თათული ღვინიანიძე - ლიტერატურული კონკურსიდან ბესტსელერობამდე

თათული ღვინიანიძე - ლიტერატურული კონკურსიდან ბესტსელერობამდე

21 წლის ჟურნალისტი თათული ღვინიანიძე, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი" მკითხველის რჩეული გახდა, უკვე რეალური ბესტსელერის ავტორია. მისი რომანის „აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. წიგნი 2000-იანი ტირაჟით გამოიცა, თვენახევარში კი ტირაჟი სრულიად ამოიწურა, რის გამოც გამომცემლობამ ხელახლა მეორე ტირაჟი გამოსცა და ახლა იგი ბიბლუსის ქსელში კვლავ ხელმისაწვდომია.

გამომცემლობის განმარტებით, ეს საქართველოს საგამომცემლო ბაზრისთვის გამაოგნებელი მაჩვენებელია. ჩვენს ქვეყნაში, სტატისტიკის მიხედვით, ისეთი მსოფლიო ბესტსელერების ავტორების წიგნები, როგორებიცაა სტივენ კინგი, ჯ.რ.რ ტოლკინი, ნიკოლას სპარქსი წელიწადში საშუალოდ 2000-3000 ცალი იყიდება, რაც გასულ წლებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული და, ზოგადად, ძალიან კარგი შედეგია. ამ ფონზე ახალგაზრდა ქართველმა ავტორმა თათული ღვინიანიძემ თვენახევარში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. 

წიგნი გამოცემიდან ერთ თვეში მოექცა საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელის, ”ბიბლუსის” ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ სამეულში ელიფ შაფაქსა და აგათა კრისტისთან ერთად. ორი თვის შემდეგ კი ”აღიარება ხელისგულზე” სამეულის სათავეში იყო.

”როდესაც ვიტრინას ჩაუვლი და უცნობ წიგნს მოკრავ თვალს, პირველ რიგში ყდა და სათაური გიზიდავს. ვფიქრობ, ყდა, რომელიც ეკუთვნის მხატვარ ნინო მორბედაძეს, ეფექტურად შევარჩიეთ. ის ზუსტად ასახავს რომანის მთავარ სათქმელს და თან ადამიანს, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვს, უამრავ შეკითხვას უჩენს. სათაური კი დამაინტრიგებელია. აღიარება ხელისგულზე? რას აღიარებენ პერსონაჟები? ან მთლიანად წიგნი ხომ არ აბარებს მკითხველს საზოგადოების აღსარებას? ეს არის მოდერნისტული რომანი, პოსტმოდერნისტული ელემენტებითა და სიმბოლიზმით. ვიყენებ ზუსტად იმ ენასა და ლექსიკას, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში მეტყველებენ და არა -ლიტერატურულს, რომელიც კლასიკაში გამოიყენება. როცა მკითხველს მარტივი ენით ესაუბრები, სწრაფად შედის როლში. ვინაიდან ნაწარმოებში თითქმის ყველა სიტუაცია ნაცნობია მკითხველისთვის, საკუთარი თავის ან ნაცნობების აღმოჩენას იწყებს. ვფიქრობ, პოპულარიზებაში დიდი წვლილი მოვლენების განვითარების სწრაფმა დინამიკამშეიტანა. ყოველ გევრდზე რაღაც ახალი ხდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი თავის დასასრული რთული გამოსაცნობია. წიგნი სავსეა სიყვარულითა და ვნებით! თითქოს ფურცლებში ჩაბნეულია მარცვლები და ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია სასურველი მარცვლის განვითარება“, - ასე აღწერს საკუთარ წიგნს ავტორი.

როგორია ბესტსელერის ავტორობა? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

ბესტსელერის ავტორობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მეორე წიგნის გამოცემის შემდეგ საკუთარ თავს უნდა აჯობო. მკითხველიც და გამომცემლობაც შენგან პირველზე უკეთეს რომანს ელოდება. მგონი, გულის სიღრმეში ცოტა მეშინია, მაგრამ შიში ხომ იმისთვის არსებობს, რომ დაამრცხო.

არაჩვეულებრივი განცდაა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ და ხედავ ადამიანებს, რომლებიც შენს წიგნს კითხულობენ. სახეზე აწერიათ, რომ ღრმად არიან რომანში ჩაფლულები. გინდა, შეაწყვეტინო და საუბარი დაუწყო, გამოჰკითხო, რომელი პერსონაჟი მოსწონს ან არ მოსწონს, რას გრძნობს რომანის კითხვისას. მიუხედავად ამ ცნობისმოყვარეობისა, არასდროს შევჭრილვარ მკითხველის პირად სივრცეში. კითხვა ძალიან ინტიმური პროცესია. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ამჟამად ახალ რომანზე თუ მუშაობთ?

ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა საბაკალავრო ნაშრომის დაცვა და უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებაა. გვსურს, ,,აღიარება ხელისგულზე“ ვთარგმნოთ და გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე.

რაც შეეხება ახალ წიგნს, მას მკითხველი უკვე ელის. მეც დავიწყე ერთ-ერთი რომანის, ,,გამოღვიძება ღრმა ძილის წინ“ რედაქტირება. იმედია გავამართლებ ჩემი მკითხველთა მოლოდინს.

შეგახსენებთ, კონკურსის გამარჯვებული დანარჩენი სამი რომანი: შორენა ხუხუას - „შემოვალ ეტლით“, ია კარგარეთელის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და ელის დოჯსონის „რაფლეზია“ შედარებით გვიან გამოიცა. კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნულ რომანებსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად