ლალი მოროშკინა ქართველი გუბერნატორის უხამსობაზე ალაპარაკდა

ლალი მოროშკინა ქართველი გუბერნატორის უხამსობაზე ალაპარაკდა

წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" შემდეგ ლალი მოროშკინამ ახალი წიგნის დაწერა გადაწყვიტა, უფრო სექსუალური და დამაინტრიგებელი სახელით - "უსექსობა პატარა ქალაქში". სანამ წიგნი დღის სინათლეს იხილავს, მანამდე ლალი საკუთარი ნაწარმოების შესახებ გვესაუბრება...

- ჯერ მხოლოდ წიგნის სახელწოდებაა ცნობილი და უკვე ისეთი ამბავია ატეხილი ინტერნეტში... რა თქმა უნდა, წიგნის სახელწოდება ჩვენმა ქალაქმა პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო. როგორც ჩანს, ალეგორია, შედარება და სხვა მეთოდები, რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში, ჩვენი მოსახლეობისთვის აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდა...

- მაშინ გვითხარი, როგორ უნდა გავიგოთ ამ სათაურის შინაარსი?

- სექსი დაკავშირებულია ვნებასთან, სიამოვნებასთან, კარგ განწყობასთან, გამრავლებასთან. ეს ყველაფერი აკლია ჩვენს ქალაქს. წიგნი შედგება ნოველებისგან, კონკრეტული დასრულებული ისტორიებისგან. ყველა ამბავი რეალურია, მაგრამ არავის არ ვურჩევ, ბოლომდე "ჩიჩქნოს", ისედაც ბევრი იპოვის იქ საკუთარ თავს, მე ვიცი, რომ ბევრს უკვე აეწვა ერთი ადგილი.

- შენი წიგნის მოქმედება ხომ საქართველოში ხდება?

- ჩემს წიგნში პერსონაჟებს ქალაქიდან ჰქვიათ პატარქალაქელები და სოფლიდან - პატარსოფლელები. ვისაც როგორ უნდა ისე წარმოიდგინოს, მე თბილისსა და საქართველოს წიგნში არ ვახსენებ. იმდენ ზნედაცემულობაზეა ლაპარაკი, არ მინდა, ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ და თბილ ქვეყანას ვაკადრო.

- ბევრი უხამსი ფრაზა ამოვიკითხე შენს ნოველაში, არ გეშინია კრიტიკის?

- არასდროს შემშინებია კრიტიკის და ახლაც მზად ვარ ამისთვის. ეს უხამსობაც იმ პატარა ქალაქის ნაწილია, რომელზეც ლაპარაკია წიგნში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საღამოს ათი საათის შემდეგ ტელეარხებზე უხამსობის კორიანტელით სავსე ფილმები გადის, ჩემი წიგნი ამასთან შედარებით ბავშვური ანბანია. მე ვეყრდნობი ჩვენივე კონსტიტუციას, არ ვაქვეყნებ იმაზე მეტ უხამსობას, რასაც თუნდაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს ფილმების საშუალებით.

- რატომ გამოგაქვს სააშკარაოზე სხვა ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება? რას ერჩი თუნდაც ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორს?

- მე არ ვფიქრობ, რომ ვიღაცას ვერჩი. აქ არის აღწერილი პატარა ქალაქის რეალური ისტორია, თუ ვინმე რომელიმე გმირში თავის თავს ამოიცნობს, ეს მისი პრობლემაა... სირცხვილსა და უხამსობაზე მეკითხებოდი წეღან. იცი რა? სირცხვილი, უხამსობა და ამორალურობა იყო კოდორის ერთი გასროლის გარეშე დატოვება, ახალგორის მტრისთვის გადაბარება. საქართველოს ტერიტორიის 30%-ის დაკარგვა. ამორალურია მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ამორალურია ის, რომ პენსიები რეალურად მეოთხედი გახდა და საერთოდ ამორალურია ყოფა ამ ქვეყანაში. ამორალურია ოპოზიცია, რომელიც გვყავს და ამორალური ამ ქვეყანაში იმდენი რამ არის, ტომები არ მეყოფა დასაწერად! ის, რომ საქართველოში დღეს სუტენიორების ინსტიტუტი არსებობს, რომ ხაზინიდან ხარჯები მიდის თვალში კარგად მოსულ ქალებსა თუ მამაკაცებზე, ნორმალურია?! ახალი წლის ღამეს წვიმაში რომ აცეკვო ბავშვები და უსინათლო ოპერის მომღერალს ჰკითხო, ხომ კარგია განათებული ბათუმიო, იქნებ, ესეც ნორმალურია?! მე ეს ყველაფერი უფრო ამორალური მგონია.

- რისი თქმა გინდა ამ წიგნით?

- იმის, რომ საქართვე­ლო წაკუზულ მდგომარეობაშია.

- ვინ დგას წაკუზული საქართველოს უკან?

- ჩემი წიგნის პერსონაჟები, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რომლებსაც პრაქტიკულად ეძღვნება კიდეც ჩემი წიგნი. მე რაღაცები ავიღე ნაწარმოებიდან "სექსი დიდ ქალაქში", სადაც ჟურნალისტი ჰყვება ბევრ ამბავს. ჩემი წიგნის მთავარი გმირიც ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში მუშაობს, რომელსაც ყელში ამოუვიდა მუდმივად "პრადას" და "გუჩის" ფეხსაცმელებზე წერა და გადაწყვეტს, რეალურად ილაპარაკოს იმ პრობლემებზე, რომელიც მის ქვეყანაში, ქალაქში დაგროვდა.

- და ეს ჟურნალისტი არ ხარ შენ?

- არა, მე ამ წიგნში საერთოდ არ ვფიგურირებ. ეს არის რომანი, რომელიც ვითარდება პატარა ქვეყანაში, რომელსაც აქვს დიდი პრობლემები.

- გუბერნატორი რეალურია?

- დროსა და სივრცეში არ დავკონკრეტდები, მაგრამ ჩემი წიგნის ყველა პერსონაჟი რეალური ადამიანია, ასევე გუბერნატორიც, მისთვის სასურველი მოდელიც და სუტენიორი "მინიც".

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს