"არ მიცხოვრია მაგნაირად, ოტიას რომ უნდოდა!"

"არ მიცხოვრია მაგნაირად, ოტიას რომ უნდოდა!"

"იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი... და ერთ მშვენიერ დღეს ამქვეყნად დაჩიც მოვიდა"... დაჩიმ ზღაპრებით გაგვაცნო და-ძმა, დედიკო და მამიკო, ბიძაშვილები და მეზობლებიც კი. ამასობაში დრო გავიდა. ყველანი გავიზარდეთ, დაჩი კი ისევ პატარა ბიჭია და ახლა სხვა ბავშვებს უამბობს თავის ზღაპრად ქცეულ ამბებს. ჩვენ კი გულში გვეღიმება, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი დაჩიც არსებობს, ნამდვილი ბაჩოთი და მანოთი, ოღონდ ისინი ჩვენსავით დიდები არიან. ისიც ვიცით, რომ მათ ეს ლამაზი ზღაპრები სახელოვანმა მამამ დაუწერა... ორმოცი დღეც არ გასულა საყვარელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მედიასახლ "პალიტრის" დიდი გულშემატკივრის, ოტია იოსელიანის გარდაცვალებიდან და გადავწყვიტეთ, ეს სტატია მისი ხსოვნისთვის მიგვეძღვნა. ამიტომაც მოვძებნეთ ნამდვილი დაჩი - მწერლის უმცროსი ვაჟი დაჩი იოსელიანი:

- ვერ გეტყვით, რომ მეც "ზღაპრის დაჩივით" ზღაპრულ გარემოში ვიზრდებოდი ან ჩემი ცხოვრება ოდნავ მაინც წააგავდა მისას. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩვეულებრივად ვსწავლობდი, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუკვირდები, მართლა არაჩვეულებრივად მისწავლია - იმისთანა ადამიანები არიან დიპლომებით შეიარაღებული, მათი ცოდნა სასაცილო კი არა, საუბედუროდ, სატირალია (დაჩი იოსელიანი კი უარობდა მამასთან მსგავსებას, მაგრამ მერწმუნეთ, ხმის ტემბრით, ქვემოიმერული კილოთი და "წკეპლიანი" ლაპარაკით იმწამს ბატონი ოტია წარმომიდგა თვალწინ - ი.ხ.). აბა, ჩვენს ოჯახში და, საერთოდ, ჩვენს დროში ცუდი სწავლა უხერხულიც იყო და სირცხვილიც. ინტერესიანიც ვიყავი და ხანდახან რაღაცებსაც ვაფუჭებდი, როგორც ყველა ბიჭი. კარგი სათამაშოები მქონდა და ნებისმიერ მათგანს ვშლიდი, ვათვალიერებდი შიგთავსს და კვლავ ვაწყობდი. მაგის გამოისობით ახლაც კარგად ვერკვევი ტექნიკაში, მანქანა იქნება თუ კომპიუტერი.

- ბატონი ოტია ვერაფრით წარმომიდგენია "ტკბილ მამად", შვილებს რომ ეფერება-ესიყვარულება.

- თავისებური მოფერება იცოდა. თავზე ხელს არასდროს გადამისვამდა და "შენი ჭირიმეთი" არ დამელაპარაკებოდა, მაგრამ ერთი რაღაც კარგად მახსოვს: უმეტესად თბილისში უწევდა ყოფნა, მაგრამ საახალწლოდ საჩუქრებით დატვირთული აუცილებლად ჩამოდიოდა სოფელში. ამიტომაც ახალი წლის ღამეს სულ ჭიშკრისკენ მეჭირა თვალი. მე კი არა, ყველას გვეჭირა. და ჭიშკრისკენ რომ თვალი გვეჭირა და გზას მივჩერებოდით, ეს მოფერებაზე მეტი არ არის? შეიძლება ჩამომყვინთოდა კიდეც, მაგრამ წამში ვფხიზლდებოდი - ვის ჰქონდა უფლება, ფეხზე არ დახვედროდა! აუცილებლად განსხვავებულ სათამაშოებს ჩამოიტანდა ხოლმე ნაძვის ხისთვის. ძვირფასს კი არა, განსხვავებულს. განსხვავებულობა უყვარდა...

- განსხვავებულად გექცეოდათ? - თქვენ ხომ ნაბოლარა იყავით. ფაქტია, მანამდე არავისთვის დაუწერია, თქვენს დაბადებას კი "დაჩის ზღაპრები" მიუძღვნა.

- შეიძლება ასეც იყო (იუხერხულა აღიარება - ი.ხ.)... გამიჭირდება თქმა... თუმცა პირველი მოთხრობების კრებული, 1957 წელს გამოცემული "კარის მეზობლებიც" საბავშვოა. მაგას მოჰყვა "დაჩის ზღაპრები" და მესამე იყო ძალიან კარგი ნაწარმოები "უთაური ბიჭის თავგადასავალი", რომელიც ოდესღაც პატარა ტირაჟით გამოიცა და, სამწუხაროდ, არავინ იცის. მასაც (ბატონ ოტიას - ი.ხ.) ვუთხარი, უსამართლოდ დაიჩაგრა და დაიკარგა ეს წიგნი-მეთქი... შეკამათება არ უყვარდა. შვილები ხანდახან კი ვეკამათებოდით, მაგრამ რაც უფროსს არ ეკადრებოდა, იმას ვერასდროს ვაკადრებდით. ისედაც, ვიცოდით, თუ გაბრაზდებოდა, ერთ სიტყვას გვეტყოდა, ერთსაც გადმოგვხედავდა და დამთავრებული იყო ყველაფერი. და-ძმა გაცილებით უფროსია ჩემზე: ძმა - 13 წლით, და - 11-ით. მათზე არ ვიტყვი, მაგრამ არც მე ვიყავი მაინცდამაინც მოსიყვარულე ბავშვი. ამ კაცს (ბატონ ოტიას - ი.ხ.) თვითონ არ უყვარდა მოსიყვარულება და იმას რაც არ უყვარდა, ვერ გავაკეთებდით. კი ვცდილობდით, რაღაც სითბო გამოგვემჟღავნებინა, მაგრამ მაინც უმეტესწილად უკმაყოფილო იყო. შეიძლება ჩვენი რაღაც თვისება ან საქციელი მოსწონდა კიდეც, მაგრამ სხვასთან უფრო იტყოდა, ჩვენ კი არასდროს გვაგრძნობინებდა. მხოლოდ შვილებს კი არა, თავისიანს, ყველას აკრიტიკებდა და, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, რომ ყველას გვეფხიზლა და უკეთესად ცხოვრება გვეცადა... არა მგონია, ოტიას ვგავდე. ბავშვობაში შეიძლება ვცდილობდი კიდეც, რადგან ყველა ბიჭის იდეალი მამა არის, მაგრამ მერე და მერე ვცდილობდი, არ დავმსგავსებოდი, რადგან ვფიქრობ, ის ერთადერთი იყო და არ უნდა განმეორებულიყო. თუნდაც სახარბიელო არ ყოფილიყო, მე მაინც ჩემი გზა მქონდა. არც მნდომებია არასდროს, საზოგადოებას ოტიას შვილად გავეცანი.

არც ახლა მინდა და არსად ვამხელ, თუ არ იციან. მაგაში საამაყოს ვერაფერს ვხედავ. საამაყო ის იქნება, მე რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, სხვა მოგვარემ რომ ჩემით იამაყოს. ყველამ საკუთარი ცხოვრება უნდა გაკვალოს, გაალამაზოს თავისი სახელი და არა - სხვისი (საუბარი სატელეფონო ზარმა შეგვაწყვეტინა. ბიძაშვილი ვაჩე აღმოჩნდა "ბიძაშვილების ზღაპრიდან", რასაკვირველია, ნამდვილი. წამში "გაგვკილეს" ჟურნალისტები - ი.ხ.)... ისე, რა ვიცი, მართლა ბევრი მეუბნება, ხმით ტემბრითა და ლაპარაკის მანერით ჰგავხარ ოტიასო. ცუდიც არაფერია ამაში, მაგრამ მინდა, ერთადერთი და ხელუხლებელი იყოს და არ მსურს, ჩემი ცხოვრებით დავამძიმო. მე კი საკმაოდ ასაკოვანი ვარ, 1964 წელს დაბადებული, და აღარ მგონია, თავი გამოვიჩინო და ჩემს გვარს რამე შევმატო.

- ვიცი, ისტორიკოსი ხართ და, ამასთანავე, ძალიან კარგად ხატავთ.

- ძალიან კარგად ფიროსმანი ხატავდა (იღიმის)... ვერ გეტყვით, ოტიას მოსწონდა თუ არა ჩემი ნახატები. ამას არასდროს მეტყოდა. ისე კი, რასაც ვხატავდი, მაგისთვის ვხატავდი და ვგრძნობდი, ძალიან სიამოვნებდა. წერაც კი მიცდია. სხვათა შორის, პირველად ვამბობ საჯაროდ. რაღაცებს ვჯღაბნიდი ხოლმე, მაგრამ ამ საქმეს თუ შეეჭიდები, განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვა. ეს კი იოლი არ არის. სხვათა შორის, ოტიას აინტერესებდა ხოლმე ჩვენი აზრი. მახსოვს, ბოლო, ოთხწიგნიანი რომანი - "შავი და ცისფერი მდინარე" რომ დაწერა და ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ვიფიქრე, კიდევ სჭირდება დამუშავება-მეთქი. ვუთხარი კიდეც. ვითომ არც მოუსმენია, არადა, დაუხსომებია. საერთოდ შესაშური მეხსიერება ჰქონდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ერთხელაც, სხვათა შორის, ჩემ გასაგონად თქვა, - ის რომანი სულ გადავწერეო (იღიმის)... ყოველთვის ფურცელზე წერდა, მერე სასწრაფოდ უნდა ამოებეჭდა, კიდევ ჩაასწორებდა, ამოაბეჭდვინებდა და ასე. ბოლოს რომელიღაც ვერსიას ტოვებდა. სათაურისთვის გასაოცარ ასოებს ხატავდა. საერთოდაც, ძალიან კარგად ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში აბარებდა და ქართულში ჩაიჭრა. მერე ამბობდა ხოლმე იუმორით: ჩემი მწერლობით მუდამ იმას ვამტკიცებდი, რომ, ასე თუ ისე, წერა შემეძლოო (იღიმის).

- კულტურის მინისტრს, ბატონ ნიკა რურუას ჰკითხეს, იყავით ოტია იოსელიანის დაკრძალვაზეო და უპასუხა: დაკრძალვაზე სიარულის არანაირ ვალდებულებას არ ვაღიარებო. ეს კონკრეტული პიროვნების თვალსაზრისი იყო, მაგრამ კულტურის მინისტრს, ალბათ, სხვა ვალდებულებები უნდა ჰქონდეს.

- ერთი კაი ანდაზა გვაქვს ქართველებს: "დაგლეჯილი ცხენი დაგლეჯილ ცხენს მონახავსო". რა უნდოდა კულტურის მინისტრს იქ, რატომ უნდა მოსულიყო? ჰოდა, არც მოვიდა და, ალბათ, სწორად მოიქცა. თუ დამიბეჭდავთ, მოუსვლელობისთვის მადლობას ვეტყვი თქვენი გაზეთით.

- ბატონმა ოტიამ მკვახედ იცოდა თქმა, ქართველი საზოგადოებისთვის "მათრახის გადაჭერა" უყვარდა და ხშირად სამართლიანადაც, მაგრამ იმასაც დააყოლებდა, - აღარავის ეყურება ჩემიო. თქვენ როგორ იცხოვრეთ, "გეყურებოდათ"? თუ იმავეს აკეთებდით, რასაც სხვები?

- საკმაოდ რთული და კარგი შეკითხვაა... გულახდილად გეუბნებით, არც მე მიცხოვრია მაგნაირად, ოტიას რომ უნდოდა. დღეს მასე აღარავინ ცხოვრობს, რადგან ამის საშუალება მოისპო. თვითონაც ვეღარ ცხოვრობდა მაგნაირად. კი ბატონო, ჩვენ ვთოხნიდით ყანას, ვხნავდით, მოსავალს ვიღებდით, ვაბინავებდით, მაგრამ ყველაფერი ნაძალადევი იყო. ერთი კაცის საკეთებელს რომ 10 შეეჭიდება, იმას ფასი აღარ აქვს. ქართველი კაცი გაზარმაცდა, წახდა, სინდის-ნამუსი წყალს გაატანა, უწიგნური გახდაო, ხომ ამბობდა? აი, მაგას კი მე სხვანაირად ვიტყოდი: ქართველი კაცი რაც იყო ათასწლეულების წინ, იმად დარჩა. ილიას "ბედნიერ ერს" რომ კითხულობ, არ გგონია, რომ დღევანდელ ქართველზეა ლაპარაკი? დავით აღმაშენებლის მოსვლამდე რა ხდებოდა? მემატიანე წერს, ყველაფერს ფლანგავდნენ, ყიდდნენ, მეფეზეც კი აკეთებდნენ ფულს, თანაც ორჯერ: ჯერ თათრებს მიჰყიდდნენ და ამას მეფის გატაცებას დაარქმევდნენ, მერე ხალხში ააგროვებდნენ ოქრო-ვერცხლს - აბა, თავის ჯიბიდან ხომ არ ამოიღებდნენ - და მეფეს "გამოისყიდდნენ". რა, XI საუკუნეში არ მოჩანს დღევანდელი ქართველის ბუნება? მერე მოდის დავით აღმაშენებელი და 20 წელიწადში ქვეყანაც სულიერად, ზნეობით, შრომისმოყვარეობით და კიდევ მრავალი სიკეთით გამორჩეულია. რა მოხდა ასე უცებ? ერთი ბრწყინვალე ანდაზა გვაქვს: "თევზი თავიდან ყროლდებაო". როგორიცაა თავი, ტანიც ისეთივეა. აღმაშენებელია სათავეში? - ქართველი გამრჯეც არის, სინდის-ნამუსიც აქვს და ყველაფერიც! არ არის აღმაშენებელი? - დამთავრებულია საქმე. ქართველი სულს ჰყიდის ეშმაკს! ასე ვიტყოდი მე...

- ბატონო დაჩი, რამდენი შვილი გყავთ?

- ერთი 22 წლის ოტია მყავს და იმასაც აქვს ჩვენი საგვარეულო ნიშანი - განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა. თქვენვე არ თქვით, ოტია მკვახე ნათქვამით გამოირჩეოდაო? ისიც ხომ თქვით, "დაჩის ზღაპრები" გამორჩეული იყოო. მეც დავუმატებ, რომ გამორჩეული ამბავი არ არის, აგერ იმ ზღაპრების გმირს, ნამდვილ დაჩის რომ ესაუბრებით (იცინის)? არადა, ახლა მე აქ, თქვენთან კი არ უნდა ვლაპარაკობდე, სოფელში უნდა ვიყო - ოტიას საფლავს ვაკეთებ. ეს საფლავიც განსაკუთებული და გამორჩეული უნდა იყოს და მის ბუნებას შეესაბამებოდეს. თვითონაც ასე ისურვებდა.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს