ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები

ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები

ფაქტები, რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, დროთა განმავლობაში ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და ამა თუ იმ მოვლენის ახალი კუთხით აღთქმაშიც გვეხმარება. მსოფლიო ისტორიაში დაფარული თემები ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ინფორმაციებს ვაწყდებით, რომ ნამდვილად გვიკვირს.

რამდენიმე წლის წინ ერთი საგულისხმო ცნობა გავრცელდა, რომელმაც მთელი ბრიტანეთი ღრმა შოკში ჩააგდო. თავის დროზე, 1939 წელს, როდესაც ინგლისელი მსახიობი ლოურენს ოლივიე ჰოლივუდში დარჩა, ისტორიულ სამშობლოში მას პატრიოტიზმის დეფიციტი დააბრალეს. სინამდვილეში თურმე ეს უკანასკნელი ამერიკაში სერიოზულ მისიას ასრულებდა, რადგან ინგლისური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ყოფილა, კოდური სახელით "მი-6". ოლივიეს დავალებას წარმოადგენდა დაერწმუნებინა გავლენიანი ამერიკელები, დახმარება აღმოეჩინათ დიდი ბრიტანეთისთვის ჰიტლერთან ომში...

გაშიფრული არქივების ცნობით, ლეგენდარული მსახიობი 1940 წელს გადაიბირეს დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის პირადი მითითებით. ლოურენს ოლივიეს სპეცდავალება ჩინებულად შეუსრულებია და შემდეგ, უკვე 1941 წლის დასასრულს სამშობლოში დაბრუნებულა და სამხედრო სამსახურიც მოუხდია ერთ-ერთ საავიაციო ნაწილში.

აი, ცოტა ხნის წინ კი მორიგი სენსაციური ინფორმაციის მომსწრენი გავხდით. გამოცემამ "The Daily Beast" "საინტერესო" ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, არც მეტი არც ნაკლები საბჭოთა НКВД-ს აგენტი ყოფილა. გამოცემის ჟურნალისტების მტკიცებით, 1940-1941 წლების ზამთარში, ქალაქ ნიუ-იორკში ჰემინგუეის საბჭოთა მზვერავი (შპიონი, აგენტი) იაკობ გოლოსი შეხვდა, რამდენჯერმე ესაუბრა და მოსკოვთან თანამშრომლობაზე დაიყოლია.

გამოცემა "The Daily Beast"-ის თანამშრომლების მტკიცებით, საბჭოთა ხელისუფლება ჰემინგუეის პოროვნებით წინა საუკუნის 30-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი ამერიკელ მემარცხენეთა გამოცემასთან "ახალი მასა" თანამშრომლობდა.

ამის შემდეგ მომავალი დიდი მწერალი რუსული სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში კიდევ ერთხელ, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მოექცა. ცნობილია, რომ ჰემინგუეი იმ დროს გერმანიაში მოქმედი ფაშისტური რეჟიმის დაუნდობელ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტების აზრით, ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი მის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე - ეთანამშრომლა რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან.

ალბათ ისმის ლოგიკური შეკითხვა - რა სურდათ რუსებს მწერლისაგან და მისგან რა სახის ინფორმაციების მიღებას მოელოდნენ? ჰემინგუეი აპოლიტიკურ ადამიანად ითვლებოდა და აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოებებთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ცნობილია რომ, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, საბჭოთა სადაზვერვო სამსახური აშშ-ის სახელმწიფო გასაიდუმლოებული მასალების ხელში ჩაგდების პარალელურად, იმ პოპულარული ამერიკელების საკუთარ სამსახურში ჩაყენებასაც ცდილობდა, რომლებსაც ამ ქვეყანაში გარკვეული ავტორიტეტი გააჩნდათ და სიტყვაც ეთქმოდათ. ამ ხალხს რაიმე სპეციალური სადაზვერვო საქმიანობა არ უნდა ეწარმოებინათ. მათი მთავარი მიზანი, აშშ-ში საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდა გახლდათ. ეს ადამიანები უმეტესწილად ხელოვნების სფეროს წარმოადგენდნენ, ბევრს მოგზაურობდნენ და საბჭოთა ცხოვრებისეული იდეალების ე.წ. ფართო რეკლამირებაც იოლად შეეძლოთ.

საბჭოთა მხარეს ჟურნალისტი ჰემინგუეი ამ მიმართულებით სჭირდებოდა. ცხადია მას საიდუმლო მასალების მოპარვასა და საბჭოთა მხარისათვის გადაცემას არავინ სთხოვდა. სამაგიეროდ, ცნობილია რომ დიდი მწერალი საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების მიმართ მეტად ლოიალური გახდა და ეს ფაქტორი მის არაერთ საჯარო გამოსვლაში დაუფარავად იგრძნობოდა.

ჰემინგუეის ერთ-ერთი მეუღლე ელეონორა, რუზველტის ახლობელი გახლდათ. ამის გამო, ერთი პერიოდი მწერალი თეთრი სახლის ხშირი სტუმარიც იყო და თვით ფრანკლინ რუზველტთანაც პირისპირ არაერთხელ უსაუბრია.

ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით ჰემინგუეის არცერთი ამერიკული კანონი არ დაურღვევია. წლების მანძილზე ის მხოლოდ საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდით იყო დაკავებული. ეს კანონგარეშე მოვლენა არ გახლავთ, რადგან იმ დროს ანალოგიურ ქმედებებში არაერთი მისი ცნობილი თანამემამულეც გახლდათ შემჩნეული.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა, ჰემინგუეი ამ ურთიერთობების მოწესრიგებასა და დაბალანსებას ცდილობდა. ის გამოდიოდა მოწოდებით, რომ "კომუნისტური რუსეთი აშშ-ის თანაბარი პარტნიორია, მასთან კონფლიქტი ხეირს არავის მოუტანს და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა გაიზიარონ იმ ევროპელი კოლეგების მოსაზრება, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ღია კონფრონტაციას ქადაგებენ".

რასაკვირველია, გამოცემა "The Daily Beast"-ში გამოქვეყნებული მასალა სენსაციური ხასიათისაა. მისი ავტორები საკუთარ სიმართლეს დაუფარავად ამტკიცებენ. არის კი სიმართლის მარცვალი ამ ინფორმაციაში? სამწუხაროდ, მისი უარყოფა ან დამტკიცება არც ჰემინგუეისა და არც აგენტ გოლუბს აღარ შეუძლიათ...

გიორგი გაჩეჩილაძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს