პირველი ქართული რომანი აგვისტოს ომზე

 პირველი ქართული რომანი აგვისტოს ომზე

საქართველოს წიგნის ბაზარზე ახლახან გამოვიდა ქართული რომანი "ირატტა.რუ", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა მწერალი გურამ მეგრელიშვილი ახალ რომანსა და თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე გვესაუბრა.

- ამერიკულ-ქართულ გამომცემლობას სურდა, აგვისტოს ომზე რომანი დაწერილიყო, რომელიც ამ ომს უცხოელებს სხვანაირად დაანახვებდა - არა მარტო ისტორიული ფაქტებით, არამედ მხატვრული ფორმითაც. ამის სურვილი მეც მქონდა. ჰოდა, ერთმანეთი ვიპოვეთ და დაიწერა რომანი "ირატტა.რუ". "ირატა" ოსებს ნიშნავს.

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი ყოფილი ებრაელი სპეცრაზმელია, რომელსაც ცხინვალში ჩარჩენილი პატარა ბავშვის გამოყვანა აქვს დაკვეთილი. ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ბავშვის ოჯახის ირგვლივ ვითარდება და ოჯახის უფროსი თავისდაუნებურად ქვეყნის მოღალატე ხდება. ეს არის აგვისტოს ომის ალტერნატიული ვერსია, ანუ არა მარტო ის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ნაწარმოებში ასევე ნაჩვენებია თბილისში დარჩენილი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ომი საერთოდ არ აინტერესებს, თუმცა ცენტრალური პერსონაჟები მაინც ჯარისკაცები არიან. ამ ნაწარმოების მიხედვით დაგეგმილია კომპიუტერული თამაშის შექმნაც. ამ თამაშის წყალობით ამერიკელი ახალგაზრდა შეიტყობს, სად არის საქართველო, ცხინვალი და თამაშ-თამაშში იმასაც მიხვდება, რომ ქართველებიც და ოსებიც რუსეთის მსხვერპლნი არიან.

- როგორც ჩანს, ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი დიდია...

- მთავრობიდან ჯერ არავინ დაინტერესებულა, მაგრამ ეს ნაწარმოები ვისი დაკვეთითაც დაიწერა, ისინი პატრიოტული სულისკვეთებით არიან განმსჭვალულნი, ვაჟა-ფშაველასაც თარგმნიან და ასეთი პროექტებით საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობენ.

- რომანს თანაავტორიც ჰყავს...

- ეს არის ახალგაზრდა სამხედრო ექსპერტი თამაზ დემეტრაშვილი, ყოფილი ჯარისკაცი. რომანში აღწერილმა სამხედრო სტრატეგიებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, საკამათოც კი გახდა.

- უცნაური ფსევდონიმი გაქვთ - "ზემხა"...

- ეს ძველი ფსევდონიმია, ახლა ფსევდონიმით აღარ ვბეჭდავ. "ზემხა" ჩვენი საგვარეულოს მეტსახელია და თაობიდან თაობას გადაეცემა.

- როგორც ვიცი, სხვა ნაწარმოებებიც გაქვთ?

- "ირატტა.რუ" ჩემი პირველი რომანი არ ყოფილა. "ლიტერატურულ პალიტრაშიც" ხშირად ვბეჭდავდი. სხვა ნაწარმოებებიც მაქვს გამოცემული: "მრავალჯერადი ბოთლები", "შენ" და "10+2".

- თვითონ რას კითხულობთ?

- როგორც ცუდი, ისე კარგი წიგნების წაკითხვაც მიწევს, ლიტერატურულ პროცესებს რომ არ ჩამოვრჩე. ახლახან დორის ლესინგის "ნაპრალი" წავიკითხე. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ხელახლა გადავიკითხე დოსტოევსკის "ეშმაკნი". დოსტოევსკი ჩემი საყვარელი მწერალია და პერიოდულად ვუბრუნდები, რათა ჭეშმარიტ ლიტერატურას არ მოვწყდე...

ქართული ლიტერატურა ისეთი დიდია, არც კი ვიცი, რომელი გამოვყო, თუნდაც "შუშანიკის წამება". ამ ნაწარმოებთან ბევრი თანამედროვე რომანი ვერ მოვა. ჯემალ ქარჩხაძე ერთგან ამბობს - იქნებ ბავშვებს ჰაგიოგრაფია ყველაზე ბოლოს ვასწავლოთო. სულ ვფიქრობ: ნეტავ განათლების სამინისტრომ მწერლის ამ სიტყვებს ყურადღება მიაქციოს, რადგან ქართული ჰაგიოგრაფია ყველაზე მაღალი დონის ლიტერატურაა.

თანამედროვე მწერლებიდან ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, რეზო ინანიშვილი...

- ლექსებს არ წერთ?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა.

- დღევანდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- "სამოსელი პირველს" და "12 სკამს".

- როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები წიგნს აღარ კითხულობენ?

- თვითონ ვასწავლი სკოლაში და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი კითხულობს.

- სკოლაში რას ასწავლით?

- ოფიციალურად - ხელოვნებას, მაგრამ რეალურად - კითხვას. ჩვენ ერთად ვკითხულობთ და შემდეგ ერთობლივად ვარჩევთ.

- ჩვენს პოლიტიკოსებს რომელ პერსონაჟებს შეადარებდით?

- კონკრეტულ პირებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მკითხველი მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" თუ წაიკითხავს, ბევრ ნაცნობ სახეს აღმოაჩენს.

- რის წაკითხვას გვირჩევს გურამ მეგრელიშვილი?

- ყველას ვურჩევდი, ქართული ლიტერატურა თავიდან გადაიკითხოს. ბევრი კარგი მწერალი გვყავს დაჩაგრული. ჯემალ ქარჩხაძე საერთოდ დაუფასებელია. ახლა ვყიდულობ ნობელიანტების სერიას და მეცინება, რადგან შეიძლებოდა, რომელიც გნებავთ ჩვენი მწერალი ნებისმიერ მათგანზე ათჯერ მეტად ნობელიანტი ყოფილიყო. გიუნტერ გრასის "კიბორჩხალის ნაბიჯი" წაიკითხეთ, ხოლო დორის ლესინგის "ნაპრალის" წაკითხვას არავის ვურჩევ.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს