ოლდოს ჰაქსლი - მწერალი, რომლის რომანმა ცნობილ ჯგუფს სახელი შთააგონა

ოლდოს ჰაქსლი - მწერალი, რომლის რომანმა ცნობილ ჯგუფს სახელი შთააგონა

მომავალ ორშაბათს "რეიტინგთან" ერთად ცნობილი ინგლისელი მწერლის ოლდოს ჰაქსლის მოთხრობების კრებული გამოვა. ჰაქსლიმ სახელი გაითქვა რომანით "ო, საოცარი ახალი სამყარო". გარდა ამ რომანისა, მწერლის კალამს უამრავი საინტერესო მოთხრობა ეკუთვნის. და კიდევ, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა საინტერესო ფსიქოტროპული ნივთიერების პოპულარიზაცია.

კულტურული ელიტის წარმომადგენელი

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი 1894 წლის 26 ივლისს დაიბადა დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, გოდალმინგში. როგორც მამის, ისე დედის მხრიდან ჰაქსლი ბრიტანულ კულტურულ ელიტას მიეკუთვნებოდა, რომელმაც მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი, მხატვარი მოავლინა ქვეყნად.

მამამისი ლეონარდ ჰაქსლი მწერალი გახლდათ, პაპა მამის მხრიდან - ბიოლოგი ტომას ჰენრი ჰაქსლი; დედის მხრიდან ისტორიკოსისა და პედაგოგის ტომას არნოლდის შვილთაშვილი იყო. მისი პაპა დარვინის მარჯვენა ხელი გახლდათ. ჰაქსლის ძმა ჯულიანი და ნახევარძმა ენდრიუ ცნობილი ბიოლოგები იყვნენ. სხვათა შორის, მისი ვაჟიც ცნობილი ბიოლოგია, თუმცა მის შვილიშვილებს არც ერთ სფეროში არ მიუღწევიათ რაიმე წარმატებისთვის.

ჰაქსლის დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა ოლდოსს 13 წელი შეუსრულდა. სამი წლის შემდეგ ბიჭს თვალის ანთება დაემართა და მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა. ამის გამო პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლეს.

წერის დაწყების გადაწყვეტილება

თავისი პირველი რომანი, რომელიც არ გამოცემულა, ჰაქსლიმ 17 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურას ოქსფორდში, ბალიოლის კოლეჯში სწავლობდა. ოცი წლისამ გადაწყვიტა, პროფესიად მწერლობა აერჩია. როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ოქსფორდის დამთავრების შემდეგ მის ძირითად შემოსავალს მასწავლებლობა წარმოადგენდა, აქედან მიღებული ფული კი არ ჰყოფნიდა ბარებში სასიარულოდ, მეძავებთან გართობასა და ბლეკჯეკის სათამაშოდ და ამიტომაც დაიწყო მწერლობა.

1928 წელს დაიბეჭდა მისი რომანი "კონტრაპუნქტი", რომელმაც სასურველი წარმატება მოუტანა და იმ დროის ინგლისელი მწერლების წრეში შეიყვანა.

1937 წელს ჰაქსლი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, კალიფორნიის შტატში, თავის გურუ ჯერალდ გერდთან ერთად, იმ იმედით, რომ კალიფორნიული კლიმატი მის მხედველობას წაადგებოდა. სწორედ იქ დაიწყო მისი ძირითადი შემოქმედებითი პერიოდი, რომლისთვისაც ახალ თავისებურებად იქცა ადამიანის არსის უფრო დაწვრილებითი განხილვა. გარდა ამისა, 1938 წელს ჰაქსლიმ ინდოელი ჯიდა კრიშნამურტი გაიცნო, რომლის გავლენითაც სხვადასხვა სიბრძნეს დაეუფლა და მისტიკა შეიცნო.

ექსპერიმენტი ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე

დაგროვილი ცოდნა გამჟღავნდა მის შემდგომ შრომებში: "მარადიული ფილოსოფია", კიდევ უფრო მკაფიოდ, ნაწარმოებში "მრავალი წლის შემდეგ" და ასევე - "დრო უნდა გაჩერდეს".

1953 წელს თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომელსაც ჰამფრი ოსმონდი ატარებდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო მესკალინის (ალკალოიდი ფენილეტილამინების ჯგუფიდან) გავლენა ადამიანის ცნობიერებაზე.

ესეებში "აღქმის კარი" და "სამოთხე და ჯოჯოხეთი" აღწერილია ექსპერიმენტის მსვლელობა, რომელიც ავტორმა სიკვდილამდე ათჯერ მაინც გაიმეორა. "აღქმის კარი" საკულტო ტექსტად იქცა 1960-იანი წლების რადიკალური ინტელექტუალებისთვის და სახელწოდება მისცა ცნობილ ჯგუფს The Doors.

ჰაქსლი 1963 წელს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა ყელის კიბოთი. სიკვდილის წინ მოითხოვა, კუნთქვეშ ელესდეს ინიექცია გაეკეთებინათ. მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, ცოლმა თხოვნა მაინც შეუსრულა. ეს მოგვიანებით აღიარა ინტერვიუში, რომელიც 1986 წელს ბრიტანულ ტელევიზიას მისცა. მწერლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის საკუთარ სახლში მისი ყველა ხელნაწერი დაიწვა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს