"საქართველო მარგოს მდგომარეობაშია"

"საქართველო მარგოს მდგომარეობაშია"

23 ოქტომბრის წვიმიან საღამოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში საზოგადოება მთის სურნელითა და ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პოეზიის სიყვარულმა შეკრიბა ერთად. სცენაზე ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ტარიელ ხარხელაური იდგა და თავისი ლექსებით გვათბობდა. დარბაზში უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, თუმცა მსმენელის რეაქციიდან ჩანდა, რომ მათსა და ჭარმაგ პოეტს შორის ასაკობრივი ზღვარი წაშლილი იყო. უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზია დროსა და სივრცეში იმგვარადაა დაბინადრებული, რომ კიდევ არაერთი თაობის სათქმელად და გულისფეთქვად იქცევა. პოეზიის საღამოს ორგანიზატორები ახალგაზრდა პოეტები: ნუკრი ბერეთელი, ირაკლი ყალიჩავა და მინდია გოგოჭური იყვნენ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ბატონი ტარიელია.

- ბატონო ტარიელ, მედიასახლი "პალიტრა" აპირებს იმ 50 წიგნის გამოცემას, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სანამ ცოცხალია. ასეთად რომელ წიგნებს მიიჩნევთ?

- ჩემი აზრით, ასეთია ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა, რომელიც პირადად ჩემთვის ბიბლიის ტოლფასია. აუცილებელია გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ძმები ჭილაძეების გაცნობა. ასეთ ავტორებად მიმაჩნია ბალზაკი და ტოლსტოიც... მაგრამ თუ საქმე საყვარელ მწერალზე მიდგება, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ. გამორჩეულად დიდი ნაწარმოებია "გველისმჭამელი". ამ ნაწარმოების ფილოსოფიური სიღრმე და ვაჟას სამყაროს ჭვრეტა, წვდომა უსაზღვრო გაოცებას იწვევს.

- მისი შემოქმედება თქვენს პოეზიასაც ხომ არ კვებავს?

- ვაჟას, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს, გავურბივარ. ტიტანია და ნებით თუ უნებლიეთ შენსას გაკარგვინებს, ამიტომ მხოლოდ მაშინ ვკითხულობ, როცა წერას მოვრჩები. პოეზიისთვის არა, მაგრამ გონებისთვის ვაჟა ძალიან დიდი საზრდოა.

- პირველად როდის იგრძენით, რომ კალამი გიხმობდათ?

- ბავშვობისას, მაგრამ მაშინ მრცხვენოდა. კალამი კაცის საქმედ არ მიმაჩნდა. მთაში ვიყავი გაზრდილი და სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ გასაქანი არ მომცა და მაინც თავისთან მიმიყვანა.

- რთულია ლიტერატურის სამყაროში ადგილის დამკვიდრება?

- თუ მკითხველს გულწრფელად ელაპარაკები, სათქმელს აუცილებლად მიიტან, რაც უნდა დიდი სახელები იყოს შენამდე და შენ შემდგომ.

- ვაჟას გარდა, რომელი პოეტი მოგწონთ?

- გასაკვირი არ იქნება, თუ გალაკტიონს დავასახელებ. ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი, გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი...

- ახალგაზრდა მწერლებს თუ ეცნობით?

- აუცილებლად, რადგან თუ თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას არ კითხულობ, ვერ მიხვდები, ირგვლივ რა ხდება. უამრავ ახალგაზრდა ავტორს ვიცნობ და მიხარია, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. ისინი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

- როგორ ფიქრობთ, წიგნმა აქტუალურობა ხომ არ დაკარგა?

- სამწუხაროდ, წიგნი დღეს აქტუალური არ არის, მით უმეტეს - ახალგაზრდებში. ისინი ტექნიკური საშუალებებით მიღებულ ინფორმაციას სჯერდებიან, რაც არასწორია... წიგნს ვერაფერი შეცვლის.

- მთა გამორჩეულად გიყვართ, ქალაქში იშვიათად ხართ. როგორც პოეტი, თავს იქ უფრო ლაღად გრძნობთ?

- მთა უავტორო წიგნია, რომელსაც ჩემეულად ვკითხულობ. ბუნება უმთოდ ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მთას ჩემს ლექსებში დიდი ადგილი ეთმობა.

- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- დღევანდელი საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებს" მაგონებს. საქართველო მარგოს მდგომარეობაშია. საწყენია, მაგრამ რეალობას ვერსად წავუვალთ.

- წიგნიერი ადამიანები დაფასებული თუ არიან?

- სამწუხაროდ, არა. ისინი არ სჭირდებათ, რადგან სხვანაირად აზროვნებენ, ქვეყანას სხვაგვარად ხედავენ.

- რის წაკითხვას გვირჩევს ტარიელ ხარხელაური?

- დავით გურამიშვილი ვიკითხოთ. ჩვენს ქვეყანას დღესაც "ქართლის ჭირი" სჭირს.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს