რატომ ინახავს ბესიკ ხარანაული დამტვრეულ კალამს

რატომ ინახავს ბესიკ ხარანაული დამტვრეულ კალამს

პოეტი და პროზაიკოსი ბესიკ ხარანაული პატარა ბინაში ცხოვრობს. ირგვლივ ბევრი ფანჯარაა, საიდანაც უხვად იღვრება სინათლე. ინტერვიუზე ცივსა და ქარიან დღეს მივედი -წუილის ხმა კედლების შიგნითაც კი აღწევდა. ამ ადამიანს მწერლობაში თვითდამკვიდრებისთვის არასოდეს უბრძოლია, ეს თავისთავად მოხდა. სიტყვა "ვერლიბრი" არ უყვარს, მეტიც, ვერ იტანს, ამიტომ ურჩევნია, თავისი ლექსები ამ ჩარჩოში არ მოაქციოს და თავისუფალი უწოდოს.

პარტიტურას უწოდებს "შავ" ჩანაწერებს, რომელსაც ყოველდღიურად აკე­თებს. იმპულსები რომ არ გაქრეს და ნააზრევი არ დაიკარგოს, გვერდით ყოველთვის უწყვია ფურცლები. ხშირად დივანზე წვება და ისე ფიქრობს, ასე სხვაგვარი სივრცეაო, ამბობს. ხშირად იმდენად სწრაფად მოდის აზრები, რომ წერას ვერ ასწრებს. ასეთი შემთხვევებისთვის დიქტოფონიც ჰქონია და დაუკარგავს. ამ ამბავს ძალიან განიცდის. "კლდის კედელი რომ მოინგრევა, ცვენის პროცესია საინტერესო. როცა ამას გრძნობ, დააჭირე თითი ღილაკს და ირატრატე. ახლა ფურცელზე ვწერ... ღამით პატარა ლამფას ვანთებ, სხვა რომ არ შევაწუხო. კალამი მქონდა, რომელიც ანათებდა, მაგრამ დამემტვრა. ნამტვრევებს ვინახავ, შვილის -ანას ნაჩუქარია, მენანება... კომპიუტერი კარგია, რადგან დგას და გელოდება, როგორც ერთგული ჯორი. მიხვალ და როცა გინდა მოახტები. ერთი აქვს ცუდი, წაშლაა ძალიან მარტივი და სამუდამო. ასე ხშირად მოვქცეულვარ, რადგან რთულია გაუმკლავდე, როცა მთელი არსება გეუბნება "წაშალე!" ახლა ხელებს ხშირად ვიბორკავ"....

სამი შვილის: ანას, ლევანისა და ალე­ქსანდრეს მამაა. როცა მათზე ვსაუბრობთ, კარგად ვგრძნობ, რომ თითოეული ეამაყება. ეს მათთვის პირშიც უთქვამს, -ქება, ალერსი და ტკბილი სიტყვა მათთვის არასოდეს დაუშურებია. სხვაგვარი აღზრდის მეთოდი არ ჰქონია. შვილებთან ყოველთვის "გახსნილი" იყო და ასეთივე ყოფილან ისინი მამისთვისაც. ცოტა ხნის წინ შვიდი შვილიშვილისგან ერთ-ერთთან სანაძლეო დაუდია, სამას წლამდე ვიცოცხლებო. ახლა ამას ნანობს, რადგან გამოდის, რომ ბავშვს ტყუილი უთხრა. იქამდე "გაქაჩვა" გაძნელდება, დანაპირების შესრულებაში ბუნება ხელს არ შეუწყობს, თორემ კი...

წერა, კითხვა და კინემატოგრაფია... აღმოჩნდა, რომ ბესიკ ხარანაულს ჩარლი ჩაპლინი და მისი შემოქმედება ჰყვარებია. თანამედროვე კონემატოგრაფიას კარგად არ იცნობს, მაგრამ დიდი შთაბეჭდილებით ჰყვება რამდენიმე წლის წინ შექმნილ მსოფლიო შედევრებზე: "რვა-ნახევარი", "მარწყვის მდელო", "მოქალაქე კეინი" და სხვა...

-ბატონო ბესიკ, საუბარი ბავშვობის წლების გახსენებით დავიწყოთ, თქვენ თიანეთში დაიბადეთ...

-სინამდვილეში თბილისში ვარ დაბადებული, პირველ საავადმყოფოში. ჩემი სამი შვილიდან ორი და შვიდი შვილიშვილიდან ოთხიც აქ დაიბადა. დედა თბილისში იოსებიძის ქუჩაზე ცხოვრობდა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მე რომ გავჩნდი, ეტყობა, აქ მარტო ყოფნა გაუჭირდა და რამდენიმე თვეში თავის კუთხეში წამიყვანა. მამა ადრე დამეღუპა, მე არ მახსოვს. დედ-მამა ორივენი ფილოლოგები იყვნენ. მერე დედამ მუშაობა თიანეთის სკოლაში დაიწყო.

-რატომ ამბობთ, რომ თიანეთში დაიბადეთ?

-ალბათ თიანეთს უფრო "ვქაჩავ", მიყვარს იქაურობა.

-ბევრი პირიქითაა, სხვადასხვა რეგიონში დაბადებულები, რაღაცას რომ მიაღწევენ, თავიანთ ბიოგრაფიაში დაბადების ადგილად თბილისს წერენ. თითქოს რეგიონში დაბადება სირცხვილი იყოს...

-რა თქმა უნდა, თბილისი მშობლიური ქალაქია, მაგრამ მას ბევრი ჩემობს, თიანეთს კი იმდენი არ ეტანება.

-შეგიძლიათ მითხრათ, როგორი ბავშვი იყავით?

-ძალიან მაიმუნი და მამაძაღლი ბავშვი ვიყავი.

-ეს რაში გამოიხატებოდა?

-ახლა თქვენ ხომ ქარში მოხვედით ჩემთან, თქვენს სხეულს არაბუნებრივი პლასტიკა დასჭირდა გადარჩენისთვის. ვიწრო ბაგირზე რომ გადის ადამიანი და მის ქვეშ უზარმაზარი მდინარე მოედინება, იმ დროს მისი სხეულის პლასტიკა სულ სხვანაირია და თვალებს ვერ დახუჭავს. მეც ასეთი პლასტიკა მქონდა, აუცილებელი. მოუსვენარიც ვიყავი და ენაგაუჩერებელიც. გართობა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. რთული ცხოვრებისეული პირობები იდგა. ყველამ იცოდა, შინ ვის რა საკვები ჰქონდა. ჩემი ბავშვობის წლებში 37 წელი გადავლილი იყო. ჩვენს უბანში თავთავი ახალგაზრდობიდან თითქმის ყველა დაიჭირეს, მათი დიდი ნაწილი დაიხოცა. ოჯახებში იყო შიმშილი და შიში. ამ თემაზე ბევრს ვწერ ჩემს წიგნში "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის". შეიძლება ითქვას, რომ ეს ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნია, მაგრამ მე ავტობიოგრაფიების არ მჯერა, ისევე როგორც ადამიანის. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ დევს ადამიანში, ბევრი ტყუილია ჩვენს ლაპარაკში.

-არ ენდობით ადამიანებს?

-ეს ადამიანებზე დამოკიდებული არც არის, რჩეულის ხვედრია, გულწრფელი და სუფთა იყოს. წუთისოფლის შვილი რთული არსებაა.

-თქვენ როგორი ხართ ბუნებით?

-მე ბავშვს უფრო ახლოს ვგრძნობ, ვიდრე მოზრდილ ადამიანს. საბჭოთა კავშირის დროს იყო სოციალური დაყოფები და არსებობდა გამონათქვამები -გაუნათლებელი და განათლებული კაცი. ამისი არ მჯერა, ადამიანისგან ერთიც შეიძლება შორს იყოს და მეორეც. ყველაზე ძნელი ადამიანობაა, რაც ნიშნავს, მოერიო უთვალავ ეშმაკს. ეს ძალიან რთულია.

-ბატონო ბესიკ, არჩევანი ფი­ლოლოგიის ფაკულტეტზე თქვენი მშო­ბლების გავლენით შეაჩერეთ?

-ამას არჩევანიც კი არ ეთქმის. დედაჩემს ლიტერატურა და პოეზია ძალიან უყვარდა, თვითონაც წერდა. ეტყობა, ეს ყველაფერი მეც გადმომედო. ბავშვობიდან მახსოვს, რომ იმ ლიტერატურულ გზას, რომელიც აუცილებელი და ყველასათვის მიღებული იყო, მუხანათურად ვუყურებდი. მასწავლებელს თავს კი ვუქნევდი, მაგრამ გულში ვგრძნობდი, რომ ყოველთვის სხვა რაღაცები მომწონდა. მაშინ ამას ვერ ვამხელდი. ასე დამემართა სტუდენტობის დროსაც, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ვიღაცებზე გამიჩნდა წერის გემო. ვთქვათ, რაღაცას დავწერდი ჩვენს კლასიკოსებზე, მაგრამ ეს ნაწერები ყოველთვის პატარა გამოდიოდა. მაშინ არ ვიცოდი, ესეი რა იყო. მაშინ იწერებოდა რამდენიმეგვერდიანი კრიტიკული წერილები და ამას ვიცნობდით, მოგვიანებით გამოვიდა კონსტანტინე გამსახურდიას "ესეიც". როგორც აღმოჩნდა, თურმე ესეებს ჩემდა უნებურად ვწერდი.

-თუმცა, მანამდე თქვენი პირველი ლექსები და თხზულებები სკოლის პერიოდში იწერებოდა...

-რა თქმა უნდა, სკოლაში გახურებული წერა მიდიოდა, ბევრს ვწერდი. მაშინ ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტიც მქონდა. ასე მორალური ძალდატანების გამოც ხდებოდა. მასწავლებლის შვილი ვიყავი, და მასწავლებლის შვილი უნდა იყოს იდეალური. შინაგანად იდეალური არ ვიყავი და კარგად ამიტომ ვსწავლობდი... მასწავლებლებთან რისკიანი სიახლოვე მქონდა. გართობის მიზნით ვეთამაშებოდი, მაგრამ ბოროტი სურვილები არ მქონია. ერთხელ, ერთ ასეთ ხუმრობაში ჩემი კლასელის სიბრიყვე ჩაერია და ისე გამოვიდა, რომ უზრდელად მოვიქეცით. არადა, უზრდელად არ ვიქცეოდი, ეს საკადრის საქმედ არ მიმაჩნდა, უზრდელობა არასდროს მომწონდა, მაგრამ მაშინ ასე გამოვიდა. მეწყვილემ, რომელთან ერთადაც ვიხუმრე, ვერ გამიმართლა და მახსოვს მასწავლებლის სიტყვები: "გმადლობთ, ხარანაული!" (იღიმის).

კიდევ ერთი შენიშვნა მახსენდება, უმაღლესში თურქულს ერთი კარგი ქალი გვასწავლიდა. მე თურქულის მსწავლელი ვიყავი?! და ერთხელაც მან მითხრა, შენ მართლა ხარანაულოო. ალბათ ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. თუმცა, როგორც გითხარით, ბოროტად არასდროს მიხუმრია. საერთოდ, ძალიან ცოდვაა ადამიანი, ვინც შურსა და ბოროტებას ატარებს, თვითონ მისთვის არის ცუდი.

-ახლა გისმენთ და მგონია, რომ ადამიანების ამოცნობის კარგი უნარი გაქვთ...

-კი, სულ "ვხედავ", რა დევს ადამიანში. ეს დამტანჯველია, ვიღლები. ახლა ვეღარ ვსვამ, მაგრამ ადრე სუფრაზე სწორედ ამიტომ ვთვრებოდი, რომ ამით ვიღლებოდი.

-ალბათ ოცდაათი კაციდან ოც­და­ათივეს ძალაუნებურად "დაინახავთ"...

-კი, ოცდაათივეს დავინახავ. ეს არა იმიტომ, რომ რამე ცუდს ვეძებ, არა, აბსოლუტურად კეთილგანწყობილი ვარ. შეიძლება იყოს ირონიული კეთილგანწყობა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იქნება. იმ ადამიანს ისიც ეყოფა, რომ თავისი სიბოროტე ჭამს.

-ეს თვისება თუ უნარი როდის აღმოაჩინეთ თქვენში?

-(იღიმის) არ ვიცი, ამაზე სერიოზულად არ ვფიქრობ. ალბათ ძალიან პატარაობიდან. რაღაცებს ვამბობდი ხოლმე, ერთხელ ბებიაჩემმა თქვა, ეს ბავშვი გულთმისანიაო. რაზე თქვა, არ მახსოვს, მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი, მაგრამ დამამახსოვრდა.

-თქვენი წერის პროცესზე მინდა გკითხოთ -განწყობაზე, მუშაობის სტილზე, ფორმაზე...

-წინათ უფრო დიდი პერიოდები მქონდა, რომ არ ვწერდი. ალბათ "ვგროვდებოდი". ახლა ძალიან ცოტა დრო მჭირდება წერიდან წერამდე.

-ბევრი ამბობს ამას. ასაკში რომ შედიხართ, წერის ტემპი რატომ იმატებს? რა არის ამისი მიზეზი?

-უბრალოდ, ნელ-ნელა ზედმეტ რაღაცებს ხედავ, აღმოჩენების ხანა დგება. ახლა კიდევ ერთხელ ვაჟას პატარა მოთხრობები წავიკითხე: "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ია", "ხმელი წიფელი", "ფესვები", "მთანი მაღალნი", "ჩხიკვთა ქორწილი", "სვავი"... წიგნში სათაურს დახედავ და იტყვი, "მთის წყარო" რა შეიძლება იყოსო, მაგრამ წაიკითხავ ვაჟას, მოგხიბლავს თავისი უბრალოებითა და უშუალობით და გრძნობ, რომ ამის დაუწერლობა არ არსებობდა. ასეთი აღმოჩენები გვიან უფრო ხდება. "მთის წყაროს" ვეღარავინ დაწერს ასე, რადგან ვერაფერს მიუმატებ და ვეღარც დააკლებ. წინათ ტრაფარეტები რომ იცოდნენ, სულ მიკვირდა, ვაჟას "ბუნების მგოსანს" რომ ეძახოდნენ. ეს პათეტიკა რომ მოვაშოროთ, მაინც ასე დარჩება, რადგან ვაჟას ბუნების გარეშე ცხოვრება და წერა არ შეეძლო.

-ვაჟას გარდა, კიდევ ვინ არიან ის ავტორები, რომლებსაც ხშირად უბრუნდებით?

-ერთ ადგილას გაჩერებული არ ვარ. სკოლაში არ ვსწავლობ, პროგრამას მივდიო, შენით უნდა მოგინდეს რაღაცის წაკითხვა. ახლა აბსოლუტურად ლიტერატურული თვალით ვკითხულობ ბიბლიასა და სახარებას. იქ თითქმის ყველაფერზეა პასუხი გაცემული და იმავდროულად "საგანი" ბოლომდე არ არის შეჭმული, ფიქრისთვის ადგილია დატოვებული.

-ვაჟას ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით და თქვენ რის გარეშე ვერ გაძლებთ ცხოვრებაში?

-საერთოდ, მე ძალიან ვაფასებ სიცოცხლეს. ცუდია, რომ ადამიანი შენს თავში ვერ გრძნობ ძალას, რომ არსებობისთვის მომავალი განჭვრიტო. ჩვენ გვგონია, რომ სული უნდა აღმოგვხდეს და ამით მთავრდება. სული მანამდეც იჭმება, ისევე, როგორც აბრეშუმის ჭია ჭამს ფოთოლს. სულს ყარაულობა უნდა. ეს ჩემგან აბსოლუტურად ბიოლოგიური საუბარია, სასიცოცხლო მნიშვნელობის და არა რამე სხვა.

-ცხოვრებაში ყველაზე დიდი შიში რის მიმართ გაქვთ?

-ახლა რაღაცას ვწერ და ის სწორედ შიშის თემას ეხება... იცით, ასეთი ინტერვიუები ჩემთვის ძალიან არასასურველია. ამისი მთავარი მიზეზი ისაა, რომ არაგულწრფელობა არ შემიძლია. ვაპირებ ხოლმე, გულწრფელი არ ვიყო, ეს თავისუფლად შემიძლია, მაგრამ მაინც არ გამომდის. როცა გულწრფელი ხარ, ისეთი რაღაცები წამოგცდება, რაც შენთვის გინდა (იღიმის). შიში რის მიმართ გაქვთო, მკითხე. როგორც აღმოჩნდა, შიში ყველაზე შეუსწავლელი ფენომენია. კი, მას ფსიქიატრია შეისწავლის, მაგრამ ის გაცილებით უფრო დიდი ფაქტორია. დაახლოებით სამყაროს შექმნის ტოლფასი. დღეს შიში მეტაფორიდან ყოფითამდე დავიდა, სურდოს სახეობის მაგვარი გახდა. შიში გამოუკვლეველია, მე მას არ ვიკვლევ, ეს შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, ჩემს ნაწერში სწორედ ეს ვთქვა.

-კიდევ რატომ არ გინდათ, გულწრფელი იყოთ, იმიტომ ხომ არა, რომ საზოგადოება ისე ვერ დაინახავს იმას, რისი თქმაც სინამდვილეში გსურდათ?

-საზოგადოების დანახვა-არდანახვაზე ფიქრსა და მკითხაობას თავი დიდი ხანია დავანებე. პირველი წიგნი რომ გამოვეცი, ის უფრო მიკვირდა, როცა ვიღაცას რაღაც მოეწონებოდა, ვიდრე ის, რომ არ მოსწონდათ. ადამიანს, მე ან ჩემი რაიმე რომ არ მოსწონს, ეს ჩემთვის იმ პიროვნების ნაკლი არ არის. რასაკვირველია, ადამიანი გულწრფელი უნდა იყოს, თუმცა გააჩნია სფეროს. ჩემს გულწრფელობას რომ გავყვეთ, აღმოჩნდება, რომ მე სადღაც კუნძულზე ვარ და გარშემო ზვიგენის მსგავსი არსებები არიან. ზევით, ეს სიტყვა რომ ვახსენე, ვგულისხმობდი, რომ ის, რაზეც ვსაუბრობ, უნდა დავწერო და ასე ქუჩაში არ უნდა ვილაპარაკო. ამ შემთხვევაში გაზეთი ქუჩაა, რომელიც ხუთ წუთში გამოგაჭენებს. ეს არ გსიამოვნებს, რადგან შინაგანი ჩანაწერები ფურცელზე უნდა გადავიდეს. არადა, ადამიანს თვალებში რომ უყურებ, მოდი და ფოკუსები ჩაატარე. ეს სხვებმა ჩაატარონ და ატარებენ კიდეც, ატყუებენ კიდეც ქვეყანას, ხალხს და უპირველესად თავს. ამას რა სარგებლობა მოაქვს?! არაფერი. ასეთი საქციელი ადამიანის სულს კიდევ ერთ ნაწილს წააჭამს. ადამიანი ვერ ფიქრობს წესრიგზე, ამას ვერ აცნობიერებს. ადამიანები ასჯერ მეტს ფიქრობენ სხვა დანარჩენზე, ვიდრე საკუთარ სულზე. არ გეგონოს, რომ ამ მხრივ მე ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, სხვასავით არეული მაქვს ტვინი.

-დასასრულ, თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ მიამბეთ...

-ერთ ჩვეულებრივ დღეს რომ დააკვირდე, ადამიანს გული გაგისკდება. თან, ვითომ მთელი ცხოვრებაა და თან არაფრის მთქმელიც. სწორედ იმ ერთ ჩვეულებრივ დღეს უნდა შევსება. თუ დღე არ შეავსე, მექანიკური არსება იქნები და არა ადამიანი. ამიტომ ჩემთვის ჩვეულებრივი დღე არ არსებობს, ისევე, როგორც ორი ერთნაირი დღე. მთელი ცხოვრება მოვდივარ, ვარ და ორი ერთნაირი დღე ვერ ვნახე.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს