"ქართული პროზის საგანძური" მხარდაჭერაა, რწმენაა, რომ ქართული ლიტერატურა აუცილებელია ჩვენთვის"

"ქართული პროზის საგანძური" მხარდაჭერაა, რწმენაა, რომ ქართული ლიტერატურა აუცილებელია ჩვენთვის"

ვინ იცის, რამდენჯერ ავსულვარ ამ სადარბაზოში, რამდენჯერ ჩამოვსულვარ და არც ერთხელ ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ჩვეულებრივი, საბჭოთა დროინდელი კორპუსის რუხი სადარბაზო იყო.

ამისთვის არ მეცალა - როცა ავდიოდი, ჭილაძეებთან ავდიოდი, როცა ჩამოვდიოდი, მათგან მოვდიოდი - თითქოს სასახლის მარმარილოს კიბე ყოფილიყო. ამისი შეგრძნება იმდენად სჭარბობდა ყველა სხვა განცდას, რომ სადარბაზოსათვის ვინ მოიცლიდა. მეოთხე სართულზე კი, მარტოობის ცაში გამოკიდებულ კუნძულზე, ცხოვრობდნენ თამაზ და ოთარ ჭილაძეები თავიანთ მშვენიერ, სათნო დასთან - თინასთან ერთად.

მხოლოდ ახლა, როცა თამაზ ჭილაძესთან საუბრის მერე ჩემ ზურგს უკან მათი ბინის კარი მიიხურა, კიდევ ერთხელ დავინახე, რამხელა კონტრასტია კარს იქითა და კარს აქეთა სამყაროს შორის. ნეტავ როდის ჩნდება ადამიანში წერის სურვილი? საერთოდ, სად იბადება შემოქმედებისაკენ სწრაფვა? ეს ხომ თავისებური სასწაულია, რომელიც ჩვენ გვერდით, რუხი შენობების კუბებივით ოთახებში ხდება, სადაც ერთი შეხედვით არაფერია სასწაულებრივი. ამ კითხვაზე თამაზ ჭილაძის თვალებთან თითქოს ჩრდილები ათამაშდა, ხმამაღლა ნაფიქრალი გამოუვიდა:

- რთულია მაგაზე პასუხის გაცემა, საერთოდ შესაძლებელია კი? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ლექსი დავწერე, მერე მეორე, მესამე... რა ლექსი იყო და როგორი, ეს სხვა საკითხია. მგონი, საერთოდ არ იყო ლექსი, მაგრამ მაშინ 14-15 წლის ვიყავი... ყმაწვილს გულუბრყვილობა შველის, რომ დაიჯეროს, ლექსებს წერს. დღევანდელი თვალით ის ლექსები ყველაფერი იყო, პოეზიის გარდა.

ძალიან გვიან დავიწყე ნამდვილი ლექსების წერა. ისე, კაცმა რომ თქვას, ეგ კიდევ საკითხავია, რა არის ნამდვილი... უბრალოდ, იმასთან შედარებით რასაც ვწერდი, უფრო გამართული იყო. მერე და მერე მივხვდი, რა ძნელია ეს ყველაფერი, რა ტანჯვაა, რა დიდი შრომაა. წერას რომ ვიწყებდი, ეს შრომა კი არა, იდუმალი ლტოლვა იყო... ყველაზე მთავარი მაინც ის არის, იცოდე, კარგად ცხოვრება რა არის...

- კარგად ცხოვრება რა არის, ბატონო თამაზ? ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობთ...

- ცხოვრების ცნება სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს, იმისდა მიხედვით, თვითონ როგორ ცხოვრობენ, როგორ ოჯახში იზრდებიან... დაუკვირდით სიტყვას - ოჯახიშვილი. მგონი, მსგავსი სიტყვა არც ერთ ენაში არ არის. კარგი ოჯახიშვილი - იტყვი და ყველაფერი ნათქვამია.

იმიტომ, რომ ოჯახიდან მოგვდევს ყველაფერი ღირებული. ჩვენს ოჯახში არასოდეს არავინ ეძახდა ცხოვრებას "კარგად, მდიდრულად ცხოვრებას"... მერე ჩვენ ვამახინჯებთ ამ ცნებას, ისეთ რამეს ვგულისხმობთ, რაც ცხოვრებისგან და ადამიანობისგან შორს დგას. ნამდვილ ცხოვრებას ცვლის უზრუნველყოფილი ბიოლოგიური არსებობა. ბევრს არ ყოფნის ძალა, ადამიანად დარჩეს.

- რომ გითხრან, უზრუნველყოფის გარეშე ცხოვრება, სიდუხჭირე და გაუთავებელი ხელმოკლეობა რაღა ყოფნააო...

- მერე რა, მითხრან... ის სხვას ფიქრობს, მე - სხვას. ყველასთვის საშინელებაა მატერიალური უმწეობა. კაცმა თუ ფული თავისი შრომით მოიპოვა, უნდა ჰქონდეს კიდეც. ადამიანი ღირსია, რომ იყოს უზრუნველყოფილი. არც სიმდიდრის წინააღმდეგი ვარ. დღემდე ვერ მოვიშორეთ საბჭოური მიდგომა: მდიდარ კაცს ვერ ვიტანთ! კაცი რომ მდიდრდება, შენც მდიდრდები მასთან ერთად.

კულტურა მსოფლიოში ბიზნესის და მისი ქველმოქმედების წყალობით ვითარდება. ბიზნესმენი თუ ქველმოქმედი არ არის, ჩვეულებრივი "სპეკულანტია". მეცენატი რომაელი მდიდარი იყო, ჰორაციუსს და ვერგილიუსს ეხმარებოდა და უკვდავი გახდა. ადამიანი მეორე ადამიანზე უნდა ფიქრობდეს. აი, ესაა ცხოვრების აზრი. ამისი მოხერხება ყოველთვის შეიძლება - ხელმოკლეობაშიც კი... მით უმეტეს, მდიდრულად ცხოვრებისას.

- როცა თქვენთან მოვდიოდი, ყოველთვის ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად იყავით, თქვენ თქვენი სიმარტოვე გქონდათ, ბატონ ოთარს თავისი, ქალბატონ თინას - თავისი...

- ყველა ადამიანს თავისი სიმარტოვე აქვს. ეს სიმარტოვე ადამიანთან ერთად იბადება და იზრდება, ადამიანი სიმარტოვეში კი არ იკარგება, თავისი სიმარტოვით უკავშირდება ქვეყანას. ვინც სიმარტოვეს გრძნობს, მეორე ადამიანს გრძნობს. მან თავის სიმარტოვეში უკვე ისწავლა, რა არის ცრემლი, ტკივილი, ტანჯვა, უკვე ესმის სხვისიც. 

- ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. განსხვავებული იყავით თქვენ და თქვენი ძმაც ხასიათითაც, წერის სტილითაც... თან ერთმანეთის პირველი შემფასებლები იყავით. არ გეშინოდათ ამ შეფასებისა?

- ღმერთმა დაიფაროს, სხვადასხვანაირები არ ვიყოთ... უილიამ ბლეიკმა თქვა, - ადამიანები ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ სხვადასხვანაირები არიანო. მაგრამ ამ განსხვავებულ ადამიანებს შორის გაგებაც ხომ არსებობს...

ყოველთვის ძალიან მეშინოდა ოთარის შეფასების, მასაც ეშინოდა. წერს კიდეც ერთგან: "ჩემი დიდი კრიტიკოსი თამაზი ჩამოვაო". მე თუ ვინმესი მწამდა, პირველ რიგში - მისი. ჩემი შენიშვნის გამო, ოთარს თავისი რომანებიდან, მე რომ რომანებს ვწერ, იმხელა მონაკვეთები ამოუღია. სჯეროდა ჩემი. ტრაბახად არ მოგეჩვენოთ, არაფერი წაუგია. ჩვენ როცა ლიტერატურაზე ვსაუბრობდით, გეგონებოდა, ორი მტერი შეხვდა ერთმანეთსო... იყო ჩხუბი, კამათი, ყვირილი. მერე ვწყნარდებოდი და ვხვდებოდი, როგორ სიმართლეს მეუბნებოდა.

- ოჯახიშვილი ვახსენეთ. ამას დავარქვათ ქართული მსოფლმხედველობა, სწორედ იმის გამო, რომ ქართველი კაცი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახს, არასოდეს განელდება ინტერესი თქვენი ოჯახის მიმართ...

- რადგან ამბობთ, ალბათ ასეა. არასოდეს დამავიწყდება: პატარები ვართ, მე 6 წლის ვარ, ოთარი - 4-ისა. მამას დიდი ფანერის ყუთი მოუტანია, შიგ აწყობენ რაღაცას. მაგიდაზე დგას მაკარონის, შაქრის გორა, აწყვია პაპიროსის კოლოფები... მამა ამბობს: ჩემი პალტო მოიტანეთო... დედას მოაქვს. ყუთში დებენ. მამიდა წუხს, - ამ ზამთარს შენ რა უნდა ჩაიცვაო. იმას უფრო ჭირდებაო, - პასუხობს მამა... ეს დაგვამახსოვრდა და იქცა ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. ამანათს, რომელშიც მამამ პალტო ჩაადებინა, მისი გადასახლებული ძმისთვის ამზადებდნენ. არადა, მგონი, უკვე დახვრეტილი იყო ბიძაჩემი... მაინც იღებდნენ ამანათებს.

პირველი სურათები, თითქოს თვალის ახელისთანავე რომ დავინახე ჩვენს პატარა ბინაში, ბათუმში, ვაჟას, აკაკის და ილიასი იყო. მახსოვს, როგორ მოწიწებით წმენდდა დედა მტვერს იმ ფოტოებს, თითქოს ეფერებოდა. წმინდანები იყვნენ ჩვენთვის. მამა მასწავლებელი იყო. განათლებით ეკონომისტი, ორი ენა იცოდა ბრწყინვალედ - გერმანული და რუსული. საბედისწერო რამ შეემთხვა.

ოპერაცია ვერ გაუკეთეს სწორად და მთელი ცხოვრება ისე გაატარა, ფეხზე აღარ გაუვლია. სტკიოდა, მაგრამ მისი ხმა არ გაგვიგია. ჩვენ რომ არ შევეწუხებინეთ, არც დაიკვნესებდა. თავისი მაგალითით ბევრი რამ გვასწავლა. მოწაფეებს ამზადებდა და ამით გვარჩენდა. დედას კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. სულ კითხულობდა. ჩვენზე დაწერილ კრიტიკას ვუმალავდით. მაინც პოულობდა. ომი რომ დაიწყო, ყველაფერი გავყიდეთ. დედამ გადაგვარჩინა: როგორც მოწყალების დამ, ფრონტის წინა ხაზიდან, ისე გამოგვიყვანა გაჭირვებიდან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე.

დედა ყოველდღე ჩვენს აივანზე ჩიტებს საკენკს უყრიდა. საოცარი იყო, რომ საიდანღაც თუთა მოჰქონდათ და დედას უტოვებდნენ, ალბათ მადლიერების ნიშნად. ეს ოთარმაც აღნიშნა. დედა  რომ გარდაიცვალა, მას მერე ჩვენს აივანზე ჩიტები აღარ მოფრენილან.

ჩვენი ოჯახის მთავარი საყრდენიც და იარაღიც წიგნი იყო. საერთოდაც ასეა, ქართველი კაცის ნაცადი იარაღი წიგნი იყო, ვახტანგ VI-მ ზარბაზანი კი არ ჩამოასხა, "ვეფხისტყაოსანი" გამოსცა...

- მწერლობასთან დაკავშირებით სიტყვა "ტანჯვა" ახსენეთ. შეიძლება გაიკვირვოს ვინმემ, თუ წერა სიამოვნებაცაა და მაცოცხლებელი ძალაც, ტანჯვა რაღა შუაშიაო...

- ეს ტანჯვაცაა და ბედნიერებაც. "ბედნიერი ტანჯული" ოთარის ტერმინია. რომ წერ, თავს აფარებ საშინელებისაგან და ხარ სამყაროში, რომელსაც ქმნი. ეს ბედნიერებაა... ოთარი დღე-ღამეში 18 საათს მუშაობდა, ყოფილა შემთხვევა, დაღლილი სკამიდან გადმოვარდნილა... ასეა ალბათ ყველა დიდი მწერალი. ამ თვალსაზრისით ტანჯვაა, მაგრამ, ამავე დროს, ბედნიერი ტანჯვა.

- როდის მიხვდით, თქვენი ძმა რომ  განსაკუთრებული მოვლენა იყო ლიტერატურაში?

- ადრე, თითქმის პირველივე ლექსებიდან, პირველი წიგნი რომ გამოსცა, "მატარებლები და მგზავრები"... "გოდორი" რომ გამოვიდა,  ერთმა რუსმა კრიტიკოსმა დაწერა, - 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ვიყავი, თამაზ ჭილაძემ მითხრა, - ჩვენ შეიძლება კარგი მწერლები ვიყოთ, მაგრამ ოთარი მოვლენააო. როდის მითქვამს ეს სიტყვები, აღარც კი მახსოვდა. ოთარი ნამდვილად მოვლენაა. ეს მერე ყველამ აღიარა.

- მისი ავადმყოფობის ამბავი მოულოდნელად გაიგეთ?

- მოულოდნელი არ იყო, სენი თანდათან ერეოდა. მაინც ერთი წუთი არ დამიშვია, რომ აღარ იქნებოდა. თვითონ ღმერთს სთხოვდა, სამი წელი მაცოცხლე, რომ ახალი რომანი დავამთავროო... მხოლოდ ეს უნდოდა. ერთ დღეს თქვა, - მგონი, მართლა ვკვდებიო. ვიდრე არ დაამთავრებდა რომანს, მეც კი არ მაკითხებდა. რომ გარდაიცვალა, მერე წავიკითხე ფრაგმენტები. დიდი რომანი იწერებოდა. არაჩვეულებრივად ამბობს მაკბეტი:

სახეზე მისი ხელობის ფერი ედოო. ოთარს ედო სახეზე ტანჯვის ფერი და კიდევ სხვა რაღაც, "მისი ხელობის ფერი"... ერთი ღარი ჰქონდა, გეგონებოდა, ნაჭრილობევი იყო, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა განცდას. იცხოვრა კარგად, ნამდვილად ადამიანურად.

- თქვენ განუყოფლები იყავით. "ძმები ჭილაძეები" - ასე გეძახდნენ. ვიცი, ერთი სიცოცხლე დაასრულეთ ოთარის სიცოცხლესთან ერთად. ახლა ალბათ თავიდან სწავლობთ ცხოვრებას უმისოდ...

- არ ვიცი, ვისწავლი თუ არა, ერთი სიცოცხლე კი ნამდვილად დავასრულე.  ტყუპივით ვიყავით, ჩვენ შორის სხვაობა, ორი წელი, სადღაც გაქრა. ზოგს უკვირდა ჩვენი ძმობა... ჩვენ კი ის გვიკვირდა, რატომ უნდა გაჰკვირვებოდათ. 

- ყველამ არ იცის, რომ თქვენგან განუყოფელია თქვენი დაც - თინა, რომელმაც ყველა მძიმე წუთი და განსაცდელი ძმებთან ერთად გადაიტანა...

- "გაუმარჯოს თინას - დედის მაგიერსო", - ჩაუწერია ოთარს. "თინას" ძახილით წავიდა... ჩვენთვის შეწირულია თინა, ყველაფრით დედას ჰგავს. ის ძალაა, შველაა, სათნოების დაა, მოწყალების დაა... სულიერადაც და მოწოდებითაც.

- მთავარია, ისევ გააგრძელოთ მუშაობა...

- მთავარია, ჩვენი საქმე. მართლაც ძალიან დიდი თავშესაფარია, თუნდაც ერთი წამით, მაგრამ გავიწყებს ტკივილს და იმ უბედურებას, რომელშიც ცხოვრობ.

- მომავალ კვირას თქვენი წიგნი გამოვა ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის სერიით". მნიშვნელოვანია, რომ სიიაფის გამო, უკვე ყველა შეძლებს მის შეძენას.

- წიგნთან დაკავშირებით ხელმოკლეობა არ არსებობს, ძალიან ღარიბები ვიყავით, მაგრამ წიგნს მაინც ვყიდულობდით, თუკი ვიშოვიდით. სად იყო წიგნი თავისუფლად?! ახლა ყრია წიგნები დახოცილი თევზებივით, ასე ადრე არ იყო. თუ წიგნი გჭირდება, შეიძენ კიდეც. მიდიხარ კონცერტზე, ბილეთში აძლევ 15-20 ლარს - არ გეძვირება... წიგნი 5-10 ლარი ღირს და... ძვირია. გერმანიაში ვნახე ბავშვის ყულაბა, ზედ ეწერა: "წიგნის ფული".

აგროვებს და ყიდულობს წიგნს. ასეთი ბავშვი იზრდება სწორად! ეს ერთადერთი გზაა... ინგლისურ და ესპანურ ლიტერატურას მთელი მსოფლიო კითხულობს, ქართველ მწერლებს მხოლოდ ქართველი მკითხველის იმედი აქვთ... დღეს რომ "ქართული პროზის საგანძური" გამოდის, ეს მხარდაჭერაა, რწმენაა, რომ ქართული ლიტერატურა აუცილებელია ჩვენთვის. ის სანთელივითაა... ყველამ უნდა იყიდოს და აანთოს...

ლელა ჯიყაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს