რობერტ შეკლი - 1950-იანი წლების საუკეთესო ფანტასტი

რობერტ შეკლი - 1950-იანი წლების საუკეთესო ფანტასტი

ცნობილი ამერიკელი მწერალი-ფანტასტი რობერტ შეკლი მრავალი ფანტასტიკური მოთხრობისა და რამდენიმე სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის ავტორი, იმავდროულად ირონიული იუმორისტული მოთხრობების ოსტატადაც მიიჩნევა. სამეცნიერო ფანტასტიკაში ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური იუმორისტია.

რობერტ შეკლი 1928 წლის 16 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკში. ადრეულ ბავშვობაში დაიწყო წიგნების კითხვა და ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე. სიჭაბუკის პერიოდში რობერტ ჰაინლაინის, ჯონ კოლიერის ნაწარმოებებით იყო გატაცებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და ჰუმანიტარულ დისციპლინებს დაეუფლა. კორეაში ომშიც იმყოფებოდა, ოღონდ ფრონტზე არ უბრძოლია - გადამწერად მსახურობდა.

აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მცირე ხანს მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.

1950-იანი წლების დასაწყისიდან პირველი მოთხრობების წერა დაიწყო, რომლებსაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟურნალებს სთავაზობდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა მკითხველებს შორის. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ის წლები ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ნიუ-იორკის ცენტრში, კვირაში რამდენიმე მოთხრობას ქმნიდა, საბეჭდ მანქანაზე კრეფდა და თავის სკუტერზე ამხედრებული დაატარებდა რედაქციებში. მასთან არ წყდებოდა რედაქტორების ზარები. ერთხელ ერთი ჟურნალის რედაქტორმა პირდაპირ უთხრა დამწყებ მწერალს: "თითოეულ თქვენს სიტყვას ვიყიდი, ყველაფერს, რასაც დაწერთ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერს გავყიდი, რასაც თქვენ დაწერთ". შეკლის თქმით, ეს მისთვის საოცრად სასიამოვნო სიტყვები იყო.

რატომ მაინცდამაინც ფანტასტიკა? ამ შეკითხვას შეკლი უცვლელად პასუხობდა: "მხოლოდ ის ანიჭებს შემოქმედს სრულ თავისუფლებას".

შეკლი სულ მალე აღიარეს და პოპულარობასთან ერთად მისმა ჰონორარებმაც მკვეთრად იმატა. კოლეგები და კრიტიკოსები რობერტ შეკლის 1950-1960-იანი წლების საუკეთესო ფანტასტად მიიჩნევდნენ, მრავალ ჯილდოსაც იღებდა. მისი მოთხრობები იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა, "პლეიბოიშიც" კი.

თუმცა სულ მალე, 1960-იანი წლების აშშ-ში საჟურნალე პროზის პოპულარობა ტელევიზიის მასობრივმა გავრცელებამ ჩაკლა. ჟურნალების ტირაჟმა იკლო, ბევრი საერთოდ დაიხურა, მოთხრობებზე მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, ჰონორარებიც. სწორედ იმ პერიოდში გამოსცადა შეკლიმ საკუთარი ძალები უფრო დიდ ლიტერატურულ ფორმებში და დაწერა რამდენიმე რომანი, სცენარი და დეტექტიური მოთხრობებიც კი, რომლებსაც ძირითადად ფსევდონიმით აქვეყნებდა. მისი რომანების მიხედვით სერიალები და ფილმებია გადაღებული. სულ შეკლიმ 15 რომანი და 400-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, რომლებმაც ცხრა საავტორო კრებული შეადგინა. თავისი ახალი გამოცემებით ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენჯერმე იყო რუსეთსა და უკრაინაში, სადაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

შეკლი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ბოლო პერიოდში მწერალ გეილ დანაზე იყო დაქორწინებული.

შეკლი აქტიური მწეველი გახლდათ. გამოსვლებზე გამონაკლისის სახით ყველგან რთავდნენ მოწევის ნებას, ბიბლიოთეკებსა და სტამბებშიც კი, სადაც, როგორც წესი, მოწევა სასტიკად აკრძალულია. ყველამ იცოდა, რომ მწერალი სიგარეტის გარეშე ათ წუთსაც ვერ ძლებდა.

ბოლო წლებში მწერალი იბიცაზე ცხოვრობდა მეხუთე ცოლთან ერთად. ნაკლებს წერდა, მოკრძალებულად ცხოვრობდა, ხშირად ავადმყოფობდა და უფულობასაც ხშირად განიცდიდა. 2005 წელს უკრაინაში იმყოფებოდა მიწვევით. გაცივდა და ასაკიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. შეკლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერ იპოვა თავისი აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა, დამოუკიდებლად მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაც არ შეეძლო, რის გამოც მისი ვალი კერძო კლინიკაში, რაც 10 ათას დოლარს შეადგენდა, ცნობილმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა აანაზღაურა. მოგვიანებით მწერალს საგანგებოდ შეუგროვეს თანხები, რის წყალობითაც აშშ-ში დაბრუნება შეძლო.

თუმცა მწერალმა ავადმყოფობას თავი ვეღარ დააღწია და, ტვინის ანევრიზმის გართულების შედეგად, 2005 წლის 9 დეკემბერს 77 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს