იმის გასარკვევად, რას კითხულობენ საქართველოში და რომელი ნაწარმოებებია ყველაზე პოპულარული, წიგნის მაღაზიებს მივაშურეთ. როგორც გვითხრეს, ტემპერატურის მატებასთან ერთად წიგნზე მოთხოვნაც იზრდება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მედიასახლმა "პალიტრამ" პროექტი "ქართული პროზის საგანძური" წამოიწყო და ყოველ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველს ერთი ქართველი კლასიკოსის წიგნს სთავაზობს. პროექტი დიდი წარმატებით სარგებლობს.
როგორც წიგნის მაღაზიებში გვითხრეს, დღეს ყველაზე პოპულარულია წიგნი ჟურნალთან ერთად და ტირაჟის სიმცირის გამო ხშირად მაღაზიაში წინასწარ ეწერებიან.
მანჩო ზაალიშვილი, წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" კონსულტანტი: - ძალიან პოპულარულია "ქართული პროზის საგანძური" და ყველაზე მეტს სწორედ მას ვყიდით. ფასიც ხელმისაწვდომია და ხარისხიც უკეთესი, ვიდრე სხვა, მსგავსი წიგნებისა. ძალიან მოსწონთ ჟურნალ "თბილისელების" პროექტი, რომელიც მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებს ბეჭდავს, მაგრამ ნაკლებად იყიდება, რადგან უხარისხო ქაღალდზეა დაბეჭდილი.
ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს "დიდი მხატვრების" სერია, რომელსაც აქციის პერიოდში 16 ლარად ვყიდით. ამ სერიის წიგნებს თბილისელები სასაჩუქრედაც სიამოვნებით იძენენ. ყველაზე პოპულარული მათ შორის ვან გოგი გახლავთ.
ალბათ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა, რომ ბოლო ხანს აქტიურად იყიდება ლიტერატურა ფეხბურთის შესახებ. განსაკუთრებით მოსწონთ "მსოფლიო თასის ისტორია", რომლის ფასიც 33 ლარია.
საბავშვო ლიტერატურასაც აქტიურად ყიდულობენ. განსაკუთრებით პოპულარულია მითოლოგია და საბავშვო ენციკლოპედიები, რომელთა ფასიც 30-დან 45 ლარამდე მერყეობს. თუ ბავშვს კითხვა გამორჩეულად უყვარს, შეგიძლიათ, ზღვაზე წასაღები, გასაბერი წიგნი უყიდოთ, რომ ქართული ლექსების კითხვით მცხუნვარე მზეს მიფიცხებულმაც ისიამოვნოს. ეს სიამოვნება სულ რაღაც 12 ლარი დაგიჯდებათ.
რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბოლო ხანს ნაკლებად იყიდება აკა მორჩილაძის წიგნები. სამაგიეროდ, ბესტსელერად რჩება დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა", თუმცა ქართული ლიტერატურიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც გურამ დოჩანაშვილზეა. ბოლო ხანს ასევე დიდი ინტერესი გაჩნდა ჯემალ ქარჩხაძის მიმართ.
რაც შეეხება უცხოურ ლიტერატურას, წლებია, პირველობას არავის უთმობს პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი".
ჯერომ სელინჯერის გარდაცვალების შემდეგ დიდი ტირაჟით იყიდება "თამაში ჭვავის ყანაში". ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს "ბეჭდების მბრძანებელი" (20 ლარი) და სტეფანი მეიერის "ბინდი" (10 ლ). როგორც მაღაზიებში ამბობენ, ეს წიგნები პოპულარული ფილმებმა გახადა.
ძალიან პოპულარულია კულინარიული რეცეპტების კრებულები და სახელმძღვანელოებიც, რომელთა ფასი 7-დან 35 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება პოეზიას, დღეს ყველაზე პოპულარული ნიკო გომელაურის ლექსებია. ასევე დიდი რაოდენობით იყიდება ახლახან გარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანის ლექსების კრებულებიც...
მანანა გერსამია, დიასახლისი: - წიგნის მაღაზიების ხშირი სტუმარი ვარ. ხშირად ბავშვებიც მომყავს, რათა წიგნი შევაყვარო, ყიდვას კი იშვიათად თუ ვახერხებთ. ვათვალიერებ და გული მწყდება, ჩვეულებრივი ადამიანისთვის წიგნის ფასი მაინც მეტისმეტად დიდია. მომწონს ჟურნალ "გზის" პროექტი "ქართული პროზის საგანძური", მისაღები ფასი აქვს და ამჟამად მხოლოდ ამის შეძენას ვახერხებ...
გამოკითხვის შედეგად შევადგინეთ იმ წიგნების ათეული, რომლებსაც თბილისელები ყველაზე ხშირად ყიდულობენ:
1. გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები
2. "ჯინსების თაობა", დათო ტურაშვილი
3. "თამაში ჭვავის ყანაში", ჯერომ სელინჯერი
4. "ალქიმიკოსი", პაოლო კოელიო,
5. სამედიცინო კრებული "კარაბადინი"
6. "უბის ლექსები", ნიკო გომელაური,
7. "იგი", ჯემალ ქარჩხაძე,
8. "დათა თუთაშხია", ჭაბუა ამირეჯიბი,
9. "მადათოვზე", აკა მორჩილაძე,
10. "ქარიშხლიანი უღელტეხილი", ემილი ბრონტე.
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)