ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის "საშინელებები"

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის "საშინელებები"

ამერიკელი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი საშინელებათა, მისტიკისა და ფენტეზის ჟანრში წერდა, თანაც, მათ ორიგინალურად უთავსებდა ერთმანეთს. ის ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, ლავკრაფტს ლიტერატურულ წინაპრად მიიჩნევდნენ რობერტ ბლოჰი, სტივენ კინგი, ხორხე ლუის ბორხესი...

სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა სიკვდილის შემდეგ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენთვის თანამედროვე მასობრივი კულტურის ფორმირებაზე. მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, რომ ლავკრაფტის ნაწარმოებებს ცალკე ქვეჟანრად ყოფენ - "ლავკრაფტის საშინელებებად".

მომავალი მწერალი 1890 წლის 20 აგვისტოს დაიბადა აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში. ერთადერთი შვილი იყო კომივოიაჟორ უილფრიდ სკოტ ლავკრაფტისა და სარა სიუზან ფილიპსის ოჯახში. ცნობილია, რომ მისი წინაპრები აშშ-ში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ 1630 წლიდან, მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის დროიდან.

სამი წლის იყო, როცა მამამისი უილფრიდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ხუთი წლის განმავლობაში აღსასრულამდე იმყოფებოდა.

ლავკრაფტი დედამ გაზარდა, ასევე ორმა დეიდამ და პაპამ, რომელმაც მომავალი მწერლის ოჯახი შეიფარა. ჰოვარდი ვუნდერკინდი იყო - ზეპირად კითხულობდა ლექსებს ჯერ კიდევ ორი წლის, ექვსი წლის კი საკუთარ ლექსებს წერდა. პაპის წყალობით, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, კლასიკურ ლიტერატურას გაეცნო. კლასიკის გარდა, ასევე გატაცებული იყო გოთიკური პროზითა და "ათას ერთი ღამის" არაბული ზღაპრებით.

6-8 წლის ასაკში ლავკრაფტმა რამდენიმე მოთხრობა დაწერა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. 14 წლისამ დაწერა პირველი სერიოზული ნაწარმოები - "მხეცი გამოქვაბულში".

ბავშვობიდან ტანჯავდა კოშმარული სიზმრები, მაგრამ მათი მართვა ან დროულად გაღვიძება არ გამოსდიოდა. ფრთოსანი არსებები, რომლებსაც "ღამეულ მხეცებს" უწოდებდა, ჰაერში იტაცებდნენ და "ლენგის ამაზრზენ ზეგანზე" მიჰყავდათ. ეს განცდები მწერალმა შემოქმედებაში გამოიყენა. მაგალითად, მოთხრობა "დაგონი" მისი ერთ-ერთი სიზმარია. გაღვიძების შემდეგ ლავკრაფტი საშინელ მდგომარეობაში ყოფილა, მაგრამ საკუთარ თავში უპოვია ძალა და სიზმარი ჩაუწერია. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ეს მოთხრობა გადაიკითხა, მასში არაფერი შეუცვლია, ისე გამოაქვეყნა.

ბავშვობაში ლავკრაფტი ხშირად ავადმყოფობდა და ამის გამო სკოლაში მხოლოდ რვა წლის მიიყვანეს, ერთ წელიწადში კი სკოლას თავი დაანებებინეს. ბევრს კითხულობდა, გატაცებით სწავლობდა ქიმიას, რამდენიმე ნაშრომიც დაწერა, რომლებსაც სამეცნიერო გაზეთში აქვეყნებდა, ოთხი წლის შემდეგ კი სკოლაში დაბრუნდა.

პაპამისი 1904 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახი გაღატაკდა და იძულებული გახდნენ, იმავე ქუჩაზე შედარებით პატარა სახლში გადასულიყვნენ. ჰოვარდი ისე დათრგუნა ამ ამბავმა, თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ნერვული აშლილობის გამო, რომელიც 1908 წელს გადაიტანა, სკოლის დამთავრება ვეღარ შეძლო, რისიც ძალიან რცხვენოდა.

როგორც ითქვა, ლავკრაფტი ფანტასტიკის ჟანრში ბავშვობიდან წერდა, თუმცა მოგვიანებით პოეზიასა და ესეებზე გადაერთო. "არასერიოზულ" ჟანრს მხოლოდ 1917 წელს დაუბრუნდა მოთხრობით "დაგონი", მას მოჰყვა "აკლდამა". "დაგონი" მისი პირველი გამოცემული ნაწარმოები იყო, რომელიც 1923 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "იდუმალი მოთხრობები". იმავე პერიოდში დაიწყო ლავკრაფტმა თავისი მიმოწერა, რომელიც მოგვიანებით XX საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მოცულობის მიმოწერად იქცა. მის კორესპონდენტებს შორის იყვნენ რობერტ ბლოჰი, რობერტ ჰოვარდი და ფორესტ აკერმანი.

ლავკრაფტის დედა სარა ხანგრძლივი ისტერიისა და დეპრესიის შემდეგ იმავე სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდა, სადაც მისი ქმარი გარდაიცვალა და თვითონაც იქ დალია სული 1921 წლის 21 მაისს.

1919-1923 წლებში ლავკრაფტი აქტიურად წერდა მოთხრობებს. იმ პერიოდში 40-ზე მეტი მოთხრობა დაწერა.

მალე მოყვარულ ჟურნალისტთა შეკრებაზე სონია გრინი გაიცნო, უკრაინულ-ებრაული ფესვების მქონე ქალბატონი, რომელიც მასზე შვიდი წლით უფროსი იყო. მათ 1924 წელს იქორწინეს და ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნიუიორკული ცხოვრება ლავკრაფტს არ მოეწონა. რამდენიმე წელში ცოლ-ქმარი გაიყარა და ლავკრაფტი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. არშემდგარი ქორწინების გამო ზოგიერთი ბიოგრაფი გამოთქვამდა აზრს მისი ჰომოსექსუალიზმის შესახებ, თუმცა სონია გრინი, პირიქით, მას "შესანიშნავ საყვარლად" მოიხსენიებდა.

პროვიდენსში დაბრუნებული ლავკ­რაფტი ვიქტორიანული ეპოქის დიდ ხის სახლში ცხოვრობდა 1933 წლამდე. ეს პერიოდი ალბათ ყველაზე საინტერესო და პროდუქტიულია მის ცხოვრებაში. ბევრს მოგზაურობდა ახალ ინგლისში, აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა. თუმცა მწერლური წარმატების მიუხედავად, ფინანსურად საკმაოდ უჭირდა. პატარა სახლში გადავიდა. სწორედ იმ პერიოდში რობერტ ჰოვარდმა მოიკლა თავი, რაც ლავკრაფტისთვის ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. 1936 წელს მწერალს ნაწლავის სიმსივნე აღმოუჩინეს, რაც ხშირი შიმშილობის შედეგი იყო.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი 1937 წლის 15 მარტს გარდაიცვალა მშობლიურ პროვიდენსში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს