4 წიგნი, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხო

4 წიგნი, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხო

აქტიური ზაფხულის შემდეგ შედარებით პასიური შემოდგომა მოდის. ამინდის ცვლილება ადამიანის განწყობაზეც ახდენს გავლენას. როცა გარეთ მცხუნვარე მზეს წვიმის წვეთები ცვლის, საზოგადოების დიდი ნაწილი საღამოს სახლში, სიმშვიდეში გატარებას არჩევს. თბილი პლედი, ცხელი ჩაი და საყვარელი წიგნი - ეს შემოდგომის საღამოების სასიამოვნოდ გასატარებლად საჭირო ნივთების საუკეთესო კომბინაციაა.

კითხვა ადამიანს ამშვიდებს და ამავდროულად, ბევრ საკითხზე აფიქრებს, ბევრს ასწავლის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველ საღამოს გარკვეული დრო კითხვას დავუთმოთ და ეს პროცესი ტრადიციად ვაქციოთ.

ჩვენ გირჩევთ 4 წიგნს, რომლებიც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით პოპულარულია და რომლებიც შემოდგომის გრილ საღამოს სახლში თბილად მოკალათებულმა შეგიძლიათ წაიკითხოთ.

"ეშმაკს აცვია პრადა"

ამერიკელი მწერლის, სცენარისტისა და ჟურნალისტის, ლორენ ვაისბერგერის სადებიუტო წიგნია, რომელიც 2003 წელს ამერიკაში გამოიცა. მან გამოსვლისთანავე დაიკავა ადგილი ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის და 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნა "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერის სტატუსი.

რომანის მთავარი გმირი, უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებული, პროვინციელი გოგონა ანდრეა საქსია, რომელიც მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდება. ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალის, "პოდიუმის" მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. მასთან ურთიერთობისას მალევე აღმოაჩენს, როგორი დაუნდობელია მოდის სამყარო. რომანის დაწერის ინსპირაცია ლორენ ვაისბერგერის პირადი გამოცდილება გახდა. ავტორი ჟურნალ "ვოგის" მთავარი რედაქტორის ასისტენტად მუშაობდა.

"სიყვარულის ორმოცი წესი"

თურქი მწერლის, ჟურნალისტის, აკადემიკოს ელიფ შაფაქის რომანია. ეს ერთ-ერთია იმ 3 რომანიდან, რომლებიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა. წიგნი ეფუძნება ელიფ შაფაქის ისტორიულ კვლევას, რომელიც მან საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მოამზადა. ორიგინალი ამერიკაში 2009 წელს გამოიცა. მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის, ქართულად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. "სიყვარულის 40 წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.

ნაწარმოები ორი ერთმანეთის პარალელურად

განვითარებული ისტორიისგან შედგება. მისი მთავარი გმირი თანამედროვე ამერიკელი ქალია, რომლის ცხოვრებაშიც ორი საოცარი სამყარო შემოიჭრა: სიყვარული და აღმოსავლეთი.

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე"

ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელიც მან 2006 წელს გამოსცა. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას და მოგზაურობას. ოთხ თვეს იტალიაში ატარებს, სადაც ჭამს იტალიურ საჭმელებს და ცდილობს იტალიურის სწავლას; სამ თვეს - ინდოეთში, სადაც მედიტირებს და ლოცულობს, ხუთ თვეს კი კუნძულ ბალიზე დაჰყოფს, ინდონეზიაში. საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

"ნამსხვრევები"

კანადელი პოეტისა და მწერლის, ენ მაიკლსის სადებიუტო რომანი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად. პირველი ტირაჟი 1996 წელს კანადაში გამოიცა, ერთი წლის შემდეგ კი - დიდ ბრიტანეთში. წიგნი გამოსვლისთანავე დასახელდა "ნიუ იორკ თაიმსის" ღირსშესანიშნავ წიგნად.

წიგნის მთავარი გმირი 7 წლის ებრაელი ბიჭი, სახელად იაკობია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ცხოვრობს. მას ნაცისტები ოჯახის წევრებს საკუთარ სახლში თვალწინ დაუხოცავენ. იაკობი მათ კარადის უკან დაემალება და ასე გადაურჩება სიკვდილს. მოგვიანებით ტყეს შეფარებულ ბიჭს ბერძენი გეოლოგი იპოვის, რომელიც იშვილებს და საბერძნეთში წაიყვანს საცხოვრებლად. ომის დასრულების შემდეგ კი ისინი ტორონტოში გადადიან. წიგნი ორ ნაწილადაა დაწერილი. პირველ ნაწილში იაკობის ცხოვრების დეტალებს ის თავად ჰყვება, მეორე ნაწილში კი მისი პოეზიის თაყვანისმცემლის მონათხრობია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს