ახალბედა შემოქმედთა ლიტერატურულ შესაძლებლობებს აფასებენ და რჩევებსაც უზიარებენ. დათო ტურაშვილი ელის დოდჯსონის მენტორია, თამრი ფხაკაძე - თათული ღვინიანიძის, ტორესა მოსი - თორნიკე ზვიადაურის, თეონა დოლენჯაშვილი - შორენა ხუხუასი და გიორგი კეკელიძე - ია კარგარეთელის. მენტორებს­ ნაწარმოებების კითხვა უკვე დაწყებული აქვთ და მათი პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. თბილი, კეთილი და სევდიანი - ასე აფასებს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მწერალი დათო ტურაშვილი ელის დოდჯსონის ნამუშევარს:

- "პალიტრა L"-ის ორგანიზებული კონკურსი განსაკუთრებული ხელშეწყობაა­ მომავალი თაობისთვის - სწორედ ამიტომ გამომცემლობის ამ კონკრეტული პროექტის იდეამ გამახარა.

- თქვენთვის რატომ იყო ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო, მით უ­მეტეს, ახალბედა შემოქმედთან მუშაობა და მისთვის რჩევების მიცემა?

- პროექტში ჩართვის შემოთავაზება საინტერესო აღმოჩნდა - კონკურსში ამ ფორმით მონაწილეობაზე უარს ვერ ვიტყოდი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ელის დოდჯსონის რომანი წავიკითხე. თუმცა­, თავიდანვე ვიცოდი, რომ კონკრეტულად მენტორის სტატუსს ვერ მოვირგებდი, რეალურად, ამ ავტორთან ურთიერთობა უფრო მინდოდა, თუნდაც ინტერესის გამო - ვინ იყო სინამდვილეში ელის დოდჯსონი. საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი გამართლდა - უაღრესად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. სინამდვილეში, ერთი მწერალი მეორეს ვერაფერს ურჩევს და რამდენჯერაც შევხვდით ერთმანეთს, მე უფრო ხშირად ვუსმენდი მას, ვიდრე პირიქით. გულწრფელად მინდა წარმატებას მიაღწიოს არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

- აღნიშნეთ, რომ დოდჯსონის შემოქმედებას უკვე გაეცანით. რატომ მოგეწონათ მისი რომანი და რამ უნდა განაპირობოს მისი წარმატება?

- როგორც ჩანს, კონკურსის მსვლელობისას მკითხველთა უმრავლესობამ იგრძნო ის რაღაც საიდუმლო, რომელიც უხდება ლიტერატურას და ამიტომაც დაუჭირა მას მხარი. რომანი მარტივად არის დაწერილი, ამბების მოყოლის დინამიკაა. კითხვისას მარტივად აღმოაჩენ იმ სამყაროს, რომელსაც ვერ მოსწყდები, სანამ ბოლოში არ გახვალ­ და მერე, კითხვას რომ დაასრულებ, დიდხანს ისევ ამ წიგნში რჩები.­ რომანი თბილი, კეთილი და იმავდროულად, სევდიანია. ვფიქრობ, მის საბოლოო ვერსიას მკითხველი მალევე აიტაცებს და მართლაც ქართული თანამედროვე ლიტერატურის ბესტსელერი გახდება.

როგორც თავად ელის დოდჯსონი გვიმხელს, დათო ტურაშვილთან მუშაობამ მას შემოქმედებითი თავისუფლება მოუტანა და დღეს ახალ რომანზე მოსალოდნელი კრიტიკის შიშის გარეშე მუშაობს.

ელის დოდჯსონი, მწერალი:

- დათო ტურაშვილი საოცრად მონდომებული მენტორია, რამდენიმე რჩევა მივიღე მისგან და უკვე პრაქტიკაშიც ვიყენებ - რამდენიმე დღეში ლიტერატურულ საღამოზე წიგნი უნდა წარვადგინო, დათომ კი მირჩია, რა მიმართულებით გავაკეთო აქცენტი, რომ მკითხველისთვის ჩემი რომანის მთავარი სათქმელი გასაგები იყოს. ვფიქრობ, მკითხველი ჩემს პირველ საჯარო ნამუშევარს დადებითად გამოეხმაურება, რადგან კონკურსის პერიოდშიც უმრავლესობა მეხმიანებოდა - რომანის საბოლოო ვერსიის წაკითხვა გვსურს და იქნებ დროულად მოგვეცეს ამის შესაძლებლობაო. დათო ტურაშვილთან მუშაობამ შემოქმედებითი თავისუფლება მომიტანა­ - დიდი ხანია ვწერ, თუმცა, ნამუშევრებს მეგობრების მხოლოდ მცირე ჯგუფს ვაკითხებდი. მეგონა, სხვებს არ მოეწონებოდათ, მეგობრების შექებას კი მხოლოდ გამხნევებად აღვიქვამდი - ალბათ, არ უნდათ, გული მეტკინოს-მეთქი, ვფიქრობდი. რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს ორ განსხვავებულ რომანზე სავსებით თავდაჯერებული ვმუშაობ - დათო ტურაშვილმა მომცა რწმენა, რომ არ უნდა მეშინოდეს კრიტიკის და ჩემი სათქმელი მოურიდებლად გადავიტანო ფურცლებზე.

რუსუდან შელია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს