ალექსანდრე ყაზბეგის ტრაგიკული გმირები და განადგურებას გადარჩენილი "ელგუჯა"

ალექსანდრე ყაზბეგის ტრაგიკული გმირები და განადგურებას გადარჩენილი "ელგუჯა"

ალექსანდრე ყაზბეგის (ჩოფიკაშვილი) შესახებ დავით კლდიაშვილი წერდა: "სანდროს ბევრი სიმწარე უნახავს, ბევრთაგან დიდი მწუხარება შეხვედრია. ბევრს ცხარე ცრემლით უტირებია და სიკვდილის შემდეგ, ისიც კი დააბრალეს, სხვისი ნაშრომი თავისი სახელით გამოაქვეყნაო, მაგრამ მისი ადამიანებისადმი სიყვარულით გაჟღენთილი ნაწარმოებები საყვარელ საკითხავად ექნება ქართველ საზოგადოებას". უდავოა, რომ დღემდე ინტერესს იწვევს ამ მწერლის თავგადასავლებით აღსავსე სიუჟეტები და გმირთა ხასიათი, ბედი და ცხოვრება. სწორედ ამიტომ, "ქართული პროზის საგანძურის" 30-ე ტომი ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას ეთმობა...

"მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს - ხევის ბეთჰოვენს,

აგუგუნება კაიშაურის".

- ამ სტრიქონებით იწყება გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "მე კავკასიის ქედები მთხოვენ", რომელიც ქართველ მწერალს, დრამატურგს, პოეტსა და პუბლიცისტს ალექსანდრე ყაზბეგს ეძღვნება. სტეფანწმინდაში ხევის მმართველ მიხეილ ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში დაბადებულ სანდროს უფლისწულივით უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. მას ორი ძიძა და რამდენიმე მასწავლებელი ჰყავდა. მცირე ასაკში უკვე კარგად ფლობდა მშობლიურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ჰაკესა და კანონიჩის პანსიონის შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. სამი წელი გაატარა მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში, რომლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ოჯახისა და ახლობლებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ხევში მწყემსად წავიდა და იქ შვიდი წელი გაატარა. სწორედ ეს პერიოდია ასახული "ნამწყემსარის მოგონებებში", რომელიც "ქართული პროზის საგანძურში", "ელგუჯას", "ხევისბერი გოჩას" და "ნინოსთან" ერთად შედის.

"ნამწყემსარის მოგონებებშივე" შედის ერთი ეპიზოდი, რომელიც მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებსა და სანდროს შორის მოხდა. როცა უცხოელებს უბრალო მწყემსი ფრანგულად გამოელაპარაკა, ისინი გაოცდნენ. ყაზბეგი კი მათ უწყინარი ხუმრობით არწმუნებდა, აქ, მთაში ყველა მწყემსი ჩემზე უკეთ ფლობს ფრანგულსო...

ალექსანდრე ყაზბეგი თბილისში XIX საუკუნის 70-იანი წლიდან ცხოვრობს და მოთხრობების ბეჭვას იწყებს. სრულწლოვანი ალექსანდრეს ყოფა ისეთივე ზღაპრული აღარ არის, როგორც ბავშვობაში. სტუდენტობისას თავი ძლივს გაჰქონდა და შემდეგშიც მთელი ცხოვრება ხელმოკლედ გაატარა. დედაქალაქში ის თანამშრომლობს სხვადასხვა გამომცემლობასთან: "დროებასთან", ივერიასა" და "თეატრთან". აქტიურად მუშაობდა დრამატურგიაშიც და შორს არც პოეზიისგან იდგა. ყაზბეგმა ქართული ეპოსის განვითარებაშიც თავის წვლილი შეიტანა.

დავით მესხის გადმოცემით, "დროებაში" მუშაობის პერიოდში ყაზბეგი "გაჭირვების ტალკვესი" იყო. მაშინ ამ გაზეთს სერგი მესხი რედაქტორობდა. მაშინ, როცა მეფის ცენზურა დასაბეჭდად გამზადებულ რომელიმე გვერდს წითელი მელნით "დაასისხლიანებდა", გაზეთის ცარიელი გვერდები ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებით უნდა შევსებულიყო. სანდროც წერდა, ხან სანთლის შუქზე, ხანაც ლამფის და "დროების" დროული გამოსვლა არ ფერხდებოდა. სწორედ ასე და ამ პერიოდში და უშუალოდ "დროების" რეაქციაში დაწერილა "მამის მკვლელი".

"დროების" რედაქციაში ქართული ჟურნალისტების მოღვაწეობაზე საინტერესო მოგონება დატოვა მწერალმა ნინო ორბელიანმა. ერთ დილას, რედაქციაში შესულს ასეთი სურათი დახვედრია: მაგიდას შემოსხდომოდნენ სერგი მესხი, ალექსანდრე ყაზბეგი, აკაკი წერეთელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მაგიდაზე უამრავი ბუბლიკი ეყარა. მამაკაცებს სტუმრისთვის უამბიათ, რომ მუშაობაში თავზე დაათენდათ. შიოდათ, მაგრამ არც ერთს ჯიბეში გროში არ ედო. სერგის ერთი კაჭკაჭი ჰყავდა - მარტია. ფრინველს იატაკში ორი აბაზი უპოვია და ამოუღია. ამ ამბით გამხიარულებულებს კაჭკაჭის მიერ ნაპოვნი ფულით ჩაისთვის მისაყოლებლად "ბუბლიკები" ბლომად უყიდიათ.

"ელგუჯას" დაწერის ისტორიასთან დაკავშირებით, ავტორისვე მონათხრობზე დაყრდნობით, დავით კლდიაშვილი წერდა, რომ თურმე, თავდაპირველად "ელგუჯა" მთავრდებოდა ახლანდელი პირველი თავის ბოლოში, ანუ ელგუჯას სიკვდილით. სტამბაში ასოთამწყობებს განუცხადებიათ, ფელეტონს არ ავაწყობთ, თუ სანდრო ელგუჯას ამბავს არ განაგრძობს, ამისთანა ვაჟკაცს ასე ადრე არ მოვაკვლევინებთო. ამ ულტიმატუმით მივიდნენ სანდროსთან რედაქციაში დიომიდე კილაძე და ორი ასოთამწყობი. ალექსანდრეს გაუთვალისწინებია მუშების თხოვნა თუ რჩევა - მძიმედ დაჭრილი ელგუჯასთვის სიცოცხლე უჩუქებია და მოთხრობის ბოლოს მიუწერია: "გაგრძელება იქნება". ასე დაიბადა რომანი "ელგუჯა", რომლის მთლიანი ტირაჟი პროგრესულ-რევოლუციური ჟღერადობის გამო, ცენზურის მოთხოვნით განადგურდა. თუმცა ორიოდე ეგზემპლარი ისევ და ისევ სტამბის მუშების წყალობით გადარჩა.

ალექსანდრე ყაზბეგის გმირები რთულ და ხშირად გამოუვალ სიატუაციებში ვარდებიან. წინააღმდეგობებით აღსავსე გზა მთიელი ხალხის ყოველდღიური ყოფის, ტრადიციებისა და წესების ფონზე ვითარდება. ყაზბეგის გმირებისთვის დამახასიათებელია ჭიდილი მოვალეობასა და გრძნობებს შორის. ადამიანის შინაგანი ბუნება და გარეგნული პორტრეტები დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში...

სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქიკა შეერყა. ის 1893 წლის 22 დეკემბერს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 45 წლის ასაკში დაღუპული მწერალი დედაქალაქიდან სტეფანწმინდაში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს