შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? - რომანი "პროფესორ დოუელის თავი" ქართულად გამოიცა

შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? - რომანი "პროფესორ დოუელის თავი" ქართულად გამოიცა

გენური ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მწვერვალია, თუმცა ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, 1925 წელს რუსი სამეცნიერო-ფანტასტი მწერალი ალექსანდრ ბელიაევი წერდა. ბელიაევი რუსული სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი მოთხრობები მომავლის მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების ძიებას ეხმიანება.

ის ავტორია 20-მდე რომანის, რომელთა შორისაა "ადამიანი ამფიბია", "არიელი", და სხვა. "პროფესორ დოუელის თავი" - მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც. ნაწარმოები ქართულ ენაზე წლების წინ ითარგმნა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ახლა კი, როცა ფანტასტიკა ასეთი პოპულარულია, გამომცემლობა "პალიტრა L-მა", რომანი ხელახლა თარგმნა და გამოსცა. თარგმანი პაატა ჩხეიძეს ეკუთვნის.

"ეს წიგნი პირველად ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე. ფანტასტიკის ჟანრში ბელიაევი იმ პერიოდში საუკეთესო იყო. მის ნაწარმოებებში გადმოცემული ამბები კი საოცრად ფანტასტიკური. თუმცა ახლა მედიცინა ისეთ დონეზე განვითარდა, რომ აღნიშნული ამბები რეალობასაც შედარებით მიუახლოვდა. მასში წამოჭრილი საკითხები კი დღეს ძალიან აქტუალურია. რომანის თარგმნის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო."- აღნიშნავს მთარგმნელი პაატა ჩხეიძე.

შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგომარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შორის? პროფესორი დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ,რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფესორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა... - ასეთია წიგნში გადმოცემული ამბავი, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომია.

წიგნი "პალიტრა L-ის" ლიტერატურულ სერიაში "პორტალი" გამოიცა. სერია მსოფლიოს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის, უტოპიის, დისტოპიისა და სხვა ახლომდებარე ჟანრის შედევრებს აერთიანებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს