ბორის აკუნინი - გრიგორი ჩხარტიშვილი

ბორის აკუნინი - გრიგორი ჩხარტიშვილი

ცნობილი რუსი მწერალი, წარმოშობით ქართველი გრიგორი ჩხარტიშვილი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი  და იაპონური ენის სპეციალისტია.

ცხოვრება და შემოქმედება

გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში დაიბადა. 1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გრიგორიმ 1973 წელს მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ისტორია-იაპონიის სპეციალისტის დიპლომი აიღო. მწერალს ინგლისური და იაპონური ენებიდან უამრავი მწერლის ნაწარმოები აქვს ნათარგმნი.

1994-2000 წლებში ჟურნალ "ინოსტრანნაია ლიტერატურის" მთავარ რედაქტორად მუშაობდა. ამავე წლებში "ინგლისურ-იაპონური ლიტერატურის" ოცტომეულს რედაქტორობდა. იყო სოროსის ფონდის მეგაპროექტ "პუშკინის ბიბლიოთეკის" თავმჯდომარეც.

1998 წელს გრიგორი ჩხარტიშვილმა ბორის აკუნინის ფსევდონიმით მხატვრული პროზა გამოსცა. იაპონურ სიტყვას "აკუნინი", მეტ-ნაკლებად შეესატყვისება სიტყვა "ავკაცი". სხვა ვერსიით, მიუხედავად სლავური ჟღერადობისა, გვარ "აკუნინს" იაპონური ფესვები აქვს. ეს ორი იეროგლიფი - "აკუ" და "ნინი", შეიძლება გადაითარგმნოს როგორც "ბოროტი ადამიანი" ან "ბოროტი სული". კრიტიკულ და დოკუმენტურ ნამუშევრებს გრიგორი ჩხარტიშვილი ნამდვილი სახელით აქვეყნებს.

2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთსა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.

გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინტერვიუდან.

- როგორ ვითარდებოდა თქვენი კონტაქტები ფულთან მრავალი წლის განმავლობაში?

- იცით, ფული - მისტიკური სუბსტანციაა. მასთან ყველა ადამიანს სავსებით განსაზღვრული ურთიერთობა აქვს. ერთი მწერალი ამაზე კარგად წერდა, რომ იგი ციხეში შეხვედრია მდიდრებს და რეალურ ცხოვრებაში მილიონერებს, რომლებსაც არასოდეს ჰყოფნიდათ ფული.

მამაჩემს, მაგალითად, ფულთან თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც ეს, ვთქვათ, ბევრ ქართველს აქვს. მამაჩემი არასოდეს ყოფილა მდიდარი ადამიანი და ფულით განსაკუთრებით არც არასოდეს ინტერესდებოდა. არასოდეს იყო დაკავებული სავაჭრო ოპერაციებით, მაგრამ არც ღარიბი ეთქმოდა.

მეც დაახლოებით ასე ვცხოვრობ. არასოდეს განვიცდიდი უფულობას და თავს ყოველთვის უზრუნველყოფილ ადამიანად ვგრძნობდი. მაშინაც კი, როცა სტუდენტი ვიყავი.

- ეს ალბათ ადამიანის შინაგანი თვისებაა...

- დიახ, სულის მდგომარეობა. ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ფულთან ურთიერთობა ძალიან ჰგავს ქალთან ურთიერთობას. მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება უყვართ - არც ზედმეტი მომჭირნეობა და არც ზედმეტად მფლანგველობა. ეს უნდა იყოს მეგობრული და პატივსაცემი ურთიერთობა, მაშინ ისინი იმავეთი გიპასუხებენ.

- გვესმის, რომ შემოსავლების რაოდენობა ისეთივე ინტიმური საკითხია, როგორც რელიგიური მიდრეკილება. მაგრამ ერთხელ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტელევიზიით გამოაქვეყნა თქვენი ჰონორარები - წელიწადში მილიონი რუბლი. მაშინ ეს თანხა დაახლოებით ორმოცი ათასი დოლარი იყო. თავს მდიდარ ადამიანად მიიჩნევთ, ან იქნებ, ღარიბად?

- რადგანაც მდიდარ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, შეგიძლიათ ბურჟუად ჩამთვალოთ...

- სახლი წითელ მოედანთან ახლოს გაქვთ...

- დიახ, ისეთ სახლში ვცხოვრობ, როგორიც მომწონს. აქ ერთი წლის წინ დავბინავდი და ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.

- რაზე გიყვართ ფულის დახარჯვა?

- მოგზაურობაზე, სათამაშოებზე, რომლებიც ძალიან მომწონს, და მეგობრებთან ერთად ქეიფში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს