რეზო ინანიშვილი - ენის დაულევლობის განსახიერება

რეზო ინანიშვილი - ენის დაულევლობის განსახიერება

"როდესაც რევაზ ინანიშვილს ვკითხულობ, შინაგანი სულიერი სისუფთავის შეგრძნება მეუფლება. მის ლიტერატურულ ენას არანაირი სამკაული არ ესაჭიროება, მშვენიერი რომ ჩანდეს...მისი მეტყველება სისადავითა და მოხდენილობით სულხან-საბას ლიტერატურულ წყობას მაგონებს. ინანიშვილი ენას არასდროს აწვალებს და არც ზედმეტად ეფერება. აზრი და სიტყვა იოლად პოულობენ ერთმანეთს. თხრობა ძალდაუტანებლად მოედინება. მისი ლიტერატურული ენის ბუნებრივი თავისთავადობა ერთგვარ სიამაყეს აღმიძრავს, რადგან კიდევ ერთი განსახიერებაა ჩვენი ენის დაულევლობისა", - აღნიშნავს ნოდარ გაბუნია და იგი არაერთი ადამიანის აზრს გამოხატავს.

მწერალი რეზო ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაიბადა. ხუთი კლასი მშობლიურ სოფელში დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში (1943-1945) 31-ე ქარხანაში მუშაობდა. იქიდან სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში გადავიდა. 1947 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ დის ოჯახის სიდუხჭირის გამო, უნივერსიტეტი მიატოვა და სამუშაოდ სამგორის არხის მშენებლობაზე წავიდა. მოგვიანებით უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც 1956 წელს დაამთავრა. წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; იყო მწერალთა კავშირის მდივანი. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ჟურნალ "დილას" რედაქტორობდა. მისი პირველი მოთხრობა 1950 წელს დაიბეჭდა. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოიცა.

წიგნისთვის - "შორი თეთრი მწვერვალი" რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მწერალს არაერთი წიგნი აქვს გამოცემული. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები - "ნატვრის ხე", "ქვიშანი დაერჩებიან", "არდადეგები", "დედუნა", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "კაცები"... ინანიშვილის ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ და სომხურ ენებზე...

მწერალი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს