წლების წინ, ჟურნალების - "ცისკრისა" და "მნათობის" ფურცლებზე გამოჩენისთანავე გახმაურდა მისი სახელი და გვარი. დღესაც, დიდი ხნის შემდეგ, შესაშურად ბევრი მკითხველი ჰყავს და ახალგაზრდებიც თანამედროვე მწერლად მიიჩნევენ.
მახსოვს, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში დაჟინებით რომ გვთხოვდნენ "ქართული პროზის საგანძურში" მისი კრებულის დაბეჭდვას. დიდი ბედნიერებაა, ალბათ, მწერლისთვის ხანგრძლივი შემოქმედებითი სიცოცხლე... დღეს პირისპირ მწერალი და მთარგმნელი, "კავკასიური სახლის" დირექტორი ქალბატონი ნაირა გელაშვილი გვესაუბრება.
- ასეთი ქვეყნის მწერალს და, მით უმეტეს - ქალს, უფრო სხვა ბედი აქვს, ვიდრე აწყობილი ქვეყნისას. აქ ცხოვრებასაც და შემოქმედებასაც, საკუთარი პიროვნების კონტურის შემოხაზვას და შენარჩუნებას იმდენი შრომა, ძალების დაძაბვა და გაბედულება სჭირდება, რაღაც მომენტში თვითშეგრძნებაც კი გეკარგება, რა გააკეთე, ან რა მნიშვნელობა აქვს შენს გაკეთებულს.
ცნობილი ხარო, რომ მეუბნებიან, გულწრფელად გეტყვით, არასდროს გამიცნობიერებია. ძალიან ვერიდები ტელეეკრანზე გამოჩენას, რადგან მანამდეც და მერეც ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. სულ მეშინია, რაღაც სისულელე არ ვთქვა, ჩემს ხალხს იმაზე მეტი სისულელე არ დავატეხო თავს, რაც ისედაც არ აკლია (იღიმის).
თუ ჩემი ნაწარმოებები ვინმეს დაეხმარა, უკეთესი გამხდარიყო, სასოწარკვეთილებაში არ ჩარჩენილიყო, ხელი არ აეღო ცხოვრების აზრის ძიებაზე, თვითგანვითარებაზე, რა თქმა უნდა, ბედნიერად ვიგრძნობ თავს. მაგრამ ისეთი აქტიური ურთიერთობა არ მაქვს ჩემს მკითხველთან, რომ ვიცოდე, რა შემატა მას ჩემმა სტრიქონებმა. არადა, მწერალს აუცილებლად სჭირდება ასეთი ექო, რადგან მარტოობაში მოხვედრილი, თითქოს ჩლუნგდება. სამწუხაროდ, ჩვენთან კარგა ხანია, ლიტერატურული კრიტიკა, მწერალს საკუთარი თავი, მისი შემოქმედების ადგილი რომ დაანახვოს და აგრძნობინოს, თითქმის არ არის. ის ხალხი კი, ლიტერატურული კრიტიკა რომ არ გააჩნია, იცოდეთ, სახელმწიფოს ვერ ააშენებს...
სხვათა შორის, არც ადრე მიყვარდა და არც ახლა მიყვარს საკუთარ შემოქმედებაზე სასაუბროდ საჯარო შეხვედრები, იქ თითქოს დაკარგულად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, ასეთი საუბრები შემოქმედს ბევრს ვერაფერს მოუტანს, რადგან მეეჭვება, მაღალი პროფესიული დონე და კარგად მომზადებული აუდიტორია დაგხვდეს. საჯაროდ საზოგადოებრივ პრობლემებზე ლაპარაკი კი აუცილებლად მიმაჩნია.
- ქართველი საზოგადოება კარგი მწერალი ქალებით განებივრებული არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, მამაკაც მწერლებთან გატოლება და სამწერლო ასპარეზზე დამკვიდრება იოლი არ იქნებოდა.
- მწერლობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, ჯერ ისევ მაინც ძირითადად მამაკაცურ სამყაროდ რჩება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაჩნდებიან ძლიერი ქალი მწერლებიც. სოციალურად მოუწესრიგებელ ქვეყანაში ქალი ძალიან დატვირთულია. განვლილ გზას რომ ვუყურებ, მიკვირს, რაღაც რომ შევძელი. ოჯახს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ჩემ მიერ დაფუძნებულ "კავკასიურ სახლს", იცით, რამდენი დრო და ენერგია დასჭირდა და სჭირდება?
ეს კულტურისა და განათლების რაღაც მიკროსამყაროა ძალიან ბევრი მიმართულებითა და უამრავი ადამიანით. კარგა ხანია, ცხადია ჩემთვის, რომ თუ ადამიანს შინაგანი სიმართლე, სწორი იმპულსი და სწრაფვა ამოძრავებს, - ცაც ეხმარება, რომელიც მის მიმართ მეგობრული და ერთგულია. ყველაფერი გავიარე - სასოწარკვეთა, შავნაღვლიანობისა თუ დეპრესიის პერიოდები, მძიმე შინაგანი ბრძოლები, ჭიდილი, გულგატეხილობა, გაწბილება. მაგალითად, ჩემი შვილი პატარაობისას სულ ჭირვეულობდა და დიდ ყურადღებას ითხოვდა, ასეთივე ყურადღება სჭირდებოდა მამამისსაც. ბევრი სტუდენტი მყავდა, რომლებთანაც ლექციების გარდა ინდივიდუალურად ვმუშაობდი.
ჩემი ცხოვრების წესს, ალბათ, ბევრი ვერ გაუძლებდა: დილის 4 ან 5 საათზე ვიწყებდი მუშაობას და მახსოვს, ჩემს ლოჯიაში ზამთარში ისე ციოდა, წერისას მაგიდასთან პალტოთი, ჩექმითა და ხელთათმანით ვიჯექი. ჩემი მეუღლე - მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი ჩემზე უარესი იყო - კბილის ტკივილის დროსაც კი წერდა.
გავიმეორებ, თუ ძლიერი და სწორი იმპულსი გაქვს, ადამიანი ბევრ რამეს შეძლებ. მახსოვს, სტუდენტობისას ახალგაზრდა ავსტრიელი პოეტის სიტყვები წავიკითხე: იმისათვის რომ ბედნიერი ვიყო, ათასობით ბედნიერი სახე მჭირდება ჩემ გარშემოო. მეც ასე ვარ: რომ მიხაროდეს, ირგვლივ გახარებულ ადამიანებს უნდა ვხედავდე. სხვაგვარად ცხოვრებას გემოს ვერ ვატან. ზღაპარიც კი მაქვს - "როგორ გაბრაზდა მთვარე", რომლის მთავარი პერსონაჟის - მერცხლის საქმიანობა სწორედ ვინმეს გახარებაა.
თუ ადამიანს ბავშვობიდან ასწავლი სხვისი გახარებით სიხარულს, უკვე გადარჩენილია. მერე შეუძლია სხვების გახარებით უამრავი სიხარული მიანიჭოს საკუთარ თავს. ჩემი მშობლები გულკეთილი ადამიანები იყვნენ. არ მახსენდება მათი ჭორაობა, არ მახსენდება, რომ ადამიანები გაელანძღათ, ან სხვა ეროვნების ადამიანი გაექირდათ, მასზე ემასხრათ. ამ ყველაფერს, ალბათ, შეუმჩნევლად ვამჩნევდი, ვიმახსოვრებდი და დიდობაში მივხვდი, რომ ადრეულ ბავშვობაში ჩაგდებული ასეთი თესლი ძალიან მნიშვნელოვანია.
- მშობლებმა ყოველთვის იცოდნენ, რა გწყინდათ ან რა გიხაროდათ? იცლიდნენ თქვენთვის?
- დედას ჩემთან სასაუბროდ არ ეცალა - ძალიან კარგი ექიმი იყო (ახლაც ცოცხალია, მაგრამ მოხუცდა და აღარ მუშაობს), პაციენტებზე გადაგებული. მათ ბუნებას მგონი უკეთ იცნობდა, ვიდრე შვილებისას. მე და ჩემს ძმებს კი დედა ყოველთვის გვაკლდა. ამიტომ დიდ ბედნიერებად მიმაჩნია, თუ ბავშვებს დედა შინ ჰყავთ. წმინდა სულიერი გავლენები მაინც მამისგან დამამახსოვრდა. მეღვინე იყო, კომუნისტური პარტიის წევრი, თუმცა მხოლოდ ფორმალურად და არა იდეურად და მახსოვს, მონუსხულივით ჰყვებოდა ხოლმე სამყაროს საიდუმლოებებზე, ბერმუდის სამკუთხედზე, თოვლის კაცზე, ასტრონომიულ-ასტროლოგიურ საოცრებებზე და მეც სამყაროთი გაოცება გადმომცა.
- პარალელს გაავლებთ თქვენს ურთიერთობებს შორის დედათქვენთან და თქვენს შვილთან?
- ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან მე და დედას ყოველთვის ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა - 12 წლამდე ძალიან მიყვარდა და სულ ვეძებდი შინაგანად, მასთან კონტაქტი მწყუროდა და მას არ ეცალა, მერე, გარდატეხის ასაკში მე აღარ მსურდა მასთან ურთიერთობა და ეს კარგა ხანს გამიგრძელდა. თვითონაც, მოუცლელობის, გადაღლილობის გამო და სიფაქიზეს მოკლებული ათეისტურ-მატერიალისტური იდეოლოგიის გავლენით ხშირად უხეშად ერეოდა ჩემს საქმეებში და ისე გაგრძელდა ცხოვრება, ისე მოხუცდა დედა და ისე შევედი მეც ასაკში, ჩვენ შორის საუბარი ვერ შედგა.
ამაზე ერთი პოემაც კი მაქვს დაწერილი - "დედაშვილობა". საკმაოდ ტრაგიკული პოემაა. მერე უკვე მეც ძალიან დაკავებული ვიყავი: ბაზარი, სადილი, სარეცხი, ლექციები უნივერსიტეტში, კერძო გაკვეთილები, წერა, შემოსავალზე ზრუნვა. ხელფასით ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე გერმანიაში დაბადებულ-აღზრდილი კაცია, და ვალს არასდიდებით არ იღებდა, ამიტომ მუდამ მე ვსესხულობდი, თავი რომ გაგვეტანა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც რაღაცნაირად ვზრუნავდი შვილის სულიერ აღზრდაზე. მისთვის ვწერდი ზღაპრებს, კარნავალებს ვდგამდი, ბუნებას ვაყვარებდი, მაგრამ ჩვენც რთული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ბავშვი ხვდებოდა, რომ დედაც და მამაც საკუთარი შემოქმედებით იყვნენ დაკავებულები და პატარაობისას თქვა კიდეც: არ მიყვარს ისეთი მშობლები, რომლებიც სხედან, სულ წერენ და სულ კითხულობენო...
- ქალბატონო ნაირა, ყოველთვის გამოირჩეოდით საზოგადოებრივი აქტიურობით, უშიშარიც იყავით, შეუპოვარიც, მართლის მთქმელიც.
- დღეს კიდევ უფრო ნაკლებად მეშინია. რაღაც რთული და ხანგრძლივი გზის, შინაგანი მიწყდომ-მოწყდომისა და უგზო-უკვლო, მაგრამ შეუჩერებელი ძიების შემდეგ, თუ პარალელურად, იესო ქრისტე ვაღიარე ერთადერთ უმაღლეს და სამარადჟამო ავტორიტეტად, სამყაროს ყველაზე დიდ საიდუმლოდ, და ძალიან მომინდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მას გაუხარდებოდა... მაგრამ ყველაფერი ნამდვილი ძალიან ძნელიც არის და ადვილიც. მხოლოდ შენი ძალებით მტრის სიყვარულს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებ და ფარისევლობაში ჩავარდები...
უაღრესად კრიტიკული ვარ ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამას ყველგან ვამბობ, სადაც კი გამოვდივარ. როგორც უმეტესობას, მეც სული მაქვს გამწარებული, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ყოველ დილას ვლოცულობ ვანო მერაბიშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, ზურაბ ადეიშვილისთვის და ასე შემდეგ, ღმერთო, მოაქციე სიკეთისა და სამართლიანობისაკენ, შეაყვარე საკუთარი სამშობლო და ხალხი და მშვიდობიანად დაგვაშორე ერთმანეთს-მეთქი. საუბედუროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი გზით იარა და ისეთ კონდიციამდე მივიდა, რომ სხვა გზა აღარ აქვს - დიქტატურასთან მიახლოებული, ძალიან ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი უნდა შექმნას.
ახლა რაც ხდება, 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირს ჰგავს. ეს არის მანქანა, რომელსაც მუხრუჭი გაუფუჭდა და თავდაღმართზე მიექანება, ძალიან საშიშია და რაღაც დონეზე უნდა მოერიდო კიდეც. სხვა სტრატეგიის გამომუშავებაა საჭირო. ხელისუფლების ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე ერთი რამითაა დაკავებული - მოასწროს დიდი სიმდიდრის მოხვეჭა. ვეღარავინ აკონტროლებს ამას და მიშვებული არიან ხალხზე. ხომ ხედავთ:
თქვენმა მედიასახლმა ასახა 26 მაისის მოვლენები ობიექტურად? - ესე იგი, უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ იგივე აღარ გაიმეოროს, მაგრამ... ჩვენ ვიცით, როგორც მთავრდება ასეთი ამბები. რა თქმა უნდა, მათ საქმეს გამარჯვება არ უწერია. უბრალოდ, ქვეყანა თუ გაუძლებს ამდენს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ის თაობა და ხალხი, რომელსაც ჩიტივით ჩააკვდა ხელში სამშობლო.
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)