კოტე ჯანდიერის მოთხრობები - ფაქიზი, მაგრამ მამაკაცური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი

კოტე ჯანდიერის მოთხრობები - ფაქიზი, მაგრამ მამაკაცური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი

წელს, ბატონი კოტე ლიტერატურული კონკურსის - "საბას" გამარჯვებული გახდა: საუკეთესო ნაწარმოებებს შორის, მისმა შემოქმედებამ თავისი განსაკუთრებულობით ჟიურის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. კოტე ჯანდიერის შემოქმედებაზე სასაუბროდ, მწერალსა და მთარგმნელს - ბატონ გიორგი ლობჟანიძეს ვეწვიეთ, რომელიც წლევანდელი "საბას" ჟიურის წევრი გახლდათ.

გიორგი ლობჟანიძე:

- "ქართული პროზის საგანძური" ძალიან ჭკვიანური პროექტია. შეიძლება, ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის ლიტერატურული გაგრძელებაა. საქართველო მარტო თბილისი არ არის, როგორც ზოგ პოლიტიკოსს ჰგონია. საქართველოა ჩვენი ლამაზი სოფლებიც, სადაც კულტურული ცხოვრება არც ისე კარგ სიტუაციაშია, რადგან ხალხს არა აქვს საშუალება, რომ წიგნი იყიდოს და საკუთარ თავს სულიერი საზრდო მიაწოდოს, რომელმაც აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, სულიერად გაზარდოს. პოპულარულ ჟურნალში ხელმისაწვდომ ფასად "ჩადებული" წიგნი მკითხველისათვის ძალიან კარგი საჩუქარია. ამიტომ თქვენს პროექტს ძალიან ვაფასებ და ვისაც ეს იდეა მოუვიდა, მადლობას პირადად ვუხდი. ეს პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ კოტე ჯანდიერის ტიპის მწერლების ნაწარმოებებს ანუ ნამდვილ ლიტერატურას პოპულარიზაციას უწევს.

- კოტე ჯანდიერის შემოქმედება როგორ გაიცანით?

- დიდი ხანი არაა, რაც კოტეს პირადად ვიცნობ, მაგრამ მის შემოქმედებას პირველივე მოთხრობის გამოქვეყნებისთანავე გავეცანი. კოტე ჯანდიერი ჩემს ცნობიერებაში 1987 წელს "შემოვიდა": იმ პერიოდში, არაჩვეულებრივი ალმანახი - "სათავე" გამოდიოდა, რომელსაც ლაშა თაბუკაშვილი "აკეთებდა". ალმანახში მართლა გემოვნებიანი ნიმუშები იბეჭდებოდა. სწორედ მაშინ კოტე ჯანდიერის "საოჯახო ქრონიკა" პირველად წავიკითხე. რასაკვირველია, ამ მოთხრობისათვის დამახასიათებელი "სიღრმეები" ბოლომდე ვერ გავიგე (სკოლის მოსწავლე გახლდით), მაგრამ ჩემზე მაინც ძალიან იმოქმედა.

მოგვიანებით კიდევ გადავიკითხე. საინტერესო მოთხრობა გახლავთ: ლიტერატურაში ახალი ხერხი იყო, როცა ოჯახის წევრები წერილობითი ფორმით, ქაღალდის ნაგლეჯებით ურთიერთობენ. ამ წერილების ფონზე საოცარი დრამა იშლება. კოტე ძალიან ღრმა მწერალია, რადგან ქართული ოჯახის ემოციურ დონეზე რღვევის საკითხი თითქმის პირველად დასვა. მწერლური თვალსაზრისით, ეს ისე კარგად გააკეთა, რომ ვფიქრობ, ბადალი არა ჰყავს! მოთხრობაში "დეკლარაციულობა" არ არის: ოჯახის წევრები ერთმანეთს ქაღალდის ნაგლეჯებზე სწერენ, რადგან ცხოვრების რიტმი ისეთი აჩქარებულია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის დრო არ რჩებათ. ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე წუხან, ერთმანეთს არ იცნობენ. ბოლომდე ვერ იაზრებენ იმ ტრაგედიის სიღრმეებს, რომელსაც თითოეული მათგანი ატარებს. კოტემ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოხატა...

მერე სტუდენტობისას, "დაპატიჟება კინოში" წავიკითხე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ თავზარი დამცა, რადგან დღეს სიყვარულზე ლექსის, მოთხრობის დაწერა ძალიან ძნელია: მთელი მხატვრული ლიტერატურა ამ თემაზეა აგებული, თითქმის ამოწურულია - ახალს ვერაფერს იტყვი. ამ ფონზე "დაპატიჟება კინოში" საოცრად ღრმა, არამელოდრამატული მოთხრობაა სიყვარულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოტემ მოახერხა და მოთხრობა მელოდრამატული მომენტებისაგან საერთოდ განძარცვა (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მთავარი გმირი იღუპება) და მოთხრობის ძირითადი ღერძი ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციებიდან ამოზარდა, რომელზეც არაჩვეულებრივი "მხატვრული ქსოვილი" "დააშენა".K კოტე ქართული პროზის რჩეული ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია.

XX საუკუნის ქართულ პროზაში იყო ისეთი "ხაზი", რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. ეს "ხაზი" ძალიან ბევრ მუშაობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოტე პროდუქტიული მწერალი არ არის, მკითხველს ბევრი მოთხრობით არ ანებივრებს. არ ვიცი, ეს კარგია, თუ - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, პოეტისაგან სიუხვე მაინცდამაინც მოსაწონი არაა (ერთ დღეში დაწერილი 5 ლექსის ხარისხი მაღალი არ იქნება), პროზაიკოსს კი მოეთხოვება, რომ ნაყოფიერად იმუშაოს - ბევრი წეროს. კოტეს შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. ამის მიზეზები რა არის, არ ვიცი. ალბათ, ეს მისი "სულიერი კონსტიტუციის" შედეგია; კოტეს ურჩევნია, ერთ თემას უტრიალოს, თუნდაც 2-3 წლის განმავლობაში, 1 მოთხრობა წეროს, მერე კი ამ მოთხრობამ მართლა დაიქუხოს, დაიჭექოს!..

ბოლო დროს ლიტერატურულ კულუარებში თითქმის ყველა ამბობდა (ზოგი გულწრფელი სინანულით, ზოგი - ნიშნის მოგებით): კოტე ჯანდიერი სად დაიკარგა? არაფერს აღარ წერს, ხომ? უცებ, კოტემ "გლობალიზაცია" გამოაქვეყნა. მოახერხა, მწერლური ოსტატობით სივრცეში რიტმი ისე დაეჭირა, რომ რიტმს მკითხველი აეყოლიებინა და იმ პროცესების მთელი სისასტიკე ეჩვენებინა - როგორ იკარგება ეროვნული ღირებულებები გლობალიზაციის სახელით! ვფიქრობ, ეს მოთხრობა სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი: "გლობალიზაციას" მოსწავლე რაც უფრო მალე წაიკითხავს და მოთხრობაში წამოჭრილ პრობლემებზე დაფიქრდება, ძალიან ბევრ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ.

- გაქვთ ინფორმაცია იმაზე, კოტე ჯანდიერის მოთხრობების პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავთ თუ არა?

- არ ვიცი, მაგრამ როგორც მკითხველმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ყოველი მოთხრობის უკან კოტე იგრძნობა - არაჩვეულებრივად ფაქიზი ადამიანი! ცხოვრებასთან ისეთი დამოკიდებულება, რასაც მის მოთხრობებში ვგრძნობ, თანდათან იკარგება. ბავშვობაში, ცხოვრებასთან ფაქიზი, ოღონდ მამაკაცური მიმართება მიგრძნია. ახლა ნელ-ნელა გრძნობების "ფემინიზაცია" (ცუდი გაგებით) მიმდინარეობს... კოტეს შემოქმედებაში კი ყველაფერი ძალიან კარგია და ნაღდი!

- ბატონი კოტე პირადად როდის გაიცანით?

- ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს სადღაც შევხვდით, ხელი ჩამოვართვით... ვიცოდი, რომ ის კოტე ჯანდიერია და ალბათ, ისიც მიცნობდა. დედამისი ჩემი კოლეგა - ძალიან კარგი არაბისტია. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობს. მერე შევიტყვე, რომ კოტე მისი შვილია.

- ამ ფაქტმა თქვენი და კოტე ჯანდიერის დაახლოებას ხელი შეუწყო?

- სამწუხაროდ, მე და კოტე მეგობრები არა ვართ, უფრო ზუსტად - ინტენსიური ურთიერთობა არა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაზე მე კოტე მეგულება და მისი არსებობა მეიმედება - როგორც ადამიანი, მწერალი და როგორც მოღვაწე, რომელსაც სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, გამოკვეთილი პოზიციები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისაგან გვერდზე არა დგას. არსებობს "დაყუდებული" მწერლის ტიპი, რომელიც მაგალითად, სენაკშია ჩაკეტილი და დამკვირვებლის როლს სჯერდება; თუ რამე პოზიცია აქვს, ამას მხოლოდ თავის ნაწარმოებებში გამოხატავს. ასეთი ტიპის მწერალი ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივმა პროცესებმა (1937-38 წლების რეპრესიები) წარმოშვა. მეოცე საუკუნის ბოლოს, მწერალი მიხვდა, რა უნდა ეკეთებინა - განზე გამდგარიყო და წიგნებით, იგავური ფორმით ეთქვა ყველაფერი... კოტე ჩემთვის პიროვნულად ძვირფასი იმიტომაცაა, რომ თავისი აზრის გამოთქმას არ უშინდება - არაჩვეულებრივი პუბლიცისტიცაა.

- კოტე ჯანდიერი ლიტერატურული კონკურსის - "საბას" წლევანდელი გამარჯვებულია. "საბას" ჟიურის წევრი ბრძანდებოდით. გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?

- "საბას" კონკურსის ნომინანტი ხუთჯერ გახლდით, მერე "საბა" "ყურანის" თარგმანისათვის მივიღე და შემდეგ კონკურსის ჟიურის წევრი ვიყავი. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო, ძალიან ბევრი წიგნი "შემოვიდა". შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელმა ჟიურიმ მუშაობით თავი მოიკლა. მოგეხსენებათ, კონკურსში სხვადასხვა ნომინაციაა. თითო ნომინაციაში - 5-6 წიგნი (თარგმანის გარდა). ვფიქრობ, იმ 5-6 წიგნიდან "საბას" მეტ-ნაკლებად ყველა იმსახურებდა, მაგრამ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" სრულიად განსაკუთრებული იყო! მისი გამარჯვება ძალიან გამიხარდა, რადგან სინდისის ქენჯნა ერთი წუთითაც არ მიგრძნია - რატომ სხვამ არ გაიმარჯვა-მეთქი? თუმცა როგორც აღვნიშნე, "საბას" ყველა იმსახურებდა - ამას ვინმეს დასამშვიდებლად არ ვამბობ, მაგრამ კოტე გამორჩეული იყო.

- მკითხველი კოტე ჯანდიერის შემოქმედებას რატომ უნდა გაეცნოს?

- იმიტომ, რომ კოტე ნამდვილი მწერალია. "ნამდვილი მწერლობა" თემატურ მრავალფეროვნებას და სიღრმეს გულისხმობს, ასევე - არაჩვეულებრივ ქართულს, რაც სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ პროზაში ნელ-ნელა იკარგება, მაგრამ კოტეს შემოქმედებაში მშობლიური ენისადმი ფაქიზი მიდგომა შენარჩუნებულია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს