ჟურნალმა Forbes-მა 15 წიგნი დაასახელა, რომლებიც კაპიტალის მართვის სრულყოფილ ანალიზს შეიცავს.
Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა ”ინვესტიციების გურუს სახელი” კიდევ ერთხელ გაამართლა - გამომცემლობა Cunningham Group-ის მიერ გამოცემული მისი წიგნი "გაკვეთილები კორპორატიულ ამერიკას" სიბრძნის საუნჯეებად აღიარებული ნაშრომების სათავეში აღმოჩნდა.
წიგნი კომპანიის აქციონერების მისამართით ბაფეტის მიერ გაგზავნილი წერილებისგან შედგება. წერილებში ბიზნესის, კანონმდებლობისა და ინოვაციების შესახებ არის საუბარი და თანამედროვე ბაზრის პირობებში ფულის კეთებასთან დაკავშირებით ახალი იდეებია გამოთქმული.
80 წლის ბაფეტმა შარშან საკუთარი კაპიტალი 5 მლრ დოლარით გაამდიდრა. მისი ქონება 44 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამ თანხის ნახევრის დახარჯვას ბაფეტი საქველმოქმედო მიზნებისთვის აპირებს.
წიგნების სიაში, რომლებიც მკითხველს გამდიდრებაში ეხმარებიან, ასევე მოხვდა: საინვესტიციო კომპანია Gotham Capital-ის დამფუძნებლის ჯოელ გრინბლატის - "პატარა წიგნი, რომელსაც ბაზრის დამარცხება შეუძლია"; ფილიპ ფიშერის - "ჩვეულებრივი აქციები და არაჩვეულებრივი მოგება", ბენ გრეჰემის - "გონიერი ინვესტორი", ბად კონრადის - "მოგების მიღება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან: საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენითა და გლობალური ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით".
Forbes-ის რეიტინგში აღმოჩნდა მეთიუ შიფრინის - "უორენ ბაფეტის მეზობლად: გამოჩენილი მსოფლიო ინვესტორები, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ, თუმცა შეგიძლიათ მათგან ბევრი რამ ისწავლოთ". წიგნში რიგითი ადამიანების - სატვირთოების მძღოლისა და სამსახურიდან დათხოვნილი დიჯეის ისტორიებია მოთხრობილი, რომლებმაც თავიანთი იდეებისა და ნიჭის წყალობით დიდი კაპიტალი დააგროვეს.
მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.