ვის დაუტოვა იაკობ გოგებაშვილმა თავისი ქონება და როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?!"

ვის დაუტოვა იაკობ გოგებაშვილმა თავისი ქონება და როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?!"

ჟურნალი "გზა" და "ქართული პროზის საგანძური" მორიგ ტომად იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს გთავაზობთ. წიგნი ხუთშაბათს ჟურნალ "გზის" ახალ ნომერთან ერთად გამოვა. მანამდე, ორიოდე სიტყვით ამ ავტორის შესახებ მოგითხრობთ...

მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. ამავე დროს, ის საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის საქმიანობაში. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", "ბუნების კარი", "დედა ენა" დიდი როლი ითამაშა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში. "დედა ენა" გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. "დედა ენას" "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდეს, რომელიც ხალხისთვის მალე გახდა ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი.

იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისთვის, იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლად წასულ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასევე მონაწილეობდა ზეპირსიტყვიერების შეგროვებაში, საბავშვო ჟურნალების გამოცემაში, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანაში, ბიბლიოთეკების დაარსებაში.

სიკვდილის წინ იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ქონება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადასცა. მის თანამედროვეთა თქმით, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი ოჯახი იყო. იაკობს საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა. ანდერძში გადანახული ფული გაუნაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი კი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც შემდეგ სკოლა გაიხსნა.

"ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო". - ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

ახალგაზრდობაში ჭლექით დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სტამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. მართალია, ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც თავაუღებლად მუშაობდა. გაურბოდა ღამით წერას, გვიან იშვიათად წერდა, რადგან ღამისთევა და უძილობა მის ორგანიზმს თენთავდა. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. უსაქმოდ იშვიათად ნახავდით თურმე.

წერა განსაკუთრებით დილის საათებში უყვარდა. წერით რომ გულს იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა. ერთხელ "დაკანონებული" რეჟიმი დაურღვევია. ანდრია სრისელის ვაჟი იხსენებს: "ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: - "ქეთოს იტაცებენ", - მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შუაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! - გულში გაივლო და საწოლი ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად.

ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო. იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ" და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას. იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა-დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა" ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.

მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა. ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, - წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა: მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგე ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო. ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?". - ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, - კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასთვის".

ამ ნაწარმოების მიხედვით, 1994 წელს ეკრანებზე ნანა ჯანელიძის ფილმი "იავნანა" გამოვიდა. ლეკების მიერ მონატაცები ქეთოს მშობლების როლი ფილმში ნატო მურვანიძემ და ნიკა თავაძემ ითამაშეს. ფილმის გახმოვანებისას კი "იავნანას" შესრულება თამრიკო ჭოხონელიძეს სთხოვეს, რომელიც ამ სიმღერას შესანიშნავად მღერის. წლების შემდეგ, საკუთარ სახლში დაბრუნებული მაია ბაგრატიონის გმირი - ქეთო ვეღარაფერს იხსენებს, მანამ, სანამ მის ყურს დედის ნამღერი არ მისწვდება. გაუცხოებულ ერთადერთ ქალიშვილ მხოლოდ დედის "იავნანა" დააბრუნებს წარსულში და მას მშობლიურ კერას, მშობლებს დააახლოებს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს