დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ამბობს, რომ საკუთარ სულიერ თავგადასავალს წერს ლექსებად, წერს "ტკივილის ზღვრამდე მისულ დღესასწაულებზე" და "ცხოვრების აცდენის შიშზე", თუმცა, როგორც ჩანს, იპოვა გასაღები, რომლითაც ამ თავგადასავალში, ტკივილში, დღესასწაულსა და შიშშიც მკითხველს საკუთარი თავი და განცდები დაანახვა... ასე გახდა დათო მაღრაძის პოეზია საყოველთაო.

როდესაც შევიტყვე, რომ ბატონი დათო ნობელის პრემიაზე წარადგინეს, გამიხარდა, გამიხარდა, რადგან მეც, როგორც მისი პოეზიის რიგითი მკითხველი, მონაწილე და თანაზიარი ვარ ამ წარმატებისა, თუმცა გამიკვირდა, რომ ქართველი პოეტი ამ საპატიო პრემიაზე შვეიცარიელებმა წარადგინეს...

- თქვენ კი არა, მეც გამიკვირდა, როდესაც შვეიცარიიდან მომთხოვეს ჩემი დაწვრილებითი ბიოგრაფია მიმეწოდებინა. მივხვდი, რომ საკონკურსოდ სჭირდებოდათ, მაგრამ ნობელზე თუ იქნებოდა ლაპარაკი, ვერ ვიფიქრებდი... ემოციებით ვარ სავსე, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პატივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ის სამყარო გაფასებს, სადაც არ გაზრდილხარ, არ გიცხოვრია. სამმა მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა შვეიცარიულმა ინსტიტუციამ წარმადგინა, აგრეთვე, ევროპის ლიტერატურის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭომ. წარდგენილი ვარ მთელი შემოქმედებისთვის, ამაში შედის უცხოურ ენებზე თარგმნილი კრებულები: "სალვე" და "შენც". ჯერჯერობით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ.

- როგორც ვიცით, ნობელზე წარდგენილია ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაულიც, წარდგენილია მისი რომანი. ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე წერდნენ, კონკურენცია ქართველებს შორის შედგებაო...

- (იცინის) ისე, რაც მეტი ქართველი იქნება წარდგენილი, მით უკეთესი საქართველოსთვის. რაც შეეხება ბესიკს, მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორ შემოქმედსა და ადამიანს.

- როგორც წესი, პოეტს თავისი შემოქმედების შეფასებას არ სთხოვენ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ დათო მაღრაძის პოეზიას?

- ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი. მე ვცხოვრობ, განვიცდი და ვწერ. როდესაც ამ ნაწერის მიმართ ჩნდება მკითხველის დამოკიდებულება, იქ მე როგორ ვმონაწილეობ, აღარ ვიცი. ჩემი და ჩემი პოეზიისადმი მკითხველის ამ დამოკიდებულებას ვუწოდებდი იღბალს.

- იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ თავს?

- კი, მადლიერი ვარ განგებისა ყველა იმ სიხარულისა და გაჭირვებისთვის, რაც გადამიტანია. ჩემს გზაზე ტკივილის გარდა, ბევრი სიკეთეც დამხვედრია, ეს ზოგჯერ ჯილდოში გამოიხატა, ზოგჯერ, უბრალოდ, კეთილგანწყობილ ღიმილში. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველის განწყობაა, ეს არის უპირველესი ჯილდო. ყველაზე  მნიშვნელოვან წარმატებად მივიჩნევ იმას, რომ ერთ ევროპელს, რომელმაც წაიკითხა ჩემი ლექსი "ყაზბეგის ქუჩა 14", რომელიც ჩემს მშობლიურ სახლს ეძღვნება, სურვილი გაუჩნდა, ჩამოსულიყო საქართველოში მეუღლესთან ერთად, მოეძებნა სახლი და ფოტო გადაეღო ჩემთან ერთად. რასაკვირველია, ნებისმიერი აღიარება სასიხარულოა და სტიმულის მომცემი, თუმცა ერთ ლექსში მიწერია:

დიდების ფასი გროშში ეტევა,

ყოველი ხვალე გახდება გუშინ,

ყველა პატივი ჩამოგვერთმევა

იქ, საიქიოს საბაჟო პუნქტში.

- თუმცა ერთგან წერთ: ვარსკვლავზე სახელს მოვაწერ, ვარსკვლავებს თუ მოვესწრებიო, - განა ეს დიდებაზე ფიქრი არ არის?

- ეგ უფრო სურვილია, ოღონდ დიდების - არა, სურვილია ცხოვრების გულწრფელი განცდის, რომ ისე არ ჩავიარო ცხოვრება, მთავარი და საინტერესო მხარეები გამომრჩეს... სხვა შემთხვევაში ყოფის ერთფეროვნება ჭამს ემოციებს.. ზოგჯერ აღმოაჩენ, რომ ცისკენ იმდენი ხანია არ აგიხედავს, არ გეცალა... ცხოვრება თავისთავად მშვენიერია, ამ მშვენიერების დანახვა უნდა შეძლო, უნდა გაიკვალო გზა ცხოვრების ლაბირინთებში, ოღონდ ისე, რომ სულიერი ხერხემალი არ დაკარგო.

რასაც განგება გვთავაზობს, იმ სამყაროს არ უნდა გავექცეთ, არც განსაცდელს და არც დღესასწაულს.

- და მაინც, რატომ წერთ?

- მოდი, ისევ ლექსად ვიტყვი:

კრძალვით ვეტრფოდი საყვარლის

მერდინს,

არა ვპრანჭავდი კეკლუცად ხაზებს,

დღესასწაული მტკიოდა - ვწერდი,

შეკავებული ცრემლების ზღვარზე.

- გავიხსენოთ, როგორ იწყებდით...

- აღტაცებული არასოდეს ვყოფილვარ ჩემი ნაწერებით. ყოველთვის უფრო მძაფრად მეჩვენებოდა ჩემი გრძნობა და განცდა, ვიდრე ეს ლექსში ჩანდა, მუდამ უკმარისობის განცდა მქონდა და მაქვს კიდევაც. ვიწყებდი ისე, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ როდის დაემგვანა ნაწერი ლექსს, ეგ თარიღი შეუძლებელია ადამიანს გახსოვდეს, ან საერთოდ დაემგვანა კი? ეგ ეჭვი სულ უნდა გაწუხებდეს, ოღონდ ისე არა, რომ ამ ეჭვიანობით თავიც გატანჯო და მკითხველიც. უბრალოდ, უნდა ცდილობდე, მეტი შესატყვისი მოუძებნო გრძნობების სიმძაფრეს და რაც მთავარია, სათქმელი უნდა გქონდეს. როდესაც ჩემი ლექსების ამბავი გამჟღავნდა, ამას მეტად ჯანსაღად შეხვდნენ ჩემს ოჯახში, არავინ აღტაცებულა ამით,  არავის მოუცა საბაბი, რომ ნარცისიზმი შემყროდა. როგორც ქების, ასევე კრიტიკის მიმართ სულმთლად გულგრილი ვერ იქნება ადამიანი, მაგრამ ორივეს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნო.

- ქარტეხილების ეპოქაში მოგიწიათ ცხოვრებამ, ხშირად მათ ეპიცენტრში ხვდებოდით...

- რა გითხრათ? ეს მიზანმიმართულად არასდროს გამიკეთებია, უბრალოდ, იმას ვამბობდი ხმამაღლა, რასაც ვფიქრობდი, თუმცა შეცდომაც შეიძლება ბევრი დავუშვი... სხვა იარაღი სიტყვის გარდა, არა მქონია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ შეცდომა დაუშვით, როდესაც შევარდნაძის მთავრობის მინისტრობას დათანხმდით, გიხსენებენ ხოლმე "მხედრიონის" პერიოდსაც...

- ამ ყველაფერზე განა მე არ მიფიქრია? ისე, ადამიანები საკუთარ თავსა და შეცდომებზე უფრო მეტს რომ ფიქრობდნენ, ვიდრე სხვისაზე, უფრო წაადგებოდა ქვეყანას. კი, ვიყავი ჩემი ქვეყნის ქარტეხილების მონაწილე, და რაც მთავარია, გულწრფელი ვიყავი ჩემს განცდასა და სათქმელშიც.

- საშუალება რომ გქონდეთ, შეცვლიდით რამეს?

- რა თქმა უნდა, შევცვლიდი და შევცვლიდი იმ ადამიანებსაც, ვინც ფიქრობს, რომ მათ ცხოვრებაში შესაცვლელი არაფერია. ერთადერთი, რასაც არ შევცვლიდი, არის ის ღვთაებრივი განცდა, რაც თითოეულ ადამიანშია... მოკლედ, როგორც შემეძლო, ისე ვიცხოვრე. სამშობლოც ჩემებურად განმიცდია და დღესაც განვიცდი. ჩემს ქალიშვილებს დავუწერე - ეს მარტო ჩემს შვილებს არ ეძღვნება. ეს არის განცდა იმისა, რომ რაც გეძვირფასება შენი ქვეყნის ისტორიასა და სულიერ თავგადასავალში, ის ფასეულობები გამოარჩიო, შენში გადაარჩინო და მომავალს გადასცე. პოემა "შენთვის" რომ დავწერე, იქ გავარკვიე სამშობლოსთან ურთიერთობა, როდესაც ვთქვი:

ჩემო ქვეყანავ, რაც ხარ, ეგეც რომ

ვერ ყოფილიყავ, არ გყავს

შემცვლელი.

მე მიყვარს ის, რაც ალბათ

შეგეძლო,

მე მიყვარს ის, რაც შენ ვერ

შეძელი.

როდესაც სამშობლოს განიცდი, განიცდი მის ყველა ტკივილსა და სიხარულს. საოცარი განცდა მქონდა იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომში მოხალისედ მიდიოდნენ თავისი ქვეყნის დასაცავად მაშინ, როდესაც, დეზერტირობისთვის სასჯელი არ არსებობდა. თუმცა მერე ბევრჯერ სცადეს მათი ერთ თარგზე მოჭრა და დამნაშავეებად გამოცხადება, რამაც ჩემში პროტესტი გააჩინა. როგორც შემეძლო, ისე გამოვხატავდი მათ მხარდაჭერას.

ახლაც, რამდენიმე დღის წინაც ხომ ნახეთ, რა მოხდა? სახელიც კი არ ჰქვია იმ უმსგავსობას, თუმცა ეს ახლა არ დაწყებულა, უბრალოდ, ახლა ზღვარგადასული სახე მიიღო. როდესაც მეომარს, ქვეყნისთვის ნაბრძოლ ადამიანს ასე ექცევი, ამით უპირველესად შენი სამშობლოს მომავალს აყენებ დარტყმას, მაგრამ ამაზე რომ იფიქრო, სამშობლო უნდა გქონდეს. არიან ადამიანები, რომელთაც სადღაც რომ დანიშნავენ, მერე ახსენდებათ, რომ სამშობლო არსებობს და მის შესახებ რაღაც უნდა თქვან. თუმცა მათთვის სამშობლო რაღაც ტერიტორიაა, სადაც პატივმოყვარეობა შეუძლიათ დაიკმაყოფილონ.

- ბატონო დათო, თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება დადგეს დრო და ვეღარაფერი დაწეროთ...

- ამის არ მეშინია. იმიტომ კი არა, რომ აუცილებლად დავწერ, უბრალოდ, ვიცი, ეგ ვერ იქნება ჩემი წუხილის საგანი. ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე წერა ან ხატვა, უფრო საინტერესო და უფრო მძაფრიც. ადამიანის მთავარი ამოცანა კი მაინც ისაა, რომ იცხოვროს! ამის ჩემეული განცდა კი ამ ერთ სტროფში ჩაეტია:

დღესასწაული დგება და ვიცი,

რომ სიყვარულის ძალა დიდია.

მიზიდულობის კანონი მიწის,

მაღლა ვიწევ და, ფეხზე მკიდია!

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"