თეოდორ დოსტოევსკი - რუსი მარკიზ დე სადი

თეოდორ დოსტოევსკი - რუსი მარკიზ დე სადი

მომავალ ორშაბათს "რეიტინგთან" ერთად კლასიკური ლიტერატურის მოყვარული მკითხველები "მსოფლიოს რჩეული მოთხრობების" სერიით თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობებს გაეცნობიან.

ამ რუსი კლასიკოსი მწერლის მთელი ბიოგრაფია მისი ემოციებისა და განცდების დაუსრულებელი ისტორიაა. ის მართლაც ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი იყო, რომელიც თავისი პერსონაჟების სულსა და გონებას აშიშვლებდა, თუმცა თვითონ არანაკლებ "შიშველი ნერვებით" ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების ბოლოსთვის დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, მსოფლიო აღიარება მაინც სიკვდილის შემდეგ ეწვია. თვით ფრიდრიხ ნიცშეც კი აღიარებდა, რომ დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მას შეეძლო რაღაც ესწავლა.

თეოდორ დოსტოევსკი 1821 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა მოსკოვში. მამა თავადი იყო, მოსკოვში ექიმად მუშაობდა. დედა კი ვაჭართა წრიდან გახლდათ. თეოდორი მეორე იყო შვიდ ბავშვს შორის.

ტანდაბალი, მოუქნელი დოსტოევსკი ბავშვობიდან მეტისმეტად მგრძნობიარე იყო. ნერვიული შეტევები, რომლებიც ბავშვობაში ემართებოდა, ახალგაზრდობის წლებში ეპილეფსიაში გადაიზარდა. ერთ-ერთი შეტევის დროს მარჯვენა თვალი დაიზიანა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ოდნავ დასივებული დარჩა. ამის გამო მის მზერას ერთგვარი ასიმეტრიული გამომეტყველება მიეცა. როცა დოსტოევსკი აღიგზნებოდა, არაბუნებრივად ძლიერად ჟესტიკულირებდა, პირის კუთხეებში კი ხანდახან დუჟიც მოსდიოდა.

როცა 13 წლის იყო, დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ხუთ წელიწადში კი გლეხებმა მისი უკვე კარგა ხნის წინ გალოთებული და გარყვნილი მამა მოკლეს. ამის შემდეგ დოსტოევსკიმ გადაწყვიტა, სამხედრო ინჟინრის კარიერა მიეტოვებინა და თავი მწერლობისთვის მიეძღვნა. 25 წლისამ გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, რომელიც მკითხველმა კარგად მიიღო. რამდენიმე წელში რევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. უკანასკნელ მომენტში განაჩენი შეარბილეს და დოსტოევსკი ციმბირში გაგზავნეს.

თითქმის ათი წელი გავიდა, სანამ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნებას შეძლებდა. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, სიღატაკისა და სრულიად წარუმატებელი ინტიმური ცხოვრებისა, 59 წლამდე იცოცხლა და სიკვდილის წინ შემოქმედებით და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწია.

რაც შეეხება მის გარდაცვალებას, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. თუმცა ფაქტი ის გახლავთ, რომ 1881 წლის 26 იანვარს მას თავისი და - ვერა ეწვია და სთხოვა, რიაზანის მიწების საკუთარ წილზე დების სასარგებლოდ ეთქვა უარი - ეს მიწები დეიდისგან ერგოთ მემკვიდრეობით. როგორც მოგვიანებით ჰყვებოდნენ, საკმაოდ მგზნებარე სცენა გამართულა, ცრემლების თანხლებით. ამ შეხვედრის შემდეგ დოსტოევსკის ყელიდან სისხლი წამოუვიდა. შესაძლოა, სწორედ ამ უსიამოვნო საუბარმა მისცა პირველი ბიძგი მის დაავადებას - ემფიზემას. დიდი მწერალი ორ დღეში გარდაიცვალა.

პირადი ცხოვრება

დოსტოევსკის თანამედროვე ტურგენევმა მას "რუსი მარკიზ დე სადი" უწოდა. დოსტოევსკის 34 წლამდე არავითარი ინტიმური კავშირი არ ჰქონია, ხოლო ნამდვილი გრძნობა პირველად 40 წლისას ეწვია. მანამდე ძირითადად მეძავებთან ურთიერთობდა და ამით იკმაყოფილებდა ქალებისადმი ფიზიკურ ლტოლვასა და ჭეშმარიტი განცდების დეფიციტს.

პირველი რომანტიკული ურთიერთობა ციმბირში ჰქონდა, ვინმე მარია ისაევასთან. მარია გათხოვილი იყო, თუმცა ქმარი ადრე გარდაცვლოდა. მწერალს მარია უფრო ეცოდებოდა - მას ჭლექი ჰქონდა, ქმარი კი ლოთი იყო. დოსტოევსკიმ მარია ცოლადაც მოიყვანა. თაფლობის თვის დროს მწერალმა ეპილეფსიის მორიგი შეტევა გადაიტანა, რამაც მთელ მათ შემდგომ ცხოვრებას დაღი დაასვა. მათი ქორწინება უიღბლო იყო, ინტიმური ცხოვრებაც არ შედგა. შვიდ წელიწადში კი მარია გარდაიცვალა.

ამის შემდეგ დოსტოევსკი აპოლინარია სუსლოვას შეხვდა, ჟღალთმიან ემანსიპირებულ პატივმოყვარე ქალს, რომელიც მასზე ოცი წლით იყო უმცროსი. სულ რაღაც ერთი წელი იცხოვრეს ერთად, მერე კი წლების განმავლობაში ტანჯავდა ქალი მწერალს, სანამ საბოლოოდ გაწყვეტდა მასთან ურთიერთობას. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლინა, როგორც მას დოსტოევსკი ეძახდა, სექსუალურად ცივი ქალი იყო, სადომაზოხისტური მიდრეკილებებით. ამის გამო იმ პერიოდში დოსტოევსკი ინტიმურ ცხოვრებაში დანაკლისს აზარტული თამაშებით ინაზღაურებდა. მხოლოდ მას შემდეგ დაამარცხა ეს ლტოლვა, რაც კიდევ ერთხელ იქორწინა. პოლინას შემდეგ ისეთ ქალზე ოცნებობდა, რომელიც მის ცხოვრებას მოაწესრიგებდა და რომელთანაც ნორმალური ინტიმური ურთიერთობა ექნებოდა. დოსტოევსკი 45 წლის იყო, როცა თავისი 20 წლის სტენოგრაფისტ ანა სნიტკინაზე იქორწინა, რომელიც დოსტოევსკის აღმერთებდა. ერთხელ დაწერა კიდეც: "მზად ვარ, დარჩენილი ცხოვრება მის წინაშე მუხლებზე მდგარმა გავატარო".

ანა ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ამიტომ ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავდა იმ ვნებასა და ხანდახან ძალადობაშიც კი, რომლითაც სავსე იყო მისი და დოსტოევსკის ინტიმური ურთიერთობები. სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ იმდენ ხანს იწვა უძრავად, რომ ანა ამოწმებდა კიდეც, ცოცხალი იყო თუ არა. თუმცა დოსტოევსკი აშკარად დამშვიდდა, ბედნიერებაც პოვა ამ ქალთან და სექსუალური კმაყოფილებაც. იმ წერილებში, რომლებსაც ქალაქიდან გამგზავრების შემდეგ სწერდა თავის ცოლს, ჩანს, რამდენად კმაყოფილი იყო მასთან ცხოვრებით. თუმცა მისგან შორს მყოფს კოშმარებიც ესიზმრებოდა, რომლებშიც ანა სხვა მამაკაცებთან ერთად იყო. თუმცა სინამდვილეში ანას მისთვის არასდროს უღალატია.

ერთად ცხოვრების 14 წლის განმავლობაში დოსტოევსკის ახალგაზრდა ცოლისადმი ვნება არ განელებია, ანა კი ბოლომდე ეთაყვანებოდა მას, თუმცა მწერლის თანამედროვენი იმასაც ამბობდნენ, რომ დოსტოევსკის ურთიერთობები ჰქონდა პატარა გოგონასთან, რომელიღაც არასრულწლოვან მეძავთან. მართალია თუ არა ეს, ახლა ძნელი დასადგენია, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მოწიფული მამაკაცის თემა, რომელიც უმწიკვლო გოგონას აცდუნებს, მის ლიტერატურულ ნაწარმოებებში მრავლად გვხვდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს