მთხრობელი -ერნესტ ჰემინგუეი

მთხრობელი -ერნესტ ჰემინგუეი

,,ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ ორმოცდაათი წელიც არ ეყოფა", -ამბობდა ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელი მსოფლიოში, მაგრამ მაინც ვერ შეელია სიტყვას და სიცოცხლის ბოლომდე მას ემსახურა. ერნესტ ჰემინგუეი დღემდე პოპულარულია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და მათ შორის, საქართველოშიც. 24 იანვარს, ჟურნალ "რეიტინგთან" ერთად, სწორედ ამ მწერლის მოთხრობების კრებული გამოვიდა.

სამწუხაროდ, დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გამო, წიგნი ფუფუნების საგნად იქცა. გამომცემლობა "პალიტრა ლ" კი ამ მხრივ მკითხველს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ასე თუ გაგრძელდა, წიგნის მოყვარულები "მსუყე" ბიბლიოთეკის შექმნასაც მოახერხებენ.

ვაჟა ხორნაული, პოეტი:

-გამომცემლობა "პალიტრა ლ" არაერთი კარგი წამოწყების ინიციატორია. მისი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ წიგნმა და მკითხველმა ერთმანეთი იპოვონ. ულამაზეს მოგონებად შემომრჩა გასული საუკუნის ერთი ფაქტი: წიგნის ბუმი! თუ მაშინ პოეტური კრებულები საოცარი ტირაჟებით (10000, 50000, 100000 და უფრო მეტიც), გამოდიოდა, ამჟამად, ამ მხრივ, მართლაც, გულსატკენი მდგომარეობაა -რომელიმე დიდი მწერლის წიგნი შეიძლება, 100 ცალიც არ გაიყიდოს... ამგვარ ვითარებაში სასიხარულოა, გამომცემლობა "პალიტრა ლ"-ის ღვაწლი, ხოლო ამ ღვაწლის კიდევ ერთი დადასტურებაა პროექტი.

ნათია ორმოცაძე, მთარგმნელი:

-ნებისმიერი პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ლიტერატურის განვითარებაზე, მკითხველის დაინტერესებაზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ სასიხარულო და მისასალმებელია. დღეს ახალგაზრდა თაობას დავიწყებულიც კი აქვს მსოფლიო კლასიკოსების შედევრები, რომელთა წაუკითხაობით ადამიანი ბევრს კარგავს.

-როგორც უკვე ვთქვით, პროექტის პირველი წიგნია -ერნესტ ჰემინგუეი. ხომ არ გახსოვთ, პირველად როდის გაეცანით ამ მწერალს და როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება?

მაიკო გოქსაძე, კომპოზიტორი:

-ბავშვობაში წავიკითხე და რა გასაკვირია, რომ სწორედ სათავგადასავლო ტიპის საკითხავი დამაინტერესებდა -"კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", სადაც ალბათ, პირველ რიგში, თვალში მეცემოდა ეგზოტიკა; შემდეგ, როგორც ბავშვის წარმოდგენაში, ცენტრალური ფიგურა -ცხოველები და ბოლოს, ბავშვისთვის ნაკლებად საინტერესო -წყვილის ურთიერთობა. მოგვიანებით, კინოეკრანებზე გამოჩნდა ამავე სახელწოდების ამერიკული ფილმი, სადაც

მთელი ინტერესი ამჯერად, შესანიშნავ წყვილზე -გრეგორი პეკსა და ავა გარდნერზე გადავიდა.

არჩილ გამზარდია, სკოლის მასწავლებელი:

-პირველად, 15 წლის ასაკში წავიკითხე -"მშვიდობით, იარაღო" და მოთხრობები, თუმცა, თუ სწორად მახსოვს, მოთხრობებზე მეტად ამ ნაწარმოებებმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.

ვაჟა ხორნაული:

-ერნესტ ჰემინგუეი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. მის შემოქმედებას სტუდენტობის წლებში გავეცანი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. განსაკუთრებით მომხიბლა მოთხრობამ -"მოხუცი და ზღვა". ჰემინგუეი არა მარტო შემოქმედებითაა მიმზიდველი, არამედ ბობოქარი ცხოვრებითაც. ,,სად არ შევხვდებით მას -ბრძოლის ველზე და პარიზის კაფეებში, ალპებსა და კორიდაზე, უაიომინგის უღრან ტყეებსა და აფრიკის მწვანე ბორცვებზე, ალყაშემორტყმულ მადრიდში და ბანინის კუნძულებთან" (ენტონი ბერჯესი).

ნათია ორმოცაძე:

-ჰემინგუეის შემოქმედებას პირველად რომ გავეცანი, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი და წიგნებს მხოლოდ დედის დაჟინებული თხოვნით ვკითხულობდი. მაშინ მხოლოდ ნაწარმოების შინაარსი მიტაცებდა, ამიტომ შთაბეჭდილებებითაც ვერ მამდიდრებდა კითხვის პროცესი. გააზრებულად ეს ავტორი სტუდენტობისას წავიკითხე და აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ როგორ შეძლო მწერალმა, ასეთი სადა და უშუალო თხრობით, სიტყვების მინიმალური რაოდენობის გამოყენებით ასეთი ღრმა აზრების გადმოცემა. მისი გმირები სიცოცხლის უზომო აღსავსე და სიყვარულით გაჯერებული ადამიანები არიან. მოხუცი სანტიაგოს ("მოხუცი და ზღვა") სახე ისეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია -დაბერებული, დანაოჭებული, მოხრილი კაცი და უცებ -მარად ახალგაზრდა ცისფერი თვალები!.. მოხუცი, რომელიც ასე ეურჩება დამარცხებას და მაინც არ კარგავს იმედს, უკვე გამარჯვებულია, მებრძოლი და შეუდრეკელი ადამიანის დამარცხება კი შეუძლებელია. აი, ამ შთაბეჭდილებით დავდიოდი ამ ავტორის წაკითხვის შემდეგ და ასე სავსეს და სრულს კარგა ხანს არ შემეძლო სხვა, ახალი ემოციის მიღება.

-ერნესტ ჰემინგუეის ცხოვრება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მწერალი თურმე ცდას არ აკლებდა, რომ ხალხს გამუდმებით ელაპარაკა მასზე, მიებაძა მისთვის და ასეც ხდებოდა. როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებოდა უკვე ისედაც პოპულარულ მწერალს სკანდალური (უმეტესწილად, სასიყვარულო) ამბებით "თავის მოწონება".

ვაჟა ხორნაული:

-რომელ მწერალს არ სურს, რომ მასზე ილაპარაკონ; რომელ მწერალს არ უხარია, რომ მისი გავლენა დიდია და ჰყავს მიმბაძველები? ადამიანის ბუნებაა ასეთი. ამ მხრივ, იგი "აღუვსებელი საწყაულია" და ამაში არაფერია მოულოდნელი და მიუღებელი. რაც შეეხება მის სკანდალურ (უმეტესწილად, სასიყვარულო) თავგადასავლებს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ხალისიანი და დაუდეგარი ბუნება, რაც მისი ხასიათის კიდევ ერთი თავისებურებაა. ჰემინგუეი უნიღბოა, ერთნაირად ლამაზად თამამია ქალთან და სიტყვასთან. სიცოცხლით ტკბება და სიკვდილსაც ისე ეთამაშება, როგორც უძვირფასეს ახლობელს...

ნათია ორმოცაძე:

-ჩემი ფიქრით, იმის მიზეზები, თუ რატომ ცდილობდა, მწერალი ასე თავგამოდებით მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას და რატომ მოსწონდა მას, რომ ის გამუდმებული მითქმა-მოთქმისა და ჭორაობის საგანი იყო, უნდა ვეძებოთ მისსავე ხასიათში. ჰემინგუეი იმსახურებდა ყურადღების ცენტრში ყოფნას და მოსწონდა კიდეც, რომ გამუდმებული ჭორების საგანი იყო. შეიძლება, მისი ამ ხასიათის გამძაფრებას სამსახურმაც შეუწყო ხელი -სკოლის დამთავრების შემდეგ კანზას-სიტიში გადავიდა, სადაც მუშაობა გაზეთში - STAR რეპორტიორად დაიწყო. იქ მას ჰქონდა შემთხვევის ადგილზე კონტაქტი დამნაშავეებთან, მკვლელებთან, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. ის მუდამ იქ იყო, საითაც მთელი საზოგადოების ყურადღება იყო მიპყრობილი. თვალყურს ადევნებდა ყველაფერს, ცდილობდა, ამოეცნო დანაშაულის მოტივები, იმახსოვრებდა დამნაშავეების სახეებს და შემდგომ იყენებდა კიდეც თავისი ნაწარმოებებისთვის. აქ ხდებოდა მისი ლიტერატურული სტილის და შესაძლოა, ხასიათის ჩამოყალიბებაც.

მაიკო გოქსაძე:

-ჰემინგუეი, მოგეხსენებათ, ქარიზმატული პიროვნება იყო, რომელსაც მოგვიანებით შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს -მანიაკალური დეპრესია. ვფიქრობ, ამის ფონზე, მას სულაც არ სჭირდებოდა "ხმაურიანი" იმიჯის ხელოვნურად მოპოვება, მისი ცხოვრება ისედაც გაუთავებელი მოგზაურობებით და სასიყვარულო ინტრიგებით იყო სავსე. მისი ნაწერებიც ხომ ფაქტობრივად, იმეორებდა ერნესტის ხასიათებსა და ყოფით გამოცდილებას.

-საინტერესოა, ვინ არიან თქვენი რჩეული მთხრობელები და განსაკუთრებით, რომელი თაობის წარმომადგენლებისთვის იქნება ეს პროექტი საინტერესო?

ნათია ორმოცაძე:

-ნებისმიერი საზღვარგარეთელი კლასიკოსის ხელახალი გამოცემა ძალზე საინტერესო იქნება, მაგრამ მე მაინც გამოკვეთილად აღვნიშნავდი ჩემთვის უსაყვარლეს ავტორს, რომლის ქართული თარგმანიც მგონი, არ უნდა არსებობდეს, და რომელსაც ქართველი მკითხველის უმრავლესობა რუსული თარგმანით იცნობს, ეს არის ტორნტონ უაილდერი. ეს ავტორი ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება. ამ სერიით გამიხარდებოდა თომას სტერნ ელიოტის, უოლტ უიტმენის, ეზრა პაუნდის შემოქმედებასთან შეხვედრა. შეიძლება, ამ ავტორთაგან ზოგიერთი უკვე გამოცემულია, მაგრამ სასიხარულო იქნებოდა, წიგნის მაღაზიების თაროებზე მათი, კიდევ ერთხელ, ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.

არჩილ გამზარდია:

-თუ იმ ასაკს დავუბრუნდებით, როდესაც ჰემინგუეის გავეცანი, ალბათ ამავე ასაკის ახალგაზრდებზე გავამახვილებდი ყურადღებას და გავიხსენებდი, ხოლო მოზარდებს ვურჩევდი, წაეკითხათ -რემარკი, სტაინბეკი, თომას მანი და ა.შ.

ვაჟა ხორნაული:

-მსოფლიოს მწერლობა მდიდარია გიგანტებით. პროექტის ავტორთა წინაშეა უდიდესი საგანძური. მომდევნო წიგნებში ვისურვებდი ისეთი "ლომების" გამოჩენას, როგორებიც არიან -სერვანტესი, შექსპირი, დოსტოევსკი, ფოლკნერი, ბორხესი, თომას მანი, მარსელ პრუსტი (რომელი ერთი დავასახელო). ეს ისეთი პროექტია, ნებისმიერ თაობას რომ გამოადგება, განსაკუთრებით კი -ახალგაზრდობას, ვინაიდან სწორედ ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს გამოაცალა "მღვრიე დრომ" ყველაზე მტკიცე საყრდენი -წიგნი. ამ საყრდენის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე გაიყინება და ვერ ეზიარება იმ დიდ სიხარულს, რომელიც სიტყვაში გაცხადებულ სიბრძნესთან ურთიერთობისას იბადება.

თამთა დოლიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს